89 წლის ასაკში ღვაწლმოსილმა პიროვნებამ და გამორჩეულმა ხარაგაულელმა, გურამ კვირიკაშვილმა დაგვტოვა და სამარადისო სამყოფელში გადასახლდა.

ის წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის უფროსად მუშაობდა.

ბატონი გურამი „ჩემი ხარაგაულის“ ერთგული მკითხველი და ხშირი სტუმარი იყო. ჩვენთან ყოველ პარასკევს გაზეთის მისაღებად მოდიოდა და დახვეწილი საუბრით, არაჩვეულებრივი მეხსიერებითა და ინტელიგენტურობით გვამახსოვრებდა თავს.

ხარაგაული ძალიან უყვარდა. სწორედ ამიტომ, ათი წლის წინ, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად მშობლიურ ეზო-კარმიდამოში დაბრუნდა. ხშირად ამბობდა, რომ ხარაგაულში გამორჩეულად თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანები ცხოვრობენ.

ბატონ გურამს 21 ოქტომბერს ქალბატონ მერი გოგნიაშვილთან ქორწინების 60 წლის იუბილე ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით რედაქციაში მოვიწვიეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ. მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე მოწიწებითა და პატივისცემით საუბრობდა. ქალბატონ მერიზე საუბრისას მის თვალებში სიყვარულის ნაპერწკლები კიაფობდა. ამბობდა, რომ ცხოვრების წლებმა ძალიან სწრაფად გაიარა.

გთავაზობთ სხვადასხვა დროს მასთან ჩაწერილი ინტერვიუებიდან ამონარიდებს.

„1940 წლის სექტემბერში ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში შევედი. ომის დაწყების შემდეგ სკოლაში ჰოსპიტალი გაიხსნა და მეორე სკოლელები #1 სკოლაში მეორე ცვლაში ვსწავლობდით.

სკოლა 1951 წელს ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ხარაგაულში იმ წელს სულ სამი მედალოსანი ვიყავით. მაშინ უმაღლეს სასწავლებლებში მედალოსნებს უგამოცდოდ იღებდენ.

მერვე კლასში ფიზიკაში ელექტროობა რომ გვასწავლა საუკეთესო პიროვნებამ და მასწავლებელმა მიშა მანჯავიძემ, მაშინ გადავწყვიტე ელექტროინჟინერი გავმხდარიყავი. ამიტომ საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიტანე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჭიათურაში გამანაწილეს. ჭიათურის ერთ მაღაროში ელექტრომონტაჟი ჩემი ხელით გაკეთდა. სამი წელი უნდა გემუშავა განაწილების ადგილზე. სხვა სამსახურში ისე ვერ გადახვიდოდი.

ამის შემდეგ 49 წელი ვიმუშავე პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე.

35 წელი დეკანატში ვმუშაობდი, – ხან დეკანის მოადგილე ვიყავი, ხან სასწავლო ნაწილის გამგე. ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებისთვის მხარდაჭერას.

ქუჩაში ზოგჯერ ახალგაზრდები მაჩერებენ, მახსენებენ, რომ ჩემი სტუდენტები იყვნენ და მადლობას მეუბნებიან, – რა დაგვავიწყებს თქვენგან გამოჩენილ ყურადღებასო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს მადლიერებაა და ამით ვამაყობ.

ცხოვრებაში მთავარია პატიოსნება. ადამიანს, და მით უმეტეს თანამდებობის პირს, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. შეცდომა ყველას მოსდის. მთავარია, აღიარო და აღარ გაიმეორო. თუ შეცდომის გამართლებას ცდილობ, ეს დამღუპველია. ამ სულისკვეთებით გავზარდეთ სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი“.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ გურამ კვირიკაშვილის სახით უახლოესი და ერთგული მეგობარი დაკარგა, რომელიც ძალიან დაგვაკლდება.

ბატონი გურამი არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. თანაუგრძნობთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც მისმა გარდაცვალებამ გული დასწყვიტა.

ამ ღვაწლმოსილი ადამიანის, საუკეთესო პიროვნების ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ყოველთვის გულისტკივილით, სიყვარულითა და დანანებით მოვიგონებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულელები ვამაყობთ თქვენით, ბატონო გურამ!

„ჩვენი თანაცხოვრების სამოცმა წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა“