საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩემი იმერეთის“ გუნდი ქალთა შრომითი უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ პროექტზე მუშაობს.

დავინტერესდით, როგორი პრაქტიკა და გამოცდილება არსებობს ქალთა შრომის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამის გასარკვევად ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტ ქალებს დავუკავშირდით.

ისინი გვიამბობენ, თუ როგორ არის დაცული ამ სამ ქვეყანაში ქალთა შრომითი უფლებები სამსახურში აყვანის, ხელშეკრულების გაფორმების, დეკრეტული შვებულების, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის დროს.

 

 

ესპანეთში მარტოხელა დედებს დიდი ფინანსური მხარდაჭერა აქვთ

ორი ათეული წელია, რაც მაკა გაჩეჩილაძე ესპანეთში ცხოვრობს.

ის ბარსელონაში რიერა ბლანკას აფთიაქის ფარმაცევტია.

მაკა გვიამბობს, რომ ესპანეთში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა 1910 წლიდან დაიწყეს. პირველი მანიფესტაცია ბარსელონაში 1910 წლის 10 ივლისს ანხელ ლოპეზ დე აიალას ხელმძღვანელობით გაიმართა. 1918 წელს დაარსდა ესპანელ ქალთა ნაციონალური ორგანიზაცია. ქალთა პოლიტიკური, პროფესიული და სამუშაო უფლებების დასაცავად კანონი გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიღეს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ქალთა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად, – ამბობს მაკა გაჩეჩილაძე, – მაგრამ სრული გენდერული თანასწორობა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

ამჟამად ესპანეთში სახელმწიფოს მხრიდან მრავალმხრივი დახმარება აქვს მოსამსახურე დედას.

პირველი შვილის დაბადების შემდეგ 1000 ევრო ერიცხება. ქალი მშობიარობის შემდგომი 4 თვე ბიულეტინზე იმყოფება, ამას ემატება 15 დღე ლაქტაციისთვის.

დიდი ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მარტოხელა დედებს. სახელმწიფო ყოველ თვეში უხდის საარსებო მინიმუმს, კვების თანხას, ბავშვების სკოლაში სწავლის საფასურსა და წიგნების შესაძენ თანხას. მარტოხელა დედას შეუძლია მოითხოვოს სამსახურში სამუშაო საათების შემცირება.

ვერც ერთი დაწესებულება სამსახურიდან ორსულ ქალს ვერ დაითხოვს.

ჩვენი აფთიაქის ადმინისტრაციას აქვს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ვალდებულებაა ორსული ქალის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ასევე მშობიარობის შემდგომი 4-თვიანი ბიულეტენის დროს ხელფასის 100%-ის გადახდა.

ქალი თავის მხრივ ვალდებულია, დროულად შეატყობინოს დაწესებულებას ორსულობის შესახებ, რომ ადმინისტრაციამ ყველა დოკუმენტი მოამზადოს, აგრეთვე მოძებნოს ახალი თანამშრომელი, რომელიც ორსულის ბიულეტინზე ყოფნის პერიოდში იმუშავებს.

დისკრიმინაციაზე საუბარიც კი ზედმეტია. სამუშაოზე აყვანისას ქალსაც და კაცსაც ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა აქვთ.

ჩვენი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი საათი ფეხზე დგომა გვიწევს და ამიტომ უსაფრთხოების წესებზე ხშირად გვესაუბრებიან. გვეძლევა უნიფორმა, ფეხსაცმელი. გააჩნია, რამდენ საათს მუშაობ – იმის მიხედვით გამოგვეყოფა შესვენებისა და კვების დრო“.

 

 

გერმანიაში მოქალაქეების დასაქმებაზე სკოლის ასაკიდანვე ზრუნავენ

მეოთხე წელია, ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიის ქალაქ მარიენბერგში ცხოვრობს. ამჟამად ნესტანი სამსახურს ეძებს. გერმანიაში ცხოვრების უფლების მოპოვების შემდეგ ოჯახს სახელმწიფოსგან დაწესებული შეღავათები გაუუქმდება და ხარჯი გაეზრდება. ამიტომ მეუღლის ხელფასი, შესაძლოა, ყველა ვალდებულების დასაფარად არასაკმარისი იყოს.

