ხარაგაულში მოქმედი ჩაისა და სოკოს გადამამუშავებელი საწარმო პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.
დღესდღეობით, ხარაგაულში წარმოებული ჩაი და სოკო მხოლოდ თბილისში, „გუდვილის“ მაღაზიათა ქსელში, იყიდება.
შპს „კაუკაზანისა“ და შპს „ფრიზ თის“ დამფუძნებლებმა – იოსებ კობახიძემ, ზვიად ნიჟარაძემ და ირაკლი დოლიძემ საქმიანობა ხარაგაულში ორი წლის წინ წამოიწყეს. საწარმოო პროცესს ადგილზე ლაშა გურგენიძე ხელმძღვანელობს.
„ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებელი მე ვარ, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – ამაში ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამომადგა. ჩემი ინიციატივით სიახლეები დავნერგეთ, რამაც გაამართლა – გაყინულ ჩაისა და სოკოს ვაწარმოებთ.
ჩაი და სოკო ეკოლოგიურად სუფთა, მთიანი ადგილებიდან მოგვაქვს. ჩვენი საწარმო ჭიათურაში, ტყიბულში, საჩხერესა და ხონში მოყვანილი პროდუქციით მარაგდება.
შესაძლოა, გაგიკვირდეთ კიდეც, ჩაი უფრო ტრადიციული გურიასა და სამეგრელოშიაო. თუმცა, გეტყვით, რომ სასარგებლო მინერალები და ნივთიერებები, რაც ჩაის გააჩნია, 20-30%-ით მეტია იმერულ ჩაიში, ვიდრე მეგრულ ან გურულ ჩაიში.
აქცენტს ხარისხზე და არა – რაოდენობაზე ვაკეთებთ.
ჩაი ხარაგაულამდე მოგვაქვს სპეციალური ავტომანქანით, სადაც ტემპერატურული რეჟიმი დაცულია.
საწარმოში თითოეული ფოთოლი ირჩევა, ირეცხება, შრება, ფასოვდება და იყინება. გაყინულ ჩაის იგივე გემოვნური თვისებები აქვს, რაც გამომშრალს. ამჯერად ვაწარმოებთ სამი სახის ჩაის – წითელ ჩაის ველურ მოცვთან ერთად, მწვანე ჩაისა და წითელ ჩაის.
სოკოებიდან ნიყვსა და დათვის სოკოს ვიბარებთ. ტექნოლოგიური პროცესების შედეგად ვყინავთ და სარეალიზაციოდ ასე ვაგზავნით.
ვწუხარ, რომ სოკოსა და მოცვს ხარაგაულში არ მოვიპოვებთ. საქმიანობის დაწყებამდე ფეხდაფეხ შემოვიარე ის სოფლები, სადაც ნიყვი, დათვის სოკო და მოცვი უხვადაა – ნუნისიდან დაწყებული, გედსამანიით დამთავრებული და მოსახლეობას თანამშრომლობა შევთავაზე. არავინ დაინტერესდა.
ხარაგაულის სოფლები დაცლილია. ვინც ადგილზეა, მათი დიდი ნაწილი სოციალური დახმარების იმედადაა. რატომღაც, ასე მიღებული შემოსავალი ურჩევნიათ.
მოცვი და სოკო ჭიათურიდან და საჩხერიდან რატომ უნდა მომქონდეს, როცა მათი მოპოვება ხარაგაულშიც შეგვიძლია?! 400-500 ლარი რომ მისცე დღეში ოჯახს, ხელსაყრელი და სახარბიელო საქმე მგონია.
გაზაფხულიდან სიახლეებს ვგეგმავთ – დავამზადებთ პიტნის ჩაის, მოცვის ჩაის მოცვის ნაყოფთან ერთად, ჩაის – პიტნის ფოთოლთან ერთად, ძირტკბილას ფესვებს. ძირტკბილა მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება. მის დასამზადებლად 10-12 ადამიანი დაგვჭირდება.
ჩვენს საწარმოში, ამ ეტაპზე, სეზონურად, 12 ქალი მუშაობს. ამდენივე პირის დასაქმებას გაზაფხულიდან ვგეგმავთ. ძალიან მინდა, ხარაგაულში რამდენიმე ოჯახის შემოსავალი მაინც გაიზარდოს და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული აღარ იყოს. ეს იქნება დიდი მიღწევა და ჩავთვლი, რომ საქმე გავაკეთე.
გზადაგზა ვსწავლობთ, რადგან საქართველოში მაღალი დონის ტექნოლოგი, ფაქტობრივად, არ გვყავს. ჭაჭის დამუშავება უნდა დავიწყოთ. ეს სამომავლო საქმეა და ეტაპობრივად ყველა იმ იდეას განვახორციელებთ, რაც კომპანიის მფლობელებს აქვთ.
ვფიქრობთ წაბლის გაყინვა-შენახვასაც. კულინარიაში წაბლი დღეს ფართოდ გამოიყენება. ხარაგაულის წაბლი არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ხარაგაულში წაბლის ჩემამდე მომტანიც ვერ ვნახე – 100 კილოგრამი მაინც უნდა შეგროვდეს, მაცივარი რომ ჩავრთო.
ერთსაც გეტყვით, ხარაგაული შპს „კაუკაზანისა“ და შპს „ფრიზ თის“ დამფუძნებლებმა იმიტომ აირჩიეს, ის საქართველოს ცენტრში მდებარეობს და ნედლეულის ტრანსპორტირება სხვადასხვა კუთხიდან უფრო უპრიანი აქაა. საბოლოო პროდუქციის მისაღებად საჭირო ნედლეული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოგვაქვს.
მთავარი არის ის, რომ უფალზე ვართ დამოკიდებული – თუ კარგად მოვექცევით გარემოს და ბუნებას, კარგ მოსავალს მოგვცემს. ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიული დამოკიდებულების გარეშე არაფერი გამოგვივა“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი