როგორ და რა პირობებში მუშაობენ სოფლის ექიმები ხარაგაულში
ათი წელია, ლაშის საექიმო ამბულატორიის ასაცრელი მასალის შესანახ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმის დარეგულირება, მაცივარის გაუმართობის გამო, ვერ ხერხდება.
ათი წელია, ვერ მოგვარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის პროგრამით აშენებული ამბულატორიების შენობების საკუთრების საკითხი. ამის გამო, ზოგი მათგანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ზოგს კი დენი არალეგალურად მიეწოდება.
შვიდი წელია, წყალაფორეთის სოფლის ექიმი მარია ოქრომჭედლიძე ხელსაბან ნიჟარას ხელჩანთის დასადებად იყენებს, რადგან აქ წყალი არ მოდის.
ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელს შვიდჯერ მოუწია შინ მშობიარესთვის დახმარების გაწევა იმის გამო, რომ მისი თანასოფლელებისთვის სამედიცინო მომსახურება ძნელად ხელმისაწვდომია.
რა პრობლემები აქვთ სოფლის ექიმებს ხარაგაულში და რა უნდა გაუმჯობესდეს პირველადი ჯანდაცვის პროგრამაში, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამბულატორიების მედპერსონალსა და პაციენტებს ვესაუბრეთ.
ხარაგაულის ამბულატორიები ელექტროენერგიის, წყლისა და ინვენტარის გარეშე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორია თხუთმეტ სოფელში ფუნქციონირებს – (ბაზალეთში, ბორითში, ვარძიაში, ვახანში, ზვარეში, კიცხში, ლაშეში, ლეღვანში, მოლითში, საღანძილეში, ფარცხნალში, ღორეშაში, წიფაში, წყალაფორეთსა და ხუნევში). მათგან ცხრა სამედიცინო ამბულატორია 2006 წელს მსოფლიო ბანკის პროექტით აშენდა. წიფაში ამბულატორიის ახალი შენობა 2014 წელს აიგო. პაციენტების მიღება ბაზალეთში 2012 წელს დაიწყო.
ვარძიაში, ვახანსა და ფარცხნალში სოფლის ექიმებს ოთახები ადმინისტრაციულ შენობებში აქვთ გამოყოფილი.
ბორითის სოფლის ექიმი გიორგი ბარბაქაძე ამბობს, რომ მას გაუმართლა, რადგან ახალი შენობა ძველის ადგილას აიგო, სადაც ელექტროენერგიის მრიცხველიც ჰქონდათ და წყალგაყვანილობაც. ამიტომ, კოლეგებისგან განსხვავებით, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და აპარატურის გამოყენება შეუძლია.
კიცხის სოფლის ექიმი უფრო ცუდ პირობებში მუშაობს. მამია ტაბატაძემ ამბულატორიაში დენი ახლომდებარე აფთიაქიდან შეიყვანა. აქ წყალი მხოლოდ ეზოშია, ისიც მუდმივად არ მოდის.
კიდევ უფრო მძიმეა ვითარება საღანძილესა და მოლითში, სადაც სამედიცინო ამბულატორიებს არ მიეწოდება წყალი, ღორეშის ამბულატორიას კი – დენი.
წყალაფორეთის ამბულატორიაში წყალგაყვანილობისა და ელექტროენერგიის სისტემები 2009 წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა. ამის გამო ვეღარც გათბობის სისტემას იყენებენ. უშუქობის გამო ექიმი ამირან ხალილულაევი კარდიოგრამისა და ჰემოგლობინის აპარატებს ვერ ამუშავებს.
ვარძიაში რომ სოფლის ექიმმა, თამარ მახათაძემ, 16 წლის წინ ამბულატორია დააფუძნა, შენობა არ არსებობდა, – ხან სკოლას იყო შეკედლებული, ხან გამგეობას. 2003 წელს ორგანიზაცია „ქეამ“ ააგო შენობა, სადაც ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სოფლის ადმინისტრაცია განთავსდა. თუმცა, შენობას არ აქვს წყალი და ტუალეტი. ეზო შემოსაღობია.
ვახანის ამბულატორიას არ აქვს არანაირი ინვენტარი და არ მიეწოდება წყალი. უწყლოდაა დარჩენილი ფარცხნალის ამბულატორიაც.
ხუნევისა და კიცხის ორდონიან ამბულატორიებს, ხეველებისა და ხიდრელების მოთხოვნით, ექიმი ხევსა და ხიდარშიც ემსახურება. ხეველებს უჭირთ ხუნევის ამბულატორიაში, ხოლო ხიდრელებს კიცხში მისვლა.ხევში პაციენტები ექიმს კავშირგაბმულობის შენობაში აკითხავენ, ხიდარში – ადმინისტრაციულ სახლში. წყალმომარაგების სისტემა არც ერთგან არ მუშაობს. წიფის ამბულატორიის ეზო შემოსაღობია.
