საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.

„ხარაგაულში ფუტკარი ბევრ ოჯახს ჰყავს – ზოგს დიდი რაოდენობით, ზოგს კი რამდენიმე სკა. ფუტკრის ოჯახების რაოდენობის მიუხედავად, მათთან მუშაობის პრინციპები ყველა მეფუტკრისთვის ერთნაირია, – ამბობს გიორგი ლომსაძე.

პირველ რიგში, საჭიროა სკების საგაზაფხულო რევიზია, რათა დავადგინოთ, თუ როგორ გამოიზამთრა ფუტკარმა. მეფუტკრეებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ, რამდენი ფუტკრიანი ჩარჩოა სკაში, ჰყავს თუ არა სკას დედა ფუტკარი, არის თუ არა სკაში თაფლის მარაგი, რაიმე დაავადება ხომ არაა სკაში, მაგალითად ნოზემატოზი; ხომ არაა სკაში ნესტი, რაც ავტომატურად იწვევს დაავადება ასკოსფეროზს, – როგორც ჩვენთან ეძახიან, ჩაკირვას.

ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ აღმოჩენილი პრობლემების მოგვარება:

  • თუ სკაში მცირე რაოდენობის მწერია დარჩენილი და დედა არა ჰყავს, უნდა შევაერთოთ სხვა სკასთან;
  • თუ სკაში ფუტკარი ოთხ-ხუთ ჩარჩოს ფარავს და დედა ფუტკარი კვერცხს არ დებს, ახალი დედით უნდა შევცვალოთ;
  • თუ სკა ნესტიანია, აუცილებლად უნდა შევცვალოთ სხვა მშრალი სკით;
  • თუ სკაში შეინიშნება ნოზემატოზი, უნდა ვუმკურნალოთ შესაბამისი პრეპარატით; ასკოსფეროზის შემთხვევაში, სკის შეცვლის გარდა, საჭიროა დავამუშავოთ ასკოსფეროზის სამკურნალო პრეპარატით;
  • საკვების სიმცირის შემთხვევაში, ფუტკარი უნდა გამოვკვებოთ შაქრის სიროფით პროპორციით 2:1 – ორი წილის შაქარი ერთი წილი წყალი. ასევე შეიძლება გამაღიზიანებელი კვების მიცემა სიროფის სახით, რომელშიდაც შეგვიძლია რომელიმე პრობიოტიკი შევურიოთ, – მაგალითად პოლენბი ან აპიპოლენი. კვერცხდებისთვის კარგი პრეპარატია ბილოვე, ასევე იმუნიტეტისთვის კარგია ბაივაროლი და ბოლვიტი.

შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიორის და წიწაკის ნაყენიც, სიროფში შესარევად; ასევე ქრისტესისხლას ნაყენი ასკოსფეროზის პრევენციისთვის. ეს პრეპარატები იყიდება ხარაგაულშიც.

ვაროას ტკიპას რაც შეეხება, რადგანაც უკვე კვერცხი საკმაო რაოდენობითაა სკაში, შესაბამისად ტკიპის რაოდენობაც იზრდება და აუცილებელია დავამუშავოთ ტკიპაზე.

პირადად ჩემი რჩევა იქნება, დავამუშაოთ ოთხჯერადად ოთხი დღის შუალედით. შეგვიძლია გამოვიყენოთ ფირფიტები ან ჩასასხურებელი რომელიმე პრეპარატი, ოღონდ დოზირებით.

ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რამდენი ფუტკრიანი ჩარჩო გვაქვს სკაში და არა სულ რამდენი ჩარჩოა ჩადებული. წესით, სკაში უნდა იყოს იმდენი ჩარჩო, რამდენსაც ფუტკარი ფარავს.

რაც შეეხება ტროპილელაქსოზის ტკიპას, დღევანდელი რეკომენდაციებით მასზე მხოლოდ ჭიანჭველამჟავა მოქმედებს. შესაბამისად, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მის დასამუშავებლად. აუცილებელია ორივე ტკიპაზე ტესტის გაკეთება, რომ დავადგინოთ ტკიპის რაოდენობა და პრეპარატის მოქმედების შედეგი.

ყოველი სკა ინდივიდუალურია. დიდ საფუტკრეში რამდენიმე სკის დანაკლისი ადვილად აღდგება, ხოლო დამწყები მეფუტკრისთვის თითოეულ სკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მეფუტკრეს წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს მეფუტკრე გიორგი ლომსაძე.