ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში სასმელი წყლის პრობლემა თითქმის ყველა უბანს აწუხებს.

ვარძიელი ლიანა სარალიძე ამბობს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალი ონკანში რამდენჯერმე მოდის.

„თითოეულ ოჯახს დღეში დაახლოებით 500 ლიტრი წყალი გვჭირდება. ამ უბანში 9 ოჯახი ვცხოვრობთ და ამდენი წყალი სად არის?! მთის ძირში 16-ტონიანი ავზი დგას, მაგრამ  არ გვყოფნის. ჭიდან ვზიდავთ წყალს – დღეში 8-10-ჯერ მიწევს წყლის მოტანა. ჭის წყალი ძალიან მარილიანია და ჯანმრთელობისთვის საზიანო. წვრილფეხისთვის წვიმის წყალს ვაგროვებ და ძალიან ვწვალობთ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ მიგვიმართავს, იმედი არ გვაქვს, რომ ვინმე მოგვეხმარება“, – ამბობს ლიანა სარალიძე.

„სარეცხ მანქანას წყალს ხელით ვამატებთ, რომ მუშაობა შეძლოს, – ამბობს ვარძიაში მცხოვრები მანანა გიგინეიშვილი, – 16 წელია, აქ ვცხოვრობ და წყლის პრობლემა მუდმივად გვაწუხებს.  ჩვენი წყარო სასაფლაოების ბოლოშია და სასმელად ვერ ვიყენებთ. წყაროში იმდენად მცირე რაოდენობით მოდის წყალი, რომ გვალვაში სულ შრება. მაისიდან ოქტომბრამდე, ფაქტობრივად, უწყლოდ ვართ და ძალიან ვწვალობთ. ერთი წელია წყლის გაკეთებას გვპირდებიან, – ზემოთ დიდი ავზი დადგეს, მაგრამ მასში წყალი არ არის.

„ვარძიას იმდენი წყალი აქვს, რომ შეიძლება თითოეულ მოსახლეს წყალი უპრობლემოდ მიეწოდებოდეს, მაგრამ ამას შრომა სჭირდება, – ამბობს ვარძიაში მცხოვრები ლალი ხარაზიშვილი, – სკოლის უბანში მაცხოვრებლებს რამდენიმე წლის წინ დაგვპირდნენ, რომ ჭაბურღილს გავაკეთებთ – სკოლაც დაკმაყოფილდება, საბავშვო ბაღიც და მოსახლეობაცო.

კაცი იმედით ცოცხლობს. იმედი კი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ვისი ან რისი ბრალია, არ ვიცი. ამ უბანში 9 ოჯახი ვცხოვრობთ. წყლის ავზიდან, რომელიც სკოლასა და საბავშვო ბაღს ამარაგებს, წყალი იქცევა, მაგრამ ამ ავზიდან მოსახლემ რომ წყალი ოჯახში მიიყვანოს, ამის უფლება არ გვაქვს.

ზაფხულში სკოლა და ბაღი დაკეტილია, ავზიდან წყალი იქცევა, ჩვენ კი უწყლობით ვიტანჯებით, – რა ჰქვია ამას, არ ვიცი. საკუთარი წყლის ავზი მაქვს, მაგრამ გვალვაში შრება. ზაფხულში სარეცხ მანქანას წვიმების შესაბამისად ვამუშავებ, – თუ წვიმა მოვიდა, ავზში წყალი გროვდება და ონკანშიც მოდის.

სოფელ ლეღვანში კიბაბოურის უბანში მცხოვრები ლალა ვეფხვაძე ამბობს, რომ, რამდენიმე წელია, წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა – უშედეგოდ.

„არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი როგორც პრესით, ასევე – ადგილობრივ ხელისუფლებასთან პირად საუბრებში. თუმცა, არაფერი შეცვლილა და წყალი კვლავ არ მოდის. კიკაბოურის უბანი მეწყერსაშიშია, მოტანილი წყლის ავზიც მეწყერმა დააზიანა, წყლის მილები ჰაერშია გამოკიდებული და გამუდმებით ზიანდება“, – წუხს ლალა ვეფხვაძე.