სოფლის ექიმები „მცოცავი გრაფიკით“
გასული წლის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სამედიცინო კადრების ნაკლებობაზე და აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კადრების მოძიებას დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით, ან სხვა მექანიზმებით უნდა შეუწყოს ხელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმების უმრავლესობა, კადრების დეფიციტისა და დაბალი ანაზღაურების გამო, სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიცაა დასაქმებული. ამის გამო ზოგჯერ თავად ექიმმაც არ იცის, რა დღეს შეძლებს სოფელში მისვლას.
სოფლის ამბულატორიების 18 ექიმიდან სამი მუშაობს მხოლოდ სოფლის ექიმად – მოლითის ორდონიანი ამბულატორიის ორი ექიმი და ლაშის სოფლის ექიმი.
ორ-ორ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ ბორითის, ვახანის, ვარძიის, ზვარის, ლეღვანის, ფარცხნალის, ღორეშას, წიფას, წყალაფორეთისა და ხუნევის სოფლის ექიმები;
სამ-სამ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ ბაზალეთის, კიცხისა და საღანძილის სოფლის ექიმები.
სამედიცინო კადრების სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს ბორითის სოფლის ექიმი გიორგი ბარბაქაძე. ის კვირაში მინიმუმ ორჯერ ბორითშია, შაბათ-კვირას იქ ატარებს. ის ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსია და ამბობს, რომ კვირაში შვიდი დღე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
იმავე რეჟიმით ცხოვრობს ექიმი თემურ შუბითიძე. ის ხუნევის, ხევისა და ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს ემსახურება და ამავდროულად ხევის სკოლის ექიმია. თემური შუბითიძე ხევში ცხოვრობს და ამბობს, რომ პაციენტები სახლშიც აკითხავენ.
„მცოცავი გრაფიკით,“ კვირაში ორჯერ ახერხებს მისვლას ბაზალეთში სოფლის ექიმი თინა მჭედლიძე, მაგრამ ზუსტი დღე არ იცის, რადგან იმავდროულად სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ თანამშრომელია.
იმავე სამსახურების თანამშრომელია საღანძილის ამბულატორიაში ექიმი ნანი არევაძე, რომელიც სოფელში მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს მუშაობს.
მისგან განსხვავებით, ექიმი თამარ მახათაძე ვარძიის სოფლის ამბულატორიაში პაციენტების მიღებას ოთხი დღის განმავლობაში ახერხებს.
სამშაბათსა და ხუთშაბათს ელოდებიან წყალაფორეთში ექიმ ამირან ხალილულაევს. ამავე დღეებშია ღორეშაში ექიმი იამზე პაქსაშვილი. ორივე დასაქმებულია ბორითის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაში.
ირმა ფორჩხიძე ვახანში ასვლას კვირაში ერთხელ ან ორჯერ ახერხებს, რადგან ის ხარაგაულის სასწრაფო დახმარების სამსახურშიც მუშაობს.
პაციენტების პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს კიცხის სოფლის ექიმი მამია ტაბატაძე, – დილის საათებში, სანამ ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამუშაოდ წამოვა, ავადმყოფებს უკავშირდება და ნახულობს. ის კიცხში ცხოვრობს და პაციენტებს შაბათ-კვირასაც იღებს. რადგან სამ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, მიღების მუდმივი დღეების დანიშვნა ვერ ხერხდება.
ხარაგაულის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი წიფის ამბულატორიაში ოთხშაბათობით დადის.
ზვარეს სოფლის ექიმი გოჩა ჩხაბერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე თვეა, ვეღარ მუშაობს. სოფლის ექიმად ზვარეში მისი მეუღლე, ნინო კობახიძე, აგრძელებს საქმიანობას. ნინო ექიმი ქუთაისის ბავშვთა ინტერვენციული მედიცინის ცეტრის რეანიმატოლოგია, რის გამოც მისი გრაფიკი სრულიად არაპროგნოზირებადია. ამიტომაც ზვარეში მისვლის ზუსტი გრაფიკი არ გააჩნია.
ფარცხნალელებმა კი თავიანთი ექიმის მუშაობის დღე ზუსტად იციან. მანანა ტაბატაძე იქ პაციენტებს ორშაბათობით იღებს, რადგან სხვა დროს ხარაგაულის #2 სკოლის ექიმად მუშაობს.
სოფლის ექიმი აზა ფურცელაძე კვირაში ერთ დღესაა ლეღვანსა და დიდვაკეში, ერთ დღეს კი მარელისში ატარებს. პარალელურად ის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცეტრი – ხარაგაულის“ ექიმია.
თუ გაუმართლათ და ავადმყოფის პატრონს ავტომანქანა ჰყავს…
ვარძიის სოფლის ექიმ თამარ მახათაძეს ჩანთით „კალოშები“ დააქვს. სოფელში წვიმიან ამინდში ამის გარეშე ვერ გადაადგილდება. ის, სოფლის სხვა ექიმების მსგავსად, