სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ მიერ განხორციელებული პროექტი – „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“ დასრულდა.
პროექტი ერთი წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხორციელდებოდა. 15 მოხალისე მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან შეირჩა. მოხალისეებად შეირჩნენ გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი იყო მოხალისეების ჩართვა მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის არსებულ კომუნიკაციაში, ასევე გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება.
„ნაკრესის“ სამცხე- ჯავახეთის პროგრამის დირექტორის, ლევან თაბუნიძის თქმით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დასახული მიზნები მიღწეულ იქნა.
„სათემო რეინჯერის კონცეფცია გულისხმობს თემის აქტიურ ჩართულობას დაცული ტერიტორიების საქმიანობაში,- ამბობს ლევან თაბუნიძე,- ეს თხუთმეტი მოტივირებული ახალგაზრდა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.
ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თემში, სამეგობროსა და გარემომცველ საზოგადოებაში დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. შესაბამისად, ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანი მიღწეულია.
მოხალისეების ინტერესი ამ პროექტით არ დასრულდება. ისინი შეეცდებიან, ამ კუთხით არსებული ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ.
„ნაკრესი“ ამ მხრივ კვლავ გააგრძელებს მუშაობას. გვსურს, რომ ეს პროექტი სხვა დაცულ ტერიტორიებზეც განხორციელდეს. ამისთვის სხვადასხვა საშუალების მოძიებას შევეცდებით.
ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები ნებისმიერ დაცულ ტერიტორიაზე შეძლებენ თავდაჯერებულად გაიარონ კონკურსი და დაამტკიცონ სამსახურში მათი აყვანის საჭიროება. ისინი დაცულ ტერიტორიაზე დასაქმებისთვის ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ“.
15 მოხალისეს შორის პროექტში სამი ხარაგაულელი ახალგაზრდაც იყო ჩართული. ნინო ჭიპაშვილი, მიხეილ ჯოგლიძე და ნინო მაღრაძე აღნიშნავენ, რომ ამ ერთწლიანმა პროექტმა მათ დიდი გამოცდილება შესძინა. პროექტი თავდაპირველად თეორიული ხასიათის იყო.
მოხალისეებმა ფოტოხაფანგების დაყენება, მოპოვებული მასალის გაშიფვრა და ანალიზი შეისწავლეს. ამის შემდგომ, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება დაიწყეს. სათემო რეინჯერებს „ნაკრესის“ თანამშრომლებთან ერთად საველე გასვლები ჰქონდათ.
ნინო ჭიპაშვილს ველზე განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობა განსაკუთრებულად ახსოვს. ის აღნიშნავს, რომ ამ პროექტმა მას დიდი გამოცდილება შესძინა. ეკოლოგიასა და ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციით აღიჭურვა.
„ამ პროექტის ფარგლებში გავეცანით რეინჯერის საქმიანობას, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნებას ერთგულად იცავენ. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ ყველა ადამიანი გარემოს დამცველი უნდა იყოს. უნდა იფიქრო, რომ ეს სამყარო შენია და მისი სიკეთეც და ბოროტებაც შენზეა დამოკიდებული.
ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაგვრთეს. ხშირად გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ჩვენ ელჩები ვართ. ეს მართლაც ასეა. ყველა ადამიანი ეკოლოგი უნდა იყოს და იზრუნოს მის გარშემო არსებული გარემოს დაცვაზე.
„ნაკრესი“ ეს არის ერთი დიდი გუნდი, სადაც ბუნებისა და თავიანთი საქმის მოყვარული ადამიანები ერთიანდებიან. მიხარია, რომ მათი გაცნობის შესაძლებლობა მქონდა“- ამბობს ნინო ჭიპაშვილი.
„სათემო რეინჯერის პროექტი ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით, – ამბობს მიხეილ ჯოგლიძე, – ამ პროექტმა ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო – ტრენერები, ორგანიზატორები და რაც მთავარია, დანარჩენი 14 მოხალისე. მათი სახით კარგი მეგობრები შევიძინე.
პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაში დამეხმარება. პროფესიით ბუნებათსარგებლობის მაგისტრი ვარ. სამაგისტრო ნაშრომი ირმებზე გავაკეთე. შესაბამისად, სათემო რეინჯერის გამოცდილება ჩემს პროფესიასთან პირდაპირკავშირშია“.
ნინო მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ბუნების კონსერვაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ფიქრობს. შესაბამისად, სათემო რეინჯერის პროექტი მისთვის პროფესიული ზრდის თვალსაზრისით კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
„ეკოლოგობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა. მასთან დაკავშირებული ყველა პროექტი კი ჩემთვის საინტერესოა. პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ქალებს.
ვფიქრობ, მსგავსი პროექტები კიდევ უნდა განხორციელდეს, რათა ახალგაზრდებმა ისწავლონ ის, თუ რამდენად საინტერესოა ბუნებასთან ურთიერთობა. ჩვენი ყველა საველე გასვლა შესანიშნავ ემოციებსა და მოგონებებს ინახავს. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გასვლა აბასთუმანში იყო, როცა პირველმა დაყენებულმა ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა. თითქმის შეუძლებელია მაშინ ჩემ მიერ განცდილი ემოციების გადმოცემა“, – ამბობს ნინო მაღრაძე.
ბორჯომში, პროექტის დახურვის ცერემონიაზე, სათემო რეინჯერებმა თავიანთი მუშაობის ერთწლიანი შედეგები წარადგინეს. მათ სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
მთა ადამიანებს შორის სიყვარულს აღვივებს“ – ნინო ჭიპაშვილი
სათემო რეინჯერების პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება
სათემო რეინჯერები ხარაგაულიდან
რას აპირებს „ნაკრესი“ „სათემო რეინჯერებისა“ და „მოხალისე მეხანძრეების“ პროექტებით
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.