ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭიათურის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

  1. პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ ჭიათურის მერობის კანდიდატია უსუპი ბიწაძე;
  2. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან მოქმედი მერი – გივი მოდებაძე;
  3. დამოუკიდებელი კანდიდატი – ნოდარ ჩაჩანიძე.

ჭიათურის მერობის კანდიდატებს ერთიდაიგივე შეკითხვებით მივმართეთ.

მოქმედმა მერმა გივი მოდებაძემ გვიპასუხა, რომ ინტერვიუ პარტიის პრესსამსახურთან შეგვეთანხმებინა. პრესცენტრიდან არ მოგვაწოდეს იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისთან ინტერვიუ უნდა შეგვეთანხმებინა.

ამიტომ ჩვენგან დასმულ შეკითხვებს ჭიათურის მერობის ორი კანდიდატი პასუხობს.

რა არის თქვენი ამომრჩევლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

უსუპი ბიწაძე: – ჩვენს ამომრჩეველს ჭიათურაში ბევრი პრობლემა აქვს. პირობითია და ასე ძნელია დაახარისხო, თუმცა ჩემს აზრს გეტყვით. პირველი ეს არის, სიღარიბე, მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურიდან დიდი ფული გადის.

მეორე – ეკოლოგიური კატასტროფა იმის გამო, რომ „ჭიათურმანგანუმი“ ყველაფერს თხრის და შემდეგ მიწის კულტივაციას არ ახდენს.

მესამე – ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობა და უსაქმურობა. ანუ, 300 კაცს რომ კომპანია გამოყრის ქუჩაში და შენ ამბობ, კომპანიის საქმეებში ვერ ჩავერევიო, ეს უკვე კრიზისია. დიახ ჩვენ სახეზე გვაქვს უმოქმედო, უუნარო და უპასუხისმგებლო ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება.

ნოდარ ჩაჩანიძე: – სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, ფინასური კრიზისი ქალაქში – ეს ჭიათურის უპირველესი პრობლემაა. ყოველი მესამე ჭიათურელი სოციალურად დაუცველია. ხარაგაულის შემდეგ იმერეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეორე ადგილზეა.

მეორეა გარემოსდაცვითი პრობლემა. სოფლების 30%, სადაც მარგანეცს მოიპოვებენ, ეკოლოგიური კატასტროფის ზონაშია. ასეთ პირობებში ცხოვრება მოქალაქეთა ჯანმრთელობას აზიანებს.

მესამე პრობლემაა ის, რომ სოფლების 80%-ში ისევ არ აქვთ ბუნებრივი აირი, წყალი და მოწესრიგებული გზები.

როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას?

უსუპი ბიწაძე: – პრობლემის გადაჭრა კომპლექსურია. ძნელია ცალსახად ამ საკითხების გადაწყვეტა. ცენტრალურ დონეზე უნდა მოითხოვონ მუნიციპალიტეტების მერებმა მეტი დეცენტრალიზაცია. დეცენტრალიზაციის პირობებში მეტ ფულს დაიტოვებ ადგილზე, მეტი უფლება გექნება ინვესტორთან და ასე შემდეგ.

ნოდარ ჩაჩანიძე: – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია. თუ შევადარებთ სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს, საკმაო რესურსია იმისთვის, რომ მისი სწორად განაწილების შემთხვევაში ინფარსტრუქტურული პროექტები მოგვარდეს.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უნარი იმის, რომ მოიპოვოს საერთაშორისო თუ სახელმწიფო გრანტები. რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი სახსრები მწირია. ვიცი, როგორ მოვიზოდო თანხები და აქედან გამომდინარე მივხედავთ ინფასტრუქტურას.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობა „ქართულ ჯიგრულ პონტშია“ აწყობილი. ვაპირებ, რომ კომპანიასთან ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, რათა კიდევ უფრო მეტი თანხა დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობროვ მეწარმეებს მანგანუმის გაყიდვიდან.

რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

უსუპი ბიწაძე: – ვდებ კონტრაქტს საზოგადოებასთან ყველა სოფელსა და ქალაქში, ანუ 64 სოფელსა და ქალაქის 2 სამაჟორიტარო ოლქში. ვდებ კონტრაქტს, სადაც ჩაიწერება ყველა ის საჭიროება, რაც აწუხებს სოფლებს და მივაწერთ ხელს.

ეს იქნება იმ გაუფასურებული სიტყვების გადასაზღვევად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარსად აქციეს. ეს არის გაუფასურებული სიტყვის გადაზღვევისთვის, რითაც ეს სოფლები გეტყვიან და შეგახსენებენ არა სიტყვებს, არამედ დაგიდებენ შენგან ხელმოწერილ დოკუმენტს, სადაც იქნება ის, რისი გაკეთებაც შეუძლია ადგილობრივ ბიუჯეტს და რისი უფლებაც გააჩნია მუნიციპალიტეტს.

ნოდარ ჩაჩანიძე: – ამომრჩევლებს ვპირდები ორ რამეს – ეს არის პატიოსნება, რაც ყველზე მეტად აკლია ჩვენს ქვეყანასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტს. არავის მივცემ უფლებას, თუნდა ერთი თეთრი არაკანონიერად მიიღოს ბიუჯეტიდან იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის ფულია.

ვაპირებ, რომ დასრულდეს კორუფციული სქემები, როცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები პროექტებს უხარისხოდ ასრულებენ. დღეს ჭიათურის ბიუჯეტის ნახევარიც არ ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას.

ამომრჩეველს ვპიდები, რომ როგორც პატიოსანი მეურნე, ისე მოვექცევი ქალაქს. ვპირდები, რომ მერია და საკრებულო ძლიერი, პატიოსანი, გამოცდილი და ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტდება. ახალგაზრდებს მივცემ შესაძლებლობას, რომ დაბრუნდნენ ჭიათურაში და ჩაერთონ თავიანთი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

რამდენად გაქვთ მხარდაჭერის იმედი, ამორჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მიიღებთ?

უსუპი ბიწაძე: – ეს არჩევნები სხვებისგან განსხვავდება. აქ ძნელია პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს, როცა ფინანსები ისე არ გაქვს, როგორც სხვებს. დროც სხვებივით არ გვქონდა. ასე რომ, ვერ ვიტყვი პროგნოზს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ნოდარ ჩაჩანიძე: – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები პირველ ტურში უნდა დამთავრდეს ჩემ სასარგებლოდ.

ჭიათურა არის უნიკალური იმით, რომ არც ერთმა ანგარიშგასაწევმა ოპოზიციურმა პარტიამ კონკურენტი არ დამიყენა. ეს არის უპერცედენტო შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ტურში გავიმარჯვებ. ერთ-ერთი ორგანიზაცია დავიქირავეთ კვლევის ჩასატარებლად. საოცარი შედეგებია – ამომრჩეველთა 42% მხარს მე მიჭერს, 17%-მა პასუხზე უარი თქვა.

სოფლებში მომუშავე მობილური ჯგუფებიდან შემოსული პასუხებით ირკვევა, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ჩემი მხარდამჭერია. გამარჯვების დიდი შანსი მაქვს.

თქვენი კონკურენტი ამ არჩევნებზე.

უსუპი ბიწაძე: – ორი კონკურენტი მყავს და ორივეს მივიჩნევ კონკურენტად, არა იმიტომ, რომ „წონიანები“ არიან, არამედ იმიტომ, რომ მეტი კონკურენტი არ არსებობს.

ნოდარ ჩაჩანიძე: ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე არის „ქართული ოცნების“ მოქმედი მერი გივი მოდებაძე.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგი, ეკონომისტი, იურისტი – ჭიათურის მერობის კანდიდატები