
„ქუჩაში ზოგჯერ ახალგაზრდები მაჩერებენ, მახსნებენ, რომ ჩემი სტუდენტები იყვნენ და მადლობას მეუბნებიან, – რა დაგვავიწყებს თქვენგან გამოჩენილ ყურადღებასო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს მადლიერებაა და ამით ვამაყობ,“ – გვიამბობს წლების მანძილზე ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი გურამ კვირიკაშვილი.
ბატონი გურამი ხუთი წელია, რაც მშობლიურ ხარაგაულში მეუღლესთან, ქალბატონ მერისთან, ერთად დაბრუნდა.
ის ღვაწლმოსილი ხარაგაულელი პედაგოგის, როზა კვირიკაშვილის, ძმაა.
გურამ კვირიკაშვილი გამორჩეულია დახვეწილი საუბრით, არაჩვეულებრივი მეხსიერებითა და ინტელიგენტურობით, საამაყოა ყველა ხარაგაულელისთვის, ვინც კი მას ახლოს იცნობს.
გურამ კვირიკაშვილთან საუბარი ბავშვობის წლების გახსენებით დავიწყეთ.
-1932 წლის 16 ნოემბერს სოფელ იგორეთში დავიბადე, – გვიამბობს ბატონი გურამი, – მამაჩემი ხარაგაულში შემნახველი სალაროს მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. 2-3 წლის ვიქნებოდი, საცხოვრებლად ხარაგაულში რომ გადმოვედით.
თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, თან მამა სახლს აშენებდა. რკინიგზის სადგურიდან რომ გამოვხედავდი, ჩანდა, როგორ იდებოდა აგურზე აგური და როგორ მაღლდებოდა ჩემი სახლის კედლები.
1940 წლის სექტემბერში შევედი ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში. ომის დაწყების შემდეგ სკოლაში ჰოსპიტალი გაიხსნა და მეორე სკოლელები #1 სკოლაში მეორე ცვლაში ვსწავლობდით.
ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. სკოლაში სწავლა დილის ცხრის ნახევარზე იწყებოდა. მანამდე ძროხა უნდა მებალახებინა. ჯიხველაში დავიბანდი ფეხებს, ჩავიცვამდი ფეხზე და შევიდოდი სკოლაში. დღეს ალბათ ბევრს ეს ვერ წარმოუდგენია.
საუკეთესო მასწავლებლები გვყავდა. პირველ კლასში მარო მანჯავიძე გვასწავლიდა. სხვათაშორის, ჩემი თანაკლასელები არიან თენგიზ შერგელაშვილი და გურამ თაბუკაშვილი.
მესამე და მეოთხე კლასში ერთი მასწავლებელი ორ საგანს გვასწავლიდა, თამარ კიკნაძე – მათემატიკას და ბუნებას, პლატონ ორჯონიკიძე – ისტორიას და ქართულს. ნიკალა შარიქაძე იყო ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი. სკოლას ძალიან კარგი პიროვნება – კოტე ნიქაცაძე დირექტორობდა.
ყველა მასწავლებლის ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგად გვასწავლიდნენ. არასდროს მომხდარა, რომ ვინმეს ეკუთვნოდა და ნიშანს არ დაუწერდნენ.
1951 წელს სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ხარაგაულში სულ სამი მედალოსანი ვიყავით, მე, ეთერ კაპანაძე და თუ ზუსტად მახსოვს, ნაზი ლურსმანაშვილი. მაშინ უმაღლეს სასწავლებლებში მედალოსნებს უგამოცდოდ იღებდენ.
მერვე კლასში ფიზიკაში ელექტროობა რომ გვასწავლა საუკეთესო პიროვნებამ და მასწავლებელმა მიშა მანჯავიძემ, მაშინ გადავწყვიტე ელექტროინჟინერი გავმხდარიყავი. ამიტომ საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიტანე.
საბუთები რომ შემქონდა, ბიძაჩემმა უცხო ენის კათედრაზე მომუშავე ხარაგაულელ ალავიძესთან მიმიყვანა და თავად სამსახურში წავიდა.