„რა დროსაც არ უნდა მოხვიდეთ თეთრაწყაროში, – წყალი არ მოდის. რამდენჯერ მოიტანეს წყლის ავზი, მაგრამ ჩვენ არაფერი გვეშველა. ახლაც, წინასაარჩევნოდ, კვლავ მოიტანეს ავზი. ვნახოთ, რა გაკეთდება“, – ამბობს თეთრაწყაროში მცხოვრები ბესო ვეფხვაძე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 28 სოფლის მოსახლეობამ წყლის სისტემის მოწესრიგება მოითხოვა. მათგან ნაწილი წყლის ავზის მოტანას ითხოვდა, ნაწილი – მილების შეძენას, ზოგი კი ჭაბურღილის გაკეთებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის, თქმით წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა სოფელშია, რადგან წყლის დებეტი, განსაკუთრებით ზაფხულში, არასაკმარისია.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ წყალაფორეთში, პატარა ვარძიასა და ლახუნდარაში ჭაბურღილები უკვე მოეწყო. ამჟამად ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები ვარძიაში მიმდინარეობს. ჭაბურღილები გასაკეთებელია ბაზალეთში დევდარიანების უბანში და კიცხის იგორეთში. სხვა სოფლების მოსახლეობას, მოთხოვნის შესაბამისად, წყლის მილებითა და ავზებით ვამარაგებთ. სარგვეშში მოსახლეობამ წყლის დამატებითი დებეტი თავიანთი ძალებით მოიძია, წყლის სოფლამდე მოსაყვანად სარგვეშელებს, სავარაუდოდ, წყლის მილებს შევუძენთ“, – ამბობს დავით დევდარიანი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტეტმა ტენდერით სექტემბერში 54 ცალი, სხვადასხვა ტევადობის პლასტმასის წყლის ავზი შეიძინა შემდეგი სოფლებისათვის – ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ზვარე, კიცხი, თეთრაწყარო, ლაშე, ლეღვანი, ქვები, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ღორეშა, წიფა, გოლათუბანი, წყალაფორეთი და ხევი. მათ შესაძენად ბიუჯეტიდან 41 111 ლარი დახარჯა.

2021 წლის ივლისიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა წყლის მილების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 113 073 ლარია.

ამავე პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ერთ პირთან მოლაპარაკებით ინდმეწარმე „ნიკა ოსანაძესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სოფელ ვანისთვის 8-ტონიანი რკინის ემალირებული  (მეორადი) წყლის ავზი 2650 ლარად შეიძინა.  ასევე ერთ პირთან მოლაპარაკებით გაუფორმა ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ინდმეწარმე „ავთანდილ მჭედლიძეს“, პლასტმასის 5 ავზის შესაძენად. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 850 ლარი გადაიხადეს.

 

როგორ წყალს უნდა ვიყენებდეთ, როგორია ევროსტანდარტი და რა ვალდებულება აქვს საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ამაზე სასაუბროდ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს მივმართეთ.

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გვევალება, ჩვენი კანონმდებლობა ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციაში მოვიყვანოთ.

საქართველოში წყლის შესახებ კანონი, ჯერჯერობით, მიღებული არ გვაქვს. ასოცირების ხელშეკრულებით, ამ კანონის მიღების ვადა 2019-2020 წელი იყო. კანონპროეტი მზადაა, მაგრამ, ჯერჯერობით, განხილვა არ დაწყებულა.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომ 2024 წლისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სუფთა წყლის მიწოდება. ეს წერია მკაფიოდ, თუმცა ამ პრობლემის აღნიშნულ ვადაში მოგვარება საეჭვოა, რადგან ეს ვალდებულება ნიშნავს სუფთა, გაწმენდილი წყლის მიწოდებას თითქმის ყველა დასახლებული პუნქტისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში თითქმის 4 ათასამდე დასახლებული პუნქტია და შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემა ყველგან უნდა იყოს გამართული. უნდა მოწესრიგდეს საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ბევრ ქალაქში სანიაღვრე სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, დიდი ნალექის შემთხვევაში წყალს ვერ ატარებს და ქალაქები პერიოდულად გვეტბორება.

წყალთან მიმართებაში 4 ძირითადი დირექტივა/ვალდებულება უნდა შევასრულოთ, – ეს არის  1) სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი; 2) გამწმენდი ნაგებობების მოწესრიგება; 3) საბანაო წყლების დირექტივა, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ბანაობა შეიძლება თუ არა ამა თუ იმ წყალში და 4) წყალდიდობების პრევენცია.