„ქალების და მამაკაცების სახელფასო ანაზღაურება გერმანიაშიც განსხვავებულია. გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, ეს სხვაობა 19%-ს აღწევს. ეს, ძირითადად, იმითაა განპირობებული, რომ დასაქმებული ქალების 62% 0,5 განაკვეთზე მუშაობს.

ახლა მეც რომ არჩევანის შესაძლებლობა მქონდეს, 0,5 განკვეთზე მუშაობას ავირჩევ, რადგან პატარა შვილები მყავს და ოჯახისთვის მეტი დრო მჭირდება.

მთავრობა ბავშვიან ქალებზე ზრუნავს და „მშობლის შემწეობას“ ურიცხავს. ეს ქალისთვის დიდი სტიმულია. დეკრეტული შვებულების ამოწურვის შემდეგ სამსახურში დაბრუნებულ ქალს კარიერულ წინსვლაში ეხმარებიან.

აქ ყველაფერს კანონი არეგულირებს. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც ცდილობენ, ყველა წესი დაიცვან. სამსახურში აყვანისას დეტალურ ინფორმაციას გაწვდიან შესასრულებელი სამუშაოსა და ანაზღაურების შესახებ.

გერმანიაში მოქმედებს დასაქმების სააგენტო, რომელიც ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. დასაქმების მსურველები თავის მონაცემებს ამ სააგენტოში აგზავნიან.

დასაქმების სააგენტო მოქალაქეების დასაქმებაზე სკოლის ასაკიდანვე ზრუნავს. უფროსკლასელებს სკოლაში უკავშირდებიან და სხვადასხვა სფეროებში პრაქტიკის გავლას სთავაზობენ.

თუ ქალი დაორსულდა, მას თანხას სახელმწიფო უხდის. ბავშვის დაბადებიდან ორი წლის განმავლობაში მშობელი სახლშია და ყოველთვიურად ხელფასის ტოლ თანხას იღებს, ასევე თითოეულ ბავშვზე – თვეში 200 ევროს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველგან ადაპტირებული გარემოა. თუ ასეთმა პირმა ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა, დამსაქმებელი შრომის სააგენტოს უკავშირდება და წინასწარ იძიებს, რამდენად შეძლებს ეს პირი კონკრეტული სამუშაოს შესრულებას. შშმ პირს უნდა დაუსაბუთონ, თუ რატომ არ აიყვანეს სამსახურში. შრომის კანონით განსაზღვრულია, რომ თუ დამსაქმებელს კომპანიაში 20 თანამშრომელი ჰყავს, აქედან ხუთი შშმ პირი უნდა იყოს.

ევროკავშირში თითოეული ადამიანის შრომა და შესაძლებლობები სათანადოდ დაფასებულია.

ზეგანაკვეთურ შრომაზე ინფორმაცია არ მაქვს, რადგან აქ ზუსტად იმდენი თანამშრომელი ჰყავთ, რამდენიც კონკრეტული საქმის შესრულებისთვის საჭიროა.

მინიმალური ანაზღურება გერმანიაში საათში 9 ევრო და 80 ცენტია. ამ წესსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მუხლებს ვერავინ დაარღვევს.

რვასაათიანი სამუშაო დრო გერმანიაში დილის რვა საათზე იწყება და 16:00 საათზე მთავრდება.

სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ახლის პოვნამდე სახელმწიფო შემწეობას გიხდის. პანდემიის პერიოდში ოჯახებმა 300-300 ევრო ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად დამატებით მივიღეთ“.

ზოგადად გერმანელები, ძალიან შრომისმოყვარე ხალხი არიან. მათი სამუშაოს დაწყება-დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სამუშაო ცვლა და განაკვეთი აქვთ.

ასევე განმსაზღვრელია, თუ რა პროფესიის ადამიანები არიან; მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, კლინიკებში მუშაობას 6 საათიდან იწყებს, მაგრამ მძღოლები დილის 5 საათზე უკვე მგზავრებს ემსახურებიან.

ბიუროების უმრავლესობა, ასევე სადაზღვევო კომპანიები, შედარებით გვიან იწყებენ მუშაობას. დილის 8:00 ან 9:00 საათიდან და 16:00 საათისთვის უკვე ამთავრებენ.

მთავარი ის არის, რომ ყველა ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კანონი არის უზენაესი და ყველა ემორჩილება მას.