არასოდეს დამავიწყდება ამ ადამიანის მხრიდან ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება. მისი საქციელი ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდას. სოფლიდან ჩასული ბავშვისთვის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ინსტიტუტში სწავლისას სტიპენდია სულ მქონდა. პირველ კურსზე 16 მედალოსანი ჩავირიცხეთ და პირველი სემესტრის ბოლოს სტიპენდია ოთხს დაგვენიშნა. მათ შორის სამი რაიონიდან ვიყავით. მესამე კურსიდან უკვე სტალინურ სტიპენდიას ვიღებდი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გურამ კვირიკაშვილი ჭიათურაში გაანაწილეს. ამაყობს, რომ ჭიათურის ერთ მაღაროში ელექტრომონტაჟი მისი ხელით გაკეთდა.
ერთი წლის შემდეგ თბილისში კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა და მის დირექტორად ელეტროფიკაციის კათედრის გამგე გაბრიელ კუპრაძე დანიშნეს. მას ახსოვდა თავისი გამორჩეული სტუდენტი გურამ კვირიკაშვილი და მოითხოვა კვლევით ინსტიტუტში მისი მოწვევა.
„სამი წელი უნდა გემუშავა განაწილების ადგილზე, – იხსენებს ბატონი გურამი, – სხვა სამსახურში ისე ვერ გადახვიდოდი. გაბრიელ კუპრაძემ ჭიათურიდან ჩემი თბილისში გადაყვანა მოითხოვა. ჩემი გადაყვანის საკითხი ცეკას ბიუროზეც კი განიხილეს.“
1960 წლის სექტემბერში გაბრიელ კუპრაძემ კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა დატოვა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრაზე დაბრუნდა.
„მე ისევ თან წამიყვანა, – გვიამბობს გურამ კვირიკაშვილი, – 49 წელი ვიმუშავე პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე.
35 წელი დეკანატში ვმუშაობდი, – ხან დეკანის მოადგილე ვიყავი, ხან სასწავლო ნაწილის გამგე. ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებისთვის მხარდაჭერას.
ერთხელაც, იანვრის სესიების შემდეგ ნიშნებს რომ ვაჯამებდით, ფრიადოსან გოგონას ერთ საგანში შეფასება არ ეწერა. გამოვკითხე ლექტორი და გამოცდაზე არ გამოცხადდაო, – მითხრა.
სწავლა რომ დაიწყო, გოგონას დავეკითხე.
-გავედი გამოცდაზე, – მიპასუხა სტუდენტმა გოგონამ, – სხვებმა ლექტორს ხუთმანეთიანი ჩაუდეს საგამოცდოში. მე საგანი ვიცოდი და ასე ვერ მოვიქცეოდი. ამიტომ არ დამიწერა ნიშანიო, – მიპასუხა.
ძალიან შევწუხდი. ერთადერთი გამოსავალი მოვძებნე, – კათედრის გამგეს ვთხოვე, რომ ის ლექტორი ჩემი ფაკულტეტიდან გაეშვა.
პენსიაში გასვლამდე კათედრაზე ვიმუშავე. ბოლოს სამი ფაკულტეტი გაერთიანდა. მე ყველაზე ასაკოვანი ვიყავი და წამოვედი.“
გურამ კვირიკაშვილის მამა მეორე მსოფლიო ომში 1942 წლის თებერვალში ხარკოვში დაიღუპა. ამის შესახებ ცნობა ოჯახმა მაშინვე მიიღო, თუმცა ზუსტი დეტალები არ მოუწერიათ.
ბატონი გურამის მეუღლე, მერი გოგნიაშვილი დაინტერესებულა მამამთილის ისტორიით. 1985 წელს მიაგნეს სოფელს, სადაც ვასილ კვირიკაშვილია დასაფლავებული.
