9-11 აპრილს ბორჯომის, ხარაგაულის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე თბილისიდან შერჩეულ 15 მოხალისეს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა „ნაკრესის“ პროექტის – „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“ ფარგლებში.
ტრენინგის მონაწილეები პირველ ორ დღეს გაეცვნენ დაცული ტერიტორიების შექმნისა და ჩამოყალიბების მიზანს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საკითხებს.
ტრენინგის მესამე დღეს „სათემო რეინჯერები“ ფოტოხაფანგებსა და GPS მოწყობილობებს გაეცვნენ. შემდეგ ფოტოხაფანგები დამოუკიდებლად დაამონტაჟეს; შეისწავლეს GPS კორდინატების და ტრეკის დაფიქსირება, მონაცემების გადატანა, დამუშავება და დარუკება.
„ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ ევროპის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სათემო რეინჯერის“ იდეის განსავითარებლად, რადგან ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში დაცული ტერიტორიების მიმართ ცნობიერების ამაღლებას და დაცული ტერიტორიების საქმიანობაში მათ ჩართულობას.
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ საქართველოს ბუნების დაცვის, შენარჩუნების, აღდგენისა და შესწავლის საკითხებზე 1989 წლიდან მუშაობს. „ნაკრესი“ სამეცნიერო კვლევებსა და მონიტორინგს საქართველოს რეგიონებსა და დაცულ ტერიტორიებზე ატარებს. ამ ორგანიზაციის მიზანია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი მოსახლეობის ბუნების დაცვის საქმიანობაში ჩართვა.
„ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და სამომავლოდ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება.
– ბატონო ლევან, ზაფხულის სეზონი ახლოვდება. ამ დროს საკმაოდ იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი?
– ბორჯომში 2021 წლის თებერვალში დავასრულეთ სამწლიანი პროექტი „მოხალისე მეხანძრეები“. ამ პროექტის ფარგლებში ბორჯომში მცხოვრებ მოხალისე მეხანძრეებს პოლონელმა ექსპერტებმა ტრენინგები ჩაუტარეს; არაერთი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ.
ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, სპეციალური საინტერპრეტაციო დაფები განთავსდა. მოხალისე მეხანძრეები სასწავლო ტურით იმყოფებოდნენ პოლონეთში, სადაც გაეცნენ პოლონეთის ტყის ხანძრების მართვის სისტემას, ტყის ხანძრების პრევენციულ ღონისძიებებსა და მოხალისეთა ჯგუფებს, რომელთაც პოლონეთში საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნია.
პროექტის ფარგლებში, ტყის ხანძრების თემაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოციალური ვიდეორგოლები შეიქმნა. ეს სამწლიანი პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ მან ტყის ხანძრების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო.
– ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებისთვის SMART პატრულირების ტრენინგებს ატარებთ. რას ნიშნავს SMART პატრულირება? რა უპირატესობები აქვს მას და რას გააუმჯობესებს, ზოგადად, ბუნების დაცვის პროცესში?
– ამ პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეინჯერებისათვის შევიძინეთ სმარტფონები, რომლებშიც ინტეგრირებულია სპეციალური აპლიკაცია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერები პატრულირებისას გამოიყენებენ სმარტფონებს, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებასა და კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას.
ეს პროექტი ითვალისწინებს ამ ორივე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებისათვის ტრენინგების ჩატარებასა და პროგრამის საბოლოო დანერგვას. „ნაკრესი“ კავკასიის ბუნების ფონდთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით აგრძელებს SMART პატრულირების დანერგვას და წელს დაგეგმილია ამ პროგრამაში რვა დაცული ტერიტორიის ჩართვა.
– გაზაფხულზე ხშირია დათვის ბელების დაჭერის ფაქტები. რას ეტყვით მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით?
– „ნაკრესი“, საერთაშორისო ორგანიზაცია World Animal Protection-თან ერთად, ტყვე დათვებს აღრიცხავს, – არაკანონიერ საკუთრებაში მყოფი დათვების რაოდენობას დავადგენთ. ტყვე დათვების პრობლემაზე მუშაობა „ნაკრესმა“ 1990-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე მონიტორინგს ვაწარმოებთ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 30-35 დათვია არაკანონიერ მფლობელობაში. დათვები ტყვეობაში, ძირითადად, ბრაკონიერობის გზით ხვდებიან. დატყვევებული ცხოველები უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის გალიებში ჰყავთ და მათთვის უვარგის საკვებს აჭმევენ. ხშირად ისინი, კლიენტების მიზიდვის მიზნით, გზისპირა რესტორნებსა და ბენზინგასამართ სადგურებთან ჰყავთ განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ასაკის ტყვე დათვების ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ახალ გარემოს ვეღარ ეგუებიან და ისევ ადამიანებთან ბრუნდებიან. ასევე ვერ ხერხდება მათი ზოოპარკში გადაყვანა, რადგან ის რეკონსტრუქციის პროცესშია და დამატებითი ინდივიდების მიღების საშუალება არ აქვს. ამდენად, პრობლემის მოგვარების გზა არის ცალკე თავშესაფრის აშენება, შესაბამისი კვებისა და პირობების უზრუნველყოფით. ამ პრობლემების გადასაჭრელად გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ.
„ნაკრესის“ ეს პროექტი ასევე მიზნად ისახავს დათვის ბელების ნაწილებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას. ამისათვის ჩავატარებთ მოკვლევას საგაზეთო და ინტერნეტ განცხადებებში და ადგილობრივ ბაზრებზე. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება საქართველოში დათვის ბელების ნაწილებით უკანონო ვაჭრობის მასშტაბი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად შესაბამის ზომებს მივიღებთ.
დათვის უკანონოდ მოპოვება და მოკვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარითაა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ, რომ დათვის ბელები ველური ბუნების ნაწილია და ჩვენი თუნდაც ე.წ. „კეთილი განზრახვა“, რომ სახლში წამოვიყვანოთ, ამ სახეობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა.
– თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ მიამბეთ.
– ნაკრესი“ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ბიომრავალფეროვნების კვლევას ახორციელებს. კავკასიის რეგიონში პირველად, ლაგოდეხის ნაკრძალში, დაიწყო აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული კვლევა. დაჭერილია ექვსი ინდივიდი, GPS/სატელიტური საყელოს დასამაგრებლად. ამის შემდგომ ისინი ბუნებაში დაბრუნდნენ.
ტელემეტრიულმა კვლევამ უნდა გამოავლინოს აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ისეთი ეკოლოგიური ასპექტები, როგორებიცაა მოძრაობა, ვერტიკალური მიგრაცია, ჰაბიტატის გამოყენება და საცხოვრებელი ტერიტორიის სპექტრი.
მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება ლაგოდეხში ჯიხვების მონიტორინგის მეთოდების გასაუმჯობესებლად. მთის ჩლიქოსნების ხანგრძლივი კონსერვაციისთვის კვლევა გამოკვეთს მართვის საუკეთესო პრაქტიკებს.
მიმდინარეობს კვლევა მაჭახელას ეროვნულ პარკში. სამომავლოდ ვგეგმავთ კავკასიური კეთილშობილი ირემის მონიტორინგს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
ლიკა ხიჯაკაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.