შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ 8 ნოემბერს გაიხსნა და პირველი ათი სტუდენტიც მიიღო.

სკოლის მოდელი შვეიცარიის ცნობილი და სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის plantahop-ის 200-წლიან გამოცდილებას ეფუძნება. ევროპის მასშტაბით ვინმეს თუ ფერმერობის შესწავლა სურს, განათლების მისაღებად სწორედ ამ კოლეჯში მიდის.

„კავკასიაში“ მოკლევადიან პროგრამებთან ერთად, გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აქვთ. აქ სწავლა ორი წლის განმავლობაში 90 ათასი ლარი ღირს. სწავლის საფასურის  90%-ს, ანუ 82 ათას ლარს, დაფარავენ სპონსორები, რომელთა მოძიებასაც თავად სკოლა უზრუნველყოფს. სტუდენტს წლიურად მხოლოდ 4 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

„კავკასიაში“ სპეციალისტები შვეიცარიიდან, კონკრეტულად კი plantahop-ის კოლეჯიდან ჩამოჰყავთ. ისინი ქართველ სტუდენტებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. სწავლა გერმანულ ენაზე მიმდინარეობს და უდიდესი ყურადღება პრაქტიკულ მეცადინეობას ეთმობა.

კოლეჯი დმანისში, სოფელ სარკინეთში მდებარეობს. ის ქართულ- შვეიცარიული სტანდარტებისაა და მისი მშენებლობა ახლახან დასრულდა. აქ არის თანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელი გარემო, ასევე, შვეიცარიული სტანდარტის პრაქტიკის საწარმოები.

საშიკო ხიჯაკაძემ ამ კოლეჯში მოსახვედრად რამდენიმე რთული ეტაპი გაიარა. მათ შორის ტესტირება და გასაუბრება, რომელსაც plantahop-ის ხელმძღვანელთან ერთად სხვა შვეიცარიელი და ქართველი სპეციალისტებიც ესწებოდნენ.

კოლეჯში სწავლის მსურველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ათ ფერმერზე შეაჩერეს. მათ შორის საშიკო ხიჯაკაძეზე, რომელიც იმ ხუთ სტუდენტს შორის მოხვდა, რომელმაც ფერმერის პროგრამა აირჩია. ხუთი სტუდენტი კი რძის პროდუქტების წარმოების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს.

„მაღალი ხარისხისა და სტანდარტის მიხედვით გვასწავლიან, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე,-  აქ მიღებული განათლება ბევრ შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ მხოლოდ ფერმერობას კი არ ვსწავლობთ, არამედ ყველაფერს, რაც ამ სპეციალობასთანაა დაკავშირებული.

აგრომექანიზაცია, აგრონომია, სურსათის უვნებლობა, ბიომეურნეობა და ბიოპროდუქტების წარმოება, – ეს ის მოდულებია, რომელთაც ახლა გავდივართ. სწავლასთან ერთად, გარკვეულწილად, რეჟიმსაც გვაჩვევენ, – ფერმერის რეალურ ცხოვრებას და იმ რიტმს, რომელშიც მან ყოველდღიურად უნდა იმუშაოს. დილის ხუთ საათზე ფერმაში პრაქტიკებისთვის ჩავდივართ, შემდეგ – საღამოს ხუთ საათზე“.

საშიკო ხიჯაკაძე ფერმერულ მეურნეობას სოფელ ვარძიაში ეწევა. სხვადასხვა ჯიშის 50 სული ღორი და 30 სული ცხვარი ჰყავს. ასევე, თხილის პლანტაციაც აქვს, სადაც შვიდასამდე თხილის ბუჩქი გაახარა.

საშიკო პროფესიით ზოოტექნიკოსია. აგრობიზნესი და სატყეო საქმეც შეისწავლა. ხუთი წელი ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა. ის ამბობს, რომ ვარძიაში აუცილებლად დაბრუნდება. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავის ფერმაში დანერგავს.

„მიწის ნაკვეთი ავიღე და ხარაგაულში გამოცდილი აგრონომი ვერ ვნახე – ისეთი, თავის საქმეს ეფექტურად რომ გააკეთებდა. ჩვენთან ვეტერინარის პრობლემაც არის. ამიტომ ჩემს მეურნეობაში ამ კუთხით ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი.

ახლა აქ აგრონომიასაც და ვეტერინარიასაც მაღალ დონეზე გავივლი. ყველაფერი მეცოდინება, რაც ფერმერს ცხოველის მოვლა-პატრონობაში სჭირდება. სწავლის დასრულების შემდეგ, როცა ვარძიაში დავბრუნდები, მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება თუ იქნება, მათ ჯეროვან და მნიშვნელოვან რჩევებს მივცემ. მეურნეობის დაგეგმვაში დავეხმარები“.

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ბიზნესმენ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივით შეიქმნა. პროექტზე მუშაობა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწავლის პერიოდში სტუდენტები პრაქტიკას შვეიცარიაში, მაღალი სტანდარტების ფერმაში, გაივლიან.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: საშიკო ხიჯაკაძე (მარჯვნიდან პირველი) პრაქტიკულ მეცადინეობაზე შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულელი საშიკო ხიჯაკაძე პირველი აგროოლიმპიადის გამარჯვებულია

„ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“

ჭიათურასა და საჩხერეში მოპოვებული ჩაი და სოკო, სარეალიზაციოდ, ხარაგაულში მზადდება