-ჩემ მეუღლეს ძალიან უნდოდა, რომ მამამთილის საფლავი ეპოვნა, – გვიამბობს გურამ კვირიკაშვილი, – დემობილიზებულ სამხედროს გამოლაპარაკებია ერთ-ერთ თათბირზე. დაიწყო მიწერ-მოწერა. ამ პროცესში „წითელი კვალმაძიებლები“ ჩაერთვნენ და მივაგენით მამის საფლავს.
ხარკოვის პირველი მაისის ოლქის სოფელ ვერხნიბიშკინის ძმათა სასაფლაოზე პირველად 1985 წლის 9 მაისს ჩავედით.
მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს იმ ადგილის მიმართ. ძმათა სასაფლაოს წინ ბაღია გაშენებული, იქვეა მუზეუმი, სადაც მამაჩემის ნივთები ჩავიტანეთ. ყველა მნიშვნელოვანი რიტუალი იქ ტარდებდა, ძმათა სასაფლაო იმ სოფელში ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილია. ყოველი ჩვენი ჩასვლა სოფელში დიდი ზეიმი იყო.
სასაფლაოს გაკეთების ინიციატორი სკოლის მაშინდელი დირექტორი გახლდათ. მამის საფლავი რომ ვიპოვეთ, ის კაცი უკვე მოხუცი იყო.
ერთ-ერთი ჩასვლისას სოფელში ჩემი ასაკის სკოლის კურსდამთავრებულები ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და სკოლის დირექტორთან წავიდნენ. ჩვენც დაგვპატიჟეს.
დირექტორის მეუღლე, რომელიც სკოლაში ადრე მასწავლებლად მუშაობდა, განასაკუთრებით შემხვდა. ვიფიქრე, ალბათ რომელიმე მოსწავლეში შევეშალე-მეთქი. რომ მიწყნარდა სიტუაცია, გარეთ გამახედა, მამაშენი მე და ჩემმა მეზობელმა აგერ, იმ ჭადრის ქვეშ დავასაფლავეთ. შენ მამას ძალიან ჰგავხარო.
ჭადრის ხის ქვეშ ყოველ 9 მაისს ანთებდნენ სანთლებს. ძმათა სასაფლაო რომ გაიხსნა, მამის ცხედარი იქ გადაასვენეს, მაგრამ პირველ განსასვენებელს მაინც განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ახლა, სამწუხაროდ, იმ ოჯახთან ურთიერთობა აღარ გვაქვს. იმედია, ძმათა სასაფლაოს ისევ ძველებურად უვლიან.
მარმარილოს ფილებზე გარდაცვლილთა გვარები წერია, მათ შორის მამაჩემის. 1022 უცნობი ჯარისკაცია იმ ერთი პატარა სოფლის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული…
გურამ კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში მის მეუღლეს, მერი გოგნიაშვილს, უფრო ბევრი ადამიანი იცნობს, რადგან საფინანსო-ეკონომიურ კოლეჯში მათემატიკას ასწავლიდა. ხარაგაულელთა დიდი ნაწილი კი ბუღალტრის პროფესიას სწორედ ამ სასწავლებელში დაეუფლა.
-ბატონო გურამ, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
-პირველ რიგში, მთავარია პატიოსნება. ადამიანს, და მით უმეტეს თანამდებობის პირს, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. შეცდომა ყველას მოსდის. მთავარია, აღიარო და აღარ გაიმეორო. თუ შეცდომის გამართლებას ცდილობ, ეს დამღუპველია.
ამ სულისკვეთებით გავზარდეთ სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი, რომელიც ახლახან დაქორწინდა და პატარასაც ელოდება.
სამივე ქალიშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა. უფროსი ნინო ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერია, მომდევნო თამარი – ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, პატარა ქეთევანი ალტა-ოქეის სერვის პლაზაში დირექტორია ფინანსურ და ადმინისტრაციულ დარგში.
შვილიშვილის მეუღლის დედა ხარაგაულელია. ეს რომ შევიტყვე, ძალიან გამიხარდა. ხარაგაული ძალიან მიყვარს და ვამბობ, რომ აქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს – თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი.
ნინო კაპანაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი