

სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის დაქირავებისთვის მოქმედი სახელმწიფო პროგრამა, მესამე წელია, გაუქმდა. ამ პროგრამით ფერმერები სახნავ-სათეს ტექნიკას შეღავათიან ფასად ქირაობდნენ, ხოლო საწვავს ფასდაკლებით ყიდულობდნენ.
2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენა შესთავაზა.
სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის ბონდო კიკნაველიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, თანადაფინანსებით მიწის დასამუშავებლად ტექნიკა ხარაგაულში ოცამდე ფერმერმა შეიძინა.
მისივე თქმით, სოფლებში ფერმერების ნაწილი მიწას საკუთარი სახსრებით შეძენილი მინიტრაქტორებით ამუშავებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 3 856 ჰა სახნავ-სათესი მიწაა.
რა ღირს სოფელში მიწის დამუშავება, ეს ინფორმაცია კერძო ფერმერებთან მოვიძიეთ. 1000 კვმ მიწის ფართობის მინი ტრაქტორით დამუშავება 120-დან 150 ლარამდე ჯდება.
„ხარაგაულში, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის მოქმედი სახელმწიფო პროგრამების უმეტესობა ვერ ხორციელდება, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – უმეტეს შემთხვევაში ამის მიზეზი მცირემიწიანობაა. სააგენტოში ყოველთვის ვაყენებ საკითხს, რომ სახელმწიფო პროგრამების კრიტერიუმები ყველა მუნიციპალიტეტისთვის მისაღები უნდა იყოს.
გასულ წლებში, პროგრამით – „დანერგე მომავალი“, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებდა, ფერმერს 0,15 ჰა მიწაზეც შეეძლო ამ კულტურების გაშენება და პროგრამას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებდა – ნიადაგის გამოკვლევით დაწყებული, ნერგებისა და სარწყავი სისტემის შეძენით დამთავრებული.
ხარაგაულელი ფერმერებისთვის ეს ყველაზე კარგი და შედეგიანი პროექტი აღმოჩნდა – დაინტერესებულმა პირებმა მარწყვი, ჟოლო და მოცვი მოიშენეს.
წელს „ბაღების გაშენების სახელმწიფო პროგრამაში“ რომ ჩართულიყო, ფერმერს 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონოდა. ამავე დროს საკუთარი სახსრებით უნდა გამოეკვლია ნიადაგი, 50%-იან თანადაფინასებას სთავაზობდნენ სარწყავი სისტემისა და ნერგების შესაძენად. 0,5 ჰა მიწის ერთი ფართობი ხარაგაულში არც ერთ ფერმერს არ აქვს.
გული მწყდება, – სხვაზე ნაკლები ფერმერები არ გვყავს და პროგრამის კრიტერიუმები მათ გაძლიერებას არ უნდა აფერხებდეს.
ძალიან სასიხარულოა, რომ 22 ხარაგაულელი მეფუტკრე „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩაერთო. ეს პროგრამა ახლაც გრძელდება. პროგრამაში ჩართვის მსურველ მეფუტკრეს უნდა ჰყავდეს ფუტკრის 10 ოჯახი მაინც.
პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ მეფუტკრე რეგისტირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად და ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემაში. ამ პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50%.
სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროგრამებით დაინტერესებულმა ფერმერებმა მოგვმართონ და სათანადო კონსულტაციას გავუწევთ“, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე.
სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით – 595 05 48 08.
ნინო კაპანაძე
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის დაქირავებისთვის მოქმედი სახელმწიფო პროგრამა, მესამე წელია, გაუქმდა. ამ პროგრამით ფერმერები სახნავ-სათეს […]
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტები ყველა სახის სამედიცინო
ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული,
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს