შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს ჯანმრთელად შევინარჩუნოთ, გვიპასუხა: „სიკეთე აკეთეთ, სიკეთის კეთების დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნივთიერებები, რომლებიც ასუფთავებენ, წმენდენ ორგანიზმს და ცხოვრების ხარისხს გაცილებით გიუმჯობესებენ“, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმი-კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე. მას ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

ბატონმა ვლადიმერმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1977 წელს დაამთავრა და განაწილებით, ის და მისი მეუღლე ბორჯომის საავადმყოფოში შეუდგნენ მუშაობას.

„ჩემი მეუღლე პედიატრია, მე მიმღებში კარდიოლოგად ვმუშაობდი – ამბობს ვლადიმერ თხელიძე, – ბორჯომში მალევე ჯერ მიმღები განყოფილების გამგედ დავინიშნე, შემდეგ – თერაპიული განყოფილების უფროსად. 70-საწოლიანი იყო ჩვენი განყოფილება და ძალიან დატვირთულად ვმუშაობდით. 1983 წელს უკვე ორი შვილი გვყავდა და მეუღლესთან ერთად თბილისში გადავედი სამუშაოდ. „ლეჩკომბინატში“ კარდიოლოგად ვმუშაობდი, შემდეგ ქალბატონმა გულიკო ჩაფიძემ მიმიწვია თავისთან თერაპიის ინსტიტუტში. 14 წლის განმავლობაში კარდიორეანიმაციის განყოფილების უფროსად ვმუშაობდი. შემდეგ, „ლეჩკომბინატის“ ბაზაზე კარდიოლოგიური განყოფილება გავხსენი, აკადემიკოს მერაბ ბოხუასთან ერთად. შემდეგ ვმუშაობდი „ევრომედცენტრში“, „ნეოკლინიკაში“.

2017 წელს მამაჩემის თხოვნით, ხარაგაულში ჩამოვედი. მამა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, საუკეთესო მამა იყო. ცხოვრებაში არაფერი უთხოვია, მხოლოდ ეს მითხრა, – ხარაგაულს ნუ მიატოვებო და მას შემდეგ აქ ვარ“.

ექიმობაზე ფიქრი მეხუთე კლასიდან დაიწყო, როცა ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა. მასთან ერთად პატარა ბიჭი იწვა, მძიმე მდგომარეობაში და მისი დახმარება იმდენად უნდოდა, რომ ექიმობა გადაწყვიტა. მომავალი პროფესიის არჩევაში ბიოლოგიის მასწავლებელმაც ითამაშა გარკვეული როლი. თავიდან ქირურგობა უნდოდა, ინტერნატურის გავლის დროს შეიცვალა მიმართულება და კარდიოლოგი გახდა.

„გული ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ორგანოა, რომლის მუშაობის ხარისხით ადამიანის ცხოვრების ხარისხი განისაზღვრება. გამოქვეყნებული მაქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი და ვარ ორი გამოგონების ავტორი. ერთ-ერთმა გამოგონებამ – ინფარქტის დროს ლაზერით მკურნალობამ – სახელმწიფო პრემია დაიმსახურა“.

პირველი გადარჩენილი პაციენტი დღემდე ახსოვს, – საავადმყოფოში დიაბეტურ კომაში მყოფი 17 წლის გოგონა შეიყვანეს. ვლადიმერ ექიმის სწრაფმა და პროფესიულმა ჩარევამ პაციენტი მდგომარეობიდან გამოიყვანა. პირველი გამარჯვება მისთვის დღემდე სასიამოვნოდ მოსაგონარია.

„ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც ვმკურნალობდი, განმეორებითი ინფარქტი დაემართა; უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს, საათნახევარი ვიბრძოდი მის გადასარჩენად. მაშინ დღეს არსებული აპარატურა არ იყო. მდგომარეობიდან რომ გამოვიდა, საკმაოდ დიდხანს ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, – უეცრად კისერში მწვდა და მახრჩობდა, – რატომ გადამარჩინე, უკვე ფუნიკულიორზე ვიყავი და თბილისს ვემშვიდობებოდიო. ჩემმა ორმა თანამშრომელმა ძლივს გააშვებინა ხელები.

წლების განმავლობაში ვიყავი საპატრიარქოს კონსულტანტი, პირადად პატრიარქ ილია მეორესთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ის უნიჭიერესი და საოცრად დახვეწილი პიროვნება იყო, ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, მისი ნაჩუქარი ხატი ახლაც სახლში მაქვს. ქალბატონი გულიკო ჩაფიძე მისი პირადი ექიმი იყო, მე კი გულიკოს საყვარელი მოსწავლე, – შეიძლება ასე ითქვას“.

ვლადიმერ თხელიძეს ხარაგაულის საავადმყოფოში გადმოსვლა ძალიან გაუჭირდა; ამბობს, რომ დღემდე შეგუების პროცესშია. აქ პაციენტები, ძირითადად, გულის უკმარისობით მიმართავენ.

