ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ამოქმედდება.

საბავშვო თეატრის წრის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2026 წლის ბოლომდე, 12 000 ლარი გამოიყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ საბავშვო თეატრის ჩამოყალიბების სურვილი საზოგადოებისგან მოდის.

„ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო თეატრს რაც შეეხება, თეატრს არ ჰყავს მუდმივმოქმედი, ხელფასიანი რეჟისორი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – რეჟისორი ირინე ჩხეიძე, რომელიც მერიის კულტურის სამსახურის უფროსია, თეატრში ანაზღაურებას არ იღებს. ამ თეატრის გასაძლიერებლად გადავწყვიტეთ, რომ რეჟისორი ავიყვანოთ“.

ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის ანაზღაურებისთვის 2026 წლის ბოლომდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო.

ჩვენს შეკითხვაზე, როგორ შეირჩევა საბავშვო თეატრისა და სახალხო თეატრის რეჟისორი, ვარლამ ჭიპაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებას მოსწავლეთა სახლისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები მიიღებენ.

ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილისა და კულტურის ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო წრისა და სახალხო თეატრის რეჟისორად ირინე ჩხეიძე დაინიშნება.