 

საფრანგეთში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უმუშევარი არავინ იყოს

მაკა ბაბუაძე საფრანგეთში 23 წლის წინ გაემგზავრა. 2014 წელს მაკა დაოჯახდა და ახლა მეუღლესთან და 4 წლის ქალიშვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს.

„ნურავის ეგონება, რომ აქ იდეალური ცხოვრებაა და ადამიანის უფლებები არ ირღვევა, – ამბობს მაკა, – მაგრამ მთავარია ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი გიცავს.

სამსახურში აყვანისას პირდაპირ არ გკითხავენ, დაოჯახებული ხარ და შვილის გაჩენას აპირებ თუ არა. თუმცა შენს შესახებ რეზიუმეში უნდა მიუთითო ასაკი და ოჯახური მდგომარეობა.

CV-ზე აქამდე აუცილებელი იყო ფოტოსურათის დართვა. ეს დისკრიმინაციულად ჩათვალეს და მეორე წელია, ეს სავალდებულო მოთხოვნა აღარ არის. მთავარია, დასაქმების მსურველი იყოს კომპეტენტური იმ კონკრეტული სამსახურისთვის.

ხუთი წლის უკან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, დაწესებულებები, სადაც შშმ პირები მუშაობენ, სახელწიფო გადასახადებისგან გარკვეული პროცენტით თავისუფლდებიან.

ვაკანსიის გამოცხადებისას დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მიუთითოს იმ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად ქალი სჭირდება თუ კაცი. თუ ასეთი რამ მითითებული არ არის, მაშინ განაცხადის წარდგენის უფლება ორივეს აქვს.

ისეთ მძიმე სამუშაოზე, როგორიცაა მაგალითად, მშენებლობა, თევზჭერა, თუ დამსაქმებელი ქალსაც აიყვანს, კომპანია პრივილეგიებით ისარგებლებს.

საფრანგეთში სახელმწიფო სამსახურებში ქალები და კაცები პროპორციულად არიან დასაქმებულები.

ფეხმძიმე ქალი მშობიარობამდე 6 კვირით ადრე გადის დეკრეტულ შვებულებაში და ის ხელფასის ტოლ თანხას იღებს ათი კვირის განმავლობაში.

საფრანგეთში 35-საათიანი სამუშაო კვირაა. მინიმალური ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 1 250 ევროა. თუ სამსახურის გარეშე დარჩი, ყოველთვიური კომპენსაცია გეძლევა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იმუშავე. ეს საკომპენსაციო თანხა ყოველთვიური ხელფასის 56%-ია.

სამსახურებში სექსუალური შევიწროების ფაქტები საფრანგეთში არც თუ ისე ცოტაა. ყველა სამსახურს ჰყავს თავისი მობილური ჯგუფი, რომელიც ამ კუთხით შრომის უსაფრთხოებას ამოწმებს. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ჯერ ამ სამსახურს მიმართავს და ასე ვთქვთ, „შიდა სასამართლო“ იმართება. ყველა კომპანია ძალიან უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას. ამიტომ, ვიდრე შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ შრომის ინსპექციას აცნობებენ, პრობლემების მოგვარებას თავად ადგილებზე ცდილობენ.

საფრანგეთში მე და ჩემს მეუღლეს ათწლიანი ცხოვრების უფლება გვაქვს. ამჟამად არ ვმუშაობთ. გარდა უმუშევრობის კომპენსაციისა, პანდემიის გამო, სახელმწიფოსგან ოჯახის თითოეულ წევრზე 400 ევრო გვერიცხება.

სამუშაოს მაძიებლებისთვის სახელმწიფო შემწეობები წლიდან წლამდე მცირდება, აქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უმუშევარი არავინ იყოს.

საფრანგეთში მემარცხენე პარტიების წარმომადგენლები სამუშაო დროის ორი საათით გაზრდაზე საუბრობენ, მემარჯვენე პარტიები კი ამბობენ, რომ ცხოვრება მარტო მუშაობა არ არის.

შრომითი ექსპლუატაციის შედეგად მიღებული პროდუქციის რეალიზაცია ევროკავშირში  აკრძალულია.

შრომასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროპის ქვეყნებში თითქმის ყველა სოციალური ჯგუფის საჭიროებებზეა მორგებული“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ქალთა შრომა ბულგარეთში  – ქალებს მთელს მსოფლიოში გაძლიერება სჭირდებათ