„გულის უკმარისობა რთული ცხოვრებიდან გამომდინარე ემართებათ ადამიანებს, – გვეუბნება ვლადიმერ ექიმი, – ხალხს საკვები პროდუქტები აკლია, მათ შორის ცილოვანი პროდუქტები. ცილა რომ საკმარისად არ არის ორგანიზმში, იწყება შეშუპება, სითხის დაგროვება, გული იტვირთება და უკმარისობა ვითარდება. აქ ნესტიანი კლიმატის გამო, ძალიან გავრცელებულია ფილტვების დაავადებაც.

ხარაგაულის საავადმყოფო, პრაქტიკულად, ინგრევა, – ქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებები გვქონდა, ყველაფერი აწყობილი იყო, ახლა აღარაფერი მუშაობს. ქირურგიული და რეანიმაციული დანადგარები და აპარატურა მოხსნეს და წაიღეს; მე არ ვიცი, სად წაიღეს, იმის ხელახლა მოტანა და დამონტაჟება ძალიან რთულია. დანგრევაზე იოლი არაფერია, აშენებაა რთული. ყველანაირად ცდილობენ, ეს საავადმყოფო პოლიკლინიკად გადააკეთონ. წინა მთავარი ექიმი ვინც იყო, მან განაცხადა, რომ ხარაგაულს საავადმყოფო რად უნდა, 20 კმ-ია ზესტაფონამდე, წავიდნენ და იმკურნალონო.

ზოგჯერ რენდგენიც კი არ მუშაობს, რადგან იმდენად ძველი აპარატია, რომ ის სითხე, რომელიც მას სჭირდება, აღარ იშოვება და ვერ მუშაობს. საავადმყოფოში რაც შემოდიოდა მედიკამენტები, იმის მეათედიც აღარ შემოდის, რადგან რეანიმაციული და საოპერაციო განყოფილებები აღარ გვაქვს; მაგრამ პაციენტები ხომ გვყავს, აქ წვებიან ადამიანები და მათ ხომ სჭირდებათ მედიკამენტები.

საავადმყოფოს სამგლიის სერზე ამოტანა დიდი შეცდომა იყო. ძველი საავადმყოფო ძალიან კარგ ადგილას ფუნქციონირებდა; ის უნდა გაეკეთებინათ, – ვითომ რომ გაყიდეს და ახლა იძარცვება და ინგრევა. ხარაგაულელებისთვის აქ ამოსვლა პრობლემაა და ზესტაფონში წასვლა, – მით უმეტეს – ხარჯებთანაა დაკავშირებული. საავადმყოფოს დანგრევის პროცესი რომ დაიწყო, ვესაუბრე ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს, – რომ ამისთვის ყურადღება მიექციათ, მაგრამ შედეგი – არაფერი.

მინდა რომ უფრო მეტი ზრუნვა იყოს ხარაგაულის მოსახლეობაზე. ხარაგაულს საავადმყოფო სჭირდება. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფია, მოსახლეობის დაახლოებით 80% პენსიონერია, მათ განვლილი რთული ცხოვრების გამო ორგანიზმი დაჩაგრული აქვთ. მათ მკურნალობა სჭირდებათ  და ამის საშუალება აქ თუ არ ექნებათ, ძალიან გაუჭირდებათ. კვირაში ერთხელ მოდიოდა ენდოკრინოლოგი, ახლა ორ კვირაში ერთხელ მოდის; კვირაში ერთხელაც ძალიან ცოტაა და ახლა – მით უმეტეს. საავადმყოფოს სპეციალისტები უნდა ჰყავდეს, – ენდოკრინოლოგიც, ყელ-ყურის ექიმიც, თვალის ექიმიც. ადრე აქ ოპერაციები კეთდებოდა, სპეციალისტები ჩამოდიოდნენ, მუშაობა იყო, ახლა აღარაფერი აღარ არის.

ახალგაზრდა ექიმებს ვურჩევ, ადამიანი უყვარდეთ, პირველ რიგში. ადამიანი თუ არ  ეყვარებათ, ექიმები ვერ გახდებიან. ქირურგი იქნები, თერაპევტი თუ სხვა სპეციალისტი, თუ ადამიანი არ გიყვარს, არაფერი გამოგივა, – დიპლომი გექნება, მაგრამ ექიმი ვერ იქნები.

დღეს ძალიან არასწორი ტენდენციაა, ყველაფერი გაიდლაინებზე გადავიდა. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მიდგომა და მკურნალობა სჭირდება. რაც დრო გადის, ეს ტენდენცია ძლიერდება. მით უმეტეს, უკვე იქით მიდის სამყარო, რომ კომპიუტერს მოუყვები შენს ჩივილებს და ის გეტყვის, რა უნდა გააკეთო, უკეთესად რომ იყო. ეს არ არის ექიმობა, ეს არ არის მედიცინის სწორი მიმართულება“, – ამბობს ექიმი ვლადიმერ თხელიძე.

ბატონ ვლადიმერს და ყველა ექიმს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ და მადლიერი პაციენტების სიმრავლეს ვუსურვებთ.

თამთა გოგოლაძე