ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის:

ბაქარ ხიჯაკაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“;

ლაშა ცხადაძე  „გახარია-საქართველოსთვის“;

ვასილ გველესიანი  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

სამივე კანდიდატს ერთი და იგივე შეკითხვებით მივმართეთ.

 

რა არის თქვენი ამომრჩევლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

ბაქარ ხიჯაკაძე: -უმუშევრობა, ახალგაზრდების მიგრაცია და რთული კრიმინოგენული ვითარება ზესტაფონში ყველაზე მთავარი პრობლემებია. თუმცა, პრობლემები ყველა მიმართულებით გვაქვს.

ლაშა ცხადაძე: -ზესტაფონში საერთოდ უგულვებელყოფილია სოციალური საკითხები. მოუწესრიგებელია შიდა ტრანსპორტის მიმოსვლა. ზესტაფონში მწვავედ დგას ეკოლოგიური საკითხი, რომელიც მარტო ფეროშენადნობთა ქარხანას არ ეხება. მუნიციპალიტეტში ღია საკანალიზაციო არხებია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის. მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებში აშენების შემდეგ, ალბათ, არც ერთ ხელისუფალს არ შეუხედავს.

ვასილ გველესიანი: -უამრავი შეხვედრა ჩავატარეთ მოსახლეობასთან, დახლოებით 150 ლოკაციაზე ვიყავით. გამოიკვეთა პრობლემები, რომლებსაც მოსახლეობა ღიად აყენებს. ეს არის გზების კეთილმოწყობის, სოფლების გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას?

ბაქარ ხიჯაკაძე: -ამ პრობლემების მოგვარებას დღე და ღამე მუშაობით, ბიუჯეტის ობიექტურად განაწილებით ვაპირებ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში სამუშაო ადგილები გაბერილია – „ქართული ოცნების“ კოორდინატორებით არის გადავსებული და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებში იხარჯება.

მერად არჩევის შემთხვევაში, საკრებულოსთან შეთანხმებით, ბიუჯეტი ობიექტურად განაწილდება ისე, რომ ყველა სოფლამდე და ყველა მოსახლემდე სიკეთე თანაბრად მივიდეს. ინვესტიციების მოზიდვა და განათლებული ახალგაზრდების ჩართვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ეს იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი.

ლაშა ცხადაძე: -პირველ რიგში, ბიუჯეტი ნორმალურად უნდა დაიგეგმოს და თანაბრად განაწილდეს სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურაზე. შემდეგ აუცილებელია საბიუჯეტო თანხებისა და შესრულებული სამუშაოს მკაცრი კონტროლი. ამას აუცილებლად მივხედავ. ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი და როგორ უნდა გავაკონტროლო თითოეული თეთრი, ძალიან კარგად ვიცი.

ვასილ გველესიანი: -მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას.

რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

ბაქარ ხიჯაკაძე: -კეთილსინდისიერ მუშაობას, კრიმინალის შემცირებას, გაჭირვებული ადამიანების მაქსიმალურად გვერდში დგომას ვპირდები ზესტაფონის ამომრჩევლებს.

ლაშა ცხადაძე: –ამომრჩევლებს უკეთეს ცხოვრებას ვპირდები და რაც მთავარია, სიმართლეს. ვერავის მოვატყუებ. დღეს ვაჭრობენ მოსახლეობასთან, რომ გზას გაგიკეთებთ, თუ ხმას მოგვცემთო. 21-ე საუკუნეში რომ წყალზე და გზაზე ევაჭრები ადამიანს, არის სირცხვილი.

ერთიანად სოფელი არ აშენებულა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ხალხმა თავად უფრო იცის, რომელ უბანს რა სჭირდება. ამიტომ, პირველ რიგში, მათ დავეკითხებით და გადაწყვეტილებებს კაბინეტიდან გაუსვლელად არ მივიღებთ.

ვასილ გველესიანი: -ამომრჩევლებს ვპირდებით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათი პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის ნომერ პირველი პრობლემები იქნება.

რამდენად გაქვთ მხარდაჭერის იმედი, ამორჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მიიღებთ?

ბაქარ ხიჯაკაძე: -ზესტაფონის ამომრჩევლების უმრავლესობა – 70-80% არის ოპოზიციურად განწყობილია. უმრავლესობა ხმას მე მომცემს.

ლაშა ცხადაძე: –ვნახოთ, 2 ოქტომბერს რა მოხდება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ხალხს ყელში ამოუვიდა ძველი „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლო ცხრაწლიანი მმართველობა და ერთ წრეზე ტრიალი. მოსახლეობის განწყობას 2 ოქტომბერს ვნახავთ.

ვასილ გველესიანი: -პროცენტულად მაგის გათვლა ასე მარტივი არ არის. თუმცა, ყველა შეხვედრაზე, მიუხედავად კრიტიკისა, იკვეთება კეთილგანწყობა და ეს კეთილგანწყობა მაფიქრებინებს, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს.

თქვენი კონკურენტი ამ არჩევნებზე.

ბაქარ ხიჯაკაძე: -კონკურენტი არის მთლიანად სამთავრობო რესურსი – დაშინება, მოტყუება, მოსყიდვა, სოციალური დახმარების მოხსნით დაშანტაჟება. ჩვენ ახლა ვებრძვით სახელმწიფო მანქანას, რომელიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს.

„ქართული ოცნებიდან“ კენჭს ფეროს დირექტორი იყრის. მისი ყოველთვიური ხელფასი 25 ათასი ლარია და ახლა 2 ათას ლარიანი ხელფასი სურს? დაინტერესებულია იმით, რომ მიწაში დარჩენილი მადანი ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობით ადვილად მოიპოვოს.

მილონობით ლარი ღირს ფეროს პროდუქცია და ზესტაფონის ბუჯეტში იმ თანხიდან არაფერი რჩება. იწამლება ქალაქი და ფეროში დასაქმებულებს სამარცხვინო ხელფასები აქვთ.

ლაშა ცხადაძე: –ჩვენ არავის წინააღმდეგ ვართ და არავის ვებრძვით. ჩვენ ვართ საქართველოსთვის. იმისთვის არ მიომია და მიწვალია, რომ ვიღაცებმა ხალხის ფული ჭამონ და ის შერჩეთ. ყველაფერს უნდა მიეხედოს ისე, როგორც წესი და რიგია.

ვასილ გველესიანი: -ჩვენი კონკურენტი პირდაპირი გაგებით არის მართლაც ის გამოწვევები, რასაც მოსახლეობას ვპირდებით, რომ უნდა გადავწყვიტოთ და მათი ცხოვრება გავაუმჯობესოთ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი „ქართული ოცნების“ შემომწირველია