მოსწავლეობისას საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სოფელში დაბრუნდებოდა და ფერმერი გახდებოდა.
ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა საშიკო ხიჯაკაძემ ჯერ ზოოტექნიკოსობა შეისწავლა, შემდეგ აგრობიზნესი და სატყეო საქმე. ხუთი წელი ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა. თუმცა, სოფელში დიდი ფერმერული მეურნეობის შექმნის სურვილმა გადაძლია და ერთი წლის წინ ვარძიაში დაბრუნდა.
„ბავშვობიდანვე დავისახე მიზნად, რომ დამოუკიდებელი ვიქნებოდი და საკუთარი შემოსავალი მექნებოდა, – გვიამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – ფერმერული მეურნეობის ჩამოსაყალიბებლად გრანტი ვერ მოვიპოვე, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. თავიდან ნახევარ ჰექტარზე თხილის გაშენება დავიწყე. დღეს 650 ძირი თხილის ბუჩქია გახარებული.
ოჯახში ინდაური, ქათამი, ღორი სულ გვყავდა. მეღორეობის განვითარება გადავწყვიტე. თიბისი ბანკიდან წლიური 22%-იანი სესხი ავიღე და ფერმის მშენებლობას შევუდექი. ერთი წელი მოვუნდით, რადგან სოფელში ფიზიკურად კაცი არ დარჩა, რომ მოგეხმაროს. სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია. მარტო მე და ჩემი ძმა ვაშენებდით, ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით. თავიდან ორი დედა ღორი გვყავდა. ახლა რვა დედა ღორი მყავს და სხვადასხვა ჯიშის 50 სული ღორი.
ფერმერისთვის დღე გათენებამდე იწყება. დილას ხუთი საათიდან ვიწყებ შრომას და დაღამებამდე არ ვჩერდები. სულ რაღაც არის გასაკეთებელი. თავიდან ღორები სახორცედ გავყიდეთ.
მეურნეობის გამართვიდან მალევე კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ხორცის რეალიზაცია პრობლემა გახდა. ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ, უმუშევრად დარჩნენ. რესტორნები, სადაც ღორის ხორცს ვაბარებდით, დაიხურა. ამავე დროს, ხორცი გაიაფდა და ღორის საკვები გაძვირდა.
ყველა ღორისთვის ერთნაირ საკვებს არ ვიყენებ – მაკე ღორს სხვა საჭმელს ვაძლევ, დედა ღორს – სხვას. ძირითადად, საბეკონე ჯიშის ღორები მყავს და აუცილებელია, კომბინირებული საკვები მიიღონ.
ერთი ღორის გაზრდას, 90 კილო რომ გახდეს, 110 დღე სჭირდება. ახლა გოჭების რეალიზაცია დავიწყე. გვაკითხავენ ხაშურიდან, სამტრედიიდან, ხონიდან, ტყიბულიდან, წყალტუბოდან.
ახლახან შებოლილი ხორცის წარმოებით დავინტერესდი. მიკროწარმოების კურსს ვეუფლები, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად განვვითარდე“.
საშიკო ხიჯაკაძეს ფერმერულ მეურნეობაში 30 სული ცხვარი ჰყავს. ის ამბობს, რომ ზამთარში ცხვრის შენახვა, სხვა პირუტყვთან შედარებით, იაფი ჯდება. ვარძიაში გაზრდილი ცხვარი ირანელებსა და არაბებს მიჰყავთ.
„ჩვენთან პრობლემაა ის, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება ძალიან დაბალ დონეზეა, – ამბობს საშიკო ხიჯაკაძე, – საქართველოს ბაზარზე ღორის ხორცის მხოლოდ 15%-ია ადგილობრივი. 50% რომ მაინც იყოს ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან საქართველოში წარმოებული, ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რომელთაც მერე სხვა ინტერესები უჩნდებათ.
აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დამწყები ფერმერები დააფინანსოს; მაგალითად, თუ ათი მეწველი ძროხა გყავს, საწველ აპარატს გჩუქნიან. საწველი აპარატი სამი ათასი ლარი ღირს და ათი ძროხის პატრონი იმ აპარატს სამ კვირაში იყიდის. არსებულის განვითარებაზეა მხოლოდ საუბარი.
პანდემის დროს მაინც უნდა შეუწყონ ხელი დამწყებ ფერმერებს, რომ ახალგაზრდები სოფლებში დარჩნენ და სხვაგან წასვლაზე აღარ იფიქრონ.
ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც სოფლის მეურნეობაში ვაწყდები, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა. თავად უნდა გქონდეს საბაზისო ცოდნა.
ღორების მოვლაში ვეტერინარი არ მჭირდება. დაკოდვაა, წამლის მიცემა, კუდის დაჭრა თუ კბილის ამოძრობა, თავად შემიძლია. ვფიქრობ, ახალგაზრდები სახელმწიფომ აგრონომისა და ვეტერინარის პროფესიებით უნდა დააინტერესოს.
მეორე პრობლემა ისაა, რომ ადამიანები სიახლეებს სკეპტიკურად უყურებენ და, შესაძლოა, გული გაგიტყდეს. სოფელში ბევრი დამცინოდა, როცა საღორისთვის ბიო ბაქტერიას ვეძებდი. მოგეხსენებათ ეს ბაქტერია ნაკელის აღებისა და უტილიზაციის პრობლემას წყვეტს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, ქმნის სასარგებლო მიკროფლორას და სხვ.
პროფესიონალს სიახლეების არ ეშინია. მთავარია, მიზანი დაისახო და აუცილებლად შეასრულებ.
12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ათი წლის იყო ჩემი ძმა. მას შემდეგ სულ ვშრომობთ. ადამიანი საქმეს ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს და მერე ნაბიჯების გადადგმა აღარ გაუჭირდება.
სახელმწიფომ უნდა შექმნას ნიადაგი იმისთვის, რომ ახალგაზრდები სოფლიდან არ წავიდნენ. მე ჩემ საქმეს ახლა ვერაფრით მივატოვებ. უახლოეს ხანში ინდაურების, ქათმებისა და მწყერის მოშენებას ვგეგმავ“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულელი საშიკო ხიჯაკაძე პირველი აგროოლიმპიადის გამარჯვებულია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი