საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობისთვის კანდიდატურა ორმა პარტიამ წარადგინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ირინე გრძელიშვილი იყრის,

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ საჩხერის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი.

ლევან ივანაშვილთან დაკავშირებას კვირაზე მეტია ვცდილობთ. თავიდან გვიპასუხა, მოვიცლი და დაგირეკავთო. შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვებს მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირინე გრძელიშვილი პასუხობს.

რა არის თქვენი ამომრჩევლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

-პირველი ის არის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდების მიგრაციაა. სოფლებში კარდაკარ დავდივარ და ყოველი მესამე სახლი დაბოქლომებულია. საჩხერეში ეკოლოგიური პრობლემებია. კორუფცია და ნეპოტიზმი ტანჯავს საჩხერეს.

ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როვცა საჯარო მოხელის გამოცდა ჩავაბარე, გასაუბრება წარმატებით გავიარე და ამის დამადასტურებელი მესიჯიც მივიღე. შემდეგ მითხრეს, ტექნიკური შეცდომა მოხდაო. პარლამენტარებს მივმართე, მაგრამ ჩემი უფლებები არავინ დაიცვა. ვერავინ განმიმარტა, რა სახის „ტექნიკური შეცდომა“ მოხდა.

როგორ აპირებთ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას?

-ველოდები, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნება და განსხვავებული აზრები შეჯერდება. მინდა, მოსახლეობას ჩემი შესაძლებობები დავანახო – როგორ უნდა განაწილდეს ბიუჯეტი სწორად და მიზნობრივად.

საჩხერეში ბიძინა ივანიშვილისგან სახლების გადახურვას და გაზიფიცირებას გვამადლიან. არადა, ბევრი სახლი ხელახლა გადასახურია. ივანიშვილს ხომ არ ჰგონია, ყველა მაგის ერთგული იყო?! სახლების ნაწილი უხარისხო მასალით გადახურეს.

მერად არჩევის შემთხვევაში, პრობლემების გადასაჭრელად საქმიან, პროფესიონალ და მიუკერძოებელ ადამიანებთან ერთად ვიმუშავებ. მთავარი მაინც ისაა, რომ კოალიციური მთავრობა და სამართლიანი სასამართლო შეიქმნას.

რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

-ამომრჩევლებს ვპირდები, რომ ყველას მიმართ მიუკერძოებელი და სამართლიანი ვიქნები. საჩხერლები ნახავენ, თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი და ჰუმანური მმართველი. სამსახურებრივ ავტომანქანაში „ფრანცუსკებთან“ ერთად რეზინის ბოტები მექნება, რომ ხალხთან ვიარო და მათი სატკივარი მოვისმინო.

მთელი საჩხერე პატივს მცემს, როგორც მორალურად, ზნეობრივად გამართულ და სამართლიან ადამიანს. არავის მივცემ უფლებას, ბიუჯეტი გაფლანგოს.

-რამდენად გაქვთ მხარდაჭერის იმედიამორჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მიიღებთ?

-მშრომელი და პატიოსანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი ძალიან მაქვს. ხელისუფლებაში დასაქმებულები ჩუმად მეუბნებიან, რომ ჩემს გვერდით არიან. საოლქო საარჩევნო კომისიისგან არჩევნების შედეგების გაყალბებას არ ველოდები, მაგრამ რა მოხდება უბნებზე, არ ვიცი. ვფიქრობ, საჩხერეში მეორე ტური შედგება.

თქვენი კონკურენტი ამ არჩევნებზე.

-ჩემი კონკურენტი სამთავრობო შტაბი და სუსია. დილით რომ გამოვდივარ, სახლთან სუს-ის მანქანა მხვდება. ჩემი კონკურენტი მაინც კრებითი სახელი „ბიძინა ივანიშვილია.“

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

ვინ არიან საჩხერის მერობის კანდიდატები