სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და მიმდებარე რეგიონში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“.
ამ პროექტის ფარგლებში 15 მოხალისე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ქალაქებიდან და დასახლებებიდან შეირჩა.
მათ შორის არის სამი ხარაგაულელი მონაწილე – ნინო ჭიპაშვილი, მიხეილ ჯოგლიძე და ნინო მაღრაძე. ისინი აღნიშნავენ, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე დიდი გამოცდილება მიიღეს. ერთი წლის განმავლობაში კი უფრო ფართოდ ჩაერთვებიან მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციაში, მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და შეისწავლიან დაცული ტერიტორიების სისტემასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს.
თავდაპირველად მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში „ნაკრესის“ თანამშრომლებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ამ ტრენინგზე თეორიულად შეისწავლეს ფოტოხაფანგების დაყენება, მოპოვებული მასალის გაშიფვრა და ანალიზი.
ამის შემდგომ, მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულად დაიწყეს. სათემო რეინჯერები „ნაკრესის“ თანამშრომლებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ საველე გასვლებზე. მათმა დაყენებულმა ფოტოხაფანგმა ბრაკონიერობის სამი ფაქტი აღმოაჩინა. მასალა გადასცეს შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
ნინო ჭიპაშვილს ეკოლოგია და ბუნების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის აინტერესებდა. ამ პროექტით მან ბევრ კითხვაზე მიიღო პასუხი.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და რეინჯერების საქმიანობაზე მინდა ბევრი გავიგო, – ამბობს ნინო ჭიპაშვილი, – გამიმართლა, 15 მოხალისეს შორის რომ აღმოვჩნდი. ძალიან კარგი გუნდია; გარდა ამისა, გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა. საოცარ გრძნობას იწვევს ფოტოხაფანგების ნახვა, როცა წარმოიდგენ, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა შენ დგახარ, ორი დღის წინ დათვმა, ან სხვა ცხოველმა გაიარა.
ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკს უკვე ისე გავეცანი, რომ შეიძლება აღარც დავიკარგო. იქ სულ 9 ბილიკია, ხეებზე პირობითი ნიშნებია. ამ პირობითი ნიშნების ფერები იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რამდენად რთულია გზა. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ სათემო რეინჯერის საქმიანობა შევისწავლე და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა“.
მიხეილ ჯოგლიძე ბუნებათსარგებლობის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტია. სურდა, ამ პროექტის საშუალებით, პიროვნულად და პროფესიულად განვითარებულიყო. ის აღნიშნავს, რომ მისი წინასწარი განწყობები მართლდება.
„იმ თორიულ გამოცდილებას, რაც უნივერსიტეტში მივიღე, ამ ერთწლიანი პროექტის საშუალებით პრაქტიკაში ვახორციელებ. უშუალოდ ველზე ვმუშაობთ და ბიომრავალფეროვნებაზე ვაწარმოებთ მონიტორინგს, – ამბობს მიხეილ ჯოგლიძე, – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა დაცულ ტერიტორიაზე რომ ყოფილიყო ეს პროექტი, ალბათ, არ დავინტერესდებოდი.
ჩემი გადმოსახედიდან, ეს თეორიული ცოდნა და მერე ამის პრაქტიკაში განხორციელება არ რჩება გარიყულად. ცნობიერება გარემოს სასიკეთოდ იცვლება. ყველა ამ პროექტის მონაწილე მოწადინებულები ვართ, გარემის დაცვაზე ვიზრუნოთ“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ნინო მაღრაძეც აღნიშნული პროექტის მონაწილეა. ის სოფელ მარელისიდანაა. მას სურს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს მოახმაროს.
„კარიერული განვითარების მიზნით ეს პროექტი ჩემთვის ძალიან კარგია. ტრენინგებს პროფესიონალები გვიტარებენ და მათგან დიდ გამოცდილებას ვიღებთ, – ამბობს ნინო, – ეკოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ამ სფეროში მინდა განვითარდე. ხარაგაულიდან ვარ და პროფესია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სიყვარულით ავირჩიე“.
„ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ პროექტი „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სათემო რეინჯერის“ იდეის განვითარებაში. ეს იდეა ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში დაცული ტერიტორიების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მათ ჩართულობასა და მონაწილეობას დაცული ტერიტორიების საქმიანობაში“, – ამბობს ლევან თაბუნიძე.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე:
რას აპირებს „ნაკრესი“ „სათემო რეინჯერებისა“ და „მოხალისე მეხანძრეების“ პროექტებით
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.