ჯერჯერობით სად ვართ? – ველოდებით, როდის დაიწყებს პარლამენტი წყლის კანონპროეტის განხილვას.

მონიტორინგის სისტემა წყლის ხარისხზე, ასევე ჩამონადენ წყლებზე, თავიდან შესაქმნელია, რადგან ჩვენი მონაცემები საქართველოში არსებულ წყლებზე მოძველებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალს წყაროებიდან ვიღებთ, უნდა არსებობდეს ამღები და გამწმენდი ნაგებობა, სანამ წყალი მოსახლეობამდე შევა.

წყლის გაწმენდის ორი მეთოდოლოგია არსებობს, – ეს არის ჩვენთან გავრცელებული დაქლორვის მეთოდი და ოზონური  გაწმენდა. ეს უკანასკნელი უფრო ძვირია, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ დაქლორვის მეთოდზე უარი თქვა, რადგან ქლორი ქიმიური, საკმაოდ სახიფათო ნაერთია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ძირითადად, ქალაქებისა და დაბების წყლის სისტემებს აწესრიგებს. სოფლებში ეს სისტემა მთლიანად თვითმმართველობების ხელშია. მათ მოსაწესრიგებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არც საკმარისი ფული აქვთ და არც შესაბამისი განათლების მქონე ადამიანების რესურსი.

წყლის სისტემა შედარებით გამართულია საჩხერეში, მეტ ნაკლებად – ჭიათურაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მძიმე მდგომარეობაა ზესტაფონში, ხარაგაულში, ვანში წყალტუბოში, სამტრედიაში. დაწყებულია მუშაობა, თუმცა ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ფული, რომ გაიმართოს ეს სისტემა, არამედ გვჭირდება სპეციალისტები, რომლებიც ამ სისტემის მოვლაზე იმუშავებენ.

 

წყლის სათავე ნაგებობასთან, სადაც წყალი გროვდება, აუცილებლად უნდა იყოს მეორე, გამწმენდი მცირე ზომის ავზი. ამას გარდა, იქ არ უნდა მოძრაობდეს საქონელი, არ უნდა იყოს ძოვება. ავზი უნდა იყოს დახურული. მასში არ უნდა ხვდებოდეს წვიმის წყალი და სხვა მინარევები.

ამასთან, მოსახლეობა ვერ შეეჩვია, რომ გაწმენდილი სასმელი წყალი არ უნდა გამოიყენოს მოსარწყავად და ამით მის მეზობელს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდოს.

სარწყავი სისტემის განვითარება კიდევ ცალკე საკითხია. ჩვენ მიშვებით ვრწყავთ. სასურველია დაინერგოს წვეთოვანი სისტემები, რომელიც უფრო ეკონომიურია.

მიუხედავად იმისა, რომ იმერეთი შედარებით წყალუხვ რეგიონად ითვლება, წყალი მაინც გვაკლია. საჭირო გახდა ჭაბურღილების გაკეთება და ჭებში თოკების დაგრძელება, რადგან  გრუნტის წყლები ნელ-ნელა იკლებს.

XX საუკუნეში  ითვლებოდა, რომ მტკნარი წყალი აღდგენადი  რესურსია.  XXI საუკუნეში ითვლება, რომ მტკნარი წყალი აღდგენადი აღარ არის. ჩვენი ტყეები წყალმარეგულირებელ და წყალწარმომქმნელ ტყეებად მიიჩნევა და როცა ნაპირებზე იჩეხება ტყე, ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში ჩვენ წყალი საერთოდ გაგვიქრება. ამის ერთადერთი პრევენცია ჭალის ტყეების აღდგენაა.

გარდა ამისა, ზედაპირული წყლის ობიექტები კავშირში არიან მინერალურ წყლებთან. ხარაგაულში ბევრი წყარო გვაქვს, რომლებიც მოვლას ითხოვს. სერიოზული დაკვირვების საგანია, რა ზემოქმედება ექნება ზედაპირული წყლების კლებას, მინერალურ წყლების საბადოებთან მიმართებაში. ეს არის ძალიან რთული, კომპლექსური საკითხი და ჩვენ გვევალება, რომ აუცილებლად მოვიყვანოთ ჰარმონია-ადაპტაციაში ევროკავშირის დირექტივებთან“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე:

წყალმომარაგების პრობლემა ჭიათურასა და ზესტაფონში

სოფლის ექიმის დეფორმირებული რეფორმა (ვიდეო)