ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების დაფინანსება, მეოთხე თვეა, შეჩერებულია.
ერთ-ერთი ასეთია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შეჩერებამ მასში ჩართული სკოლები დააზარალა. ეს ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ სასწავლო წლიდან მხოლოდ მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობას აგრძელებს.
რა გახდა პროგრამის შეჩერების მიზეზი და როდის განახლდება, – ამის გასარკვევად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორს, მარინა უშვერიძეს დავუკავშირდით.
მან კონკრეტული მიზეზი არ დაგვისახელა და გვიპასუხა: „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 2024 წლის 31 ივლისის განკარგულების შესაბამისად, დროებით შეჩერებულია აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ დახმარება, რაც ასევე მოიცავს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გარკვეულ კომპონენტებს, რომლებიც საჯარო უწყებებს, მათ შორის სკოლებს ეხება. სამწუხაროდ, ვერც პროგრამის განახლების თარიღის შესახებ გეტყვით რამეს“.
როგორ დაზარალდნენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლები და კონკრეტულად რა ფორმით გრძელდება ეს პროგრამა, – ამ შეკითხვებით პროგრამის კოორდინატორს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მივმართეთ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების ხუთწლიან პროგრამაში 2022 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 650 სკოლა შეირჩა, იმერეთის რეგიონში 93, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან – ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის საჯარო სკოლები.
პროგრამის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა. პროგრამა ითვალისწინებს:
– ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში,
– სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობას,
– ბიზნესისა და სკოლების თანამშრომლობას.
პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთში ამ პროგრამის რეგიონული პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“.
„7-9 ნოემბერს იმერეთიდან და მათ შორის ხარაგაულიდან, კონკურსით შერჩეული სამ-სამი მოსწავლე წყალტუბოში მოვიწვიეთ და სამომავლო გეგმებზე ტრენინგი ჩავუტარეთ, – ამბობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი იმერეთში, „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი ლანა თოთაძე, – მოსწავლეებმა მუნიციპალურ დონეზე უნდა შექმნან სამოქალაქო კლუბი, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს. კლუბის წევრობა მუნიციპალიტეტში მოქმედი ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია. როდის გავაგრძელებთ სკოლებთან თანამშრომლობას, ეს USAID-ის სათაო ოფისიდან, ჯერჯერობით, არ უთქვამთ“.
„ჩვენი სკოლისთვის ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მაქაძე, – პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სასარგებლო პროექტებს ახორციელებდნენ. ისინი თანამედროვე მოქალაქის უნარ-ჩვევებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობებს კარგად იაზრებდნენ. სასკოლო საზოგადოების გააქტიურება ხომ საბოლოოდ მთელი საზოგადოების გაძლიერებას ნიშნავს.
სკოლა მუდმივად მარაგდებოდა ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო საკანცელარიო ნივთებითა და ინვენტარით. ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდებოდა – პროექტის ფარგლებში მოწოდებულ რესურსებზე მიღება-ჩაბარების აქტები შევადგინეთ. მოსწავლეებისთვის ეს პროგრამა გრძელდება, თუმცა, თითქოს უმოტივაციოდ ვართ“.
კიცხის საჯარო სკოლამ გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა მელქაძე ამბობს, რომ სკოლამ ამით სარგებელი მიიღო.
„მოსწავლეები სულ მთხოვენ, რომ პროექტები გავაგრძელოთ, – ამბობს ეკა მელქაძე, – ამიტომ გარკვეულ აქტივობებს ჩვენი ინიციატივით ვახორციელებთ. ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლეთ, მაგალითად, პროექტების წერა. სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა გაძლიერდა. სამწუხაროა, რომ პროგრამა შეჩერდა“.
„სკოლაში კლუბები მუშაობდა, მოსწავლეები აქტიურობდნენ და მთელი სკოლა საინტერესო პროექტებში ერთვებოდა, – ამბობს თამარ მაღლაფერიძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, – ის, რასაც გასულ წლებში ვაკეთებდით, ვაგრძელებთ, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, როგორც პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის პირობებში. ვფიქრობ, რამდენიმე მოსწავლის ჩართულობა საბოლოო მიზნის მისაღწევად არასაკმარისია“.
2024 წლის გაზაფხულზე ბორის საჯარო სკოლამ „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული მოიპოვა და პროგრამაში ჩართულ სხვა სკოლებს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის შედეგებს უზიარებდა.
„ბორის სკოლას ამერიკელ დონორებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, – ამბობს ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია ბარბაქაძე, – სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებს შორის კონკურენცია იყო. ამიტომ ყველა ვცდილობდით, მაღალი დონის პროექტები შეგვექმნა და დაფინანსება მოგვეპოვებინა. ახლა ყველაფერი მოსწავლეებს მიანდეს. ცოტა ინტერესმაც იკლო და მოსწავლეების ჩართულობის მასშტაბურობა მეეჭვება“.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა შედეგზე იყო ორიენტირებული და ხელს უწყობდა სკოლების თანამშრომლობას. მისივე თქმით, ხორციელდებოდა პროექტები, რომლებიც როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სოფლის საჭიროებებზე იყო მორგებული და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობდა.
ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ სკოლაში კლუბური მუშაობა გრძელდება. თუმცა მეტად მოტივირებულები იყვნენ, როცა ფართო საზოგადოების წინაშე, რეგიონის მასშტაბით, საქმიანობა უნდა წარმოეჩინათ“.
„მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად ამ პროგრამის ფარგლებში სკოლაში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ პროექტი განვახორციელეთ, – ამბობს ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რაგული კალანდაძე, – მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ინფორმაცია ამ საკითხებზე პროფესიონალებმა – ასოციაცია „ჰერა XXI“-ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებდით. პროექტში ჩართული ყველა სკოლის სურვილია, რომ USAID-ისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა გაგრძელდეს“.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამ სასწავლო წლიდან მხოლოდ მოსწავლეებისთვის გრძელდება, კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ზვიადაძე და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ციცქიშვილი დატრენინგდნენ. ანა ზვიადაძე ამბობს, რომ რვა სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით სამოქალაქო კლუბი ჩამოაყალიბეს.
ეს კლუბი 33 მოსწავლეს აერთიანებს. „კიცხის, ხიდარის, ხარაგაულის #2 და #3, სკოლა-გიმნაზიის, მარელისის, ბაზალეთისა და ბორის სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების შესახებ პროექტის განხორციელება დავგეგმეთ, – ამბობს ანა, – ჩავატარებთ კვლევას, თუ რა იციან ამ საკითხზე სკოლის მოსწავლეებმა და მოსახლეობამ. ამის მიხედვით საინფორმაციო კამპანიას შევიმუშავებთ. ადამიანის უფლებებზე ხატვის კონკურსს ჩავატარებთ. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 2025 წლის 17 იანვარს ქუთაისში შედგება“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, 2023-2024 აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქუთაისში (29 მაისი, 2024 წ.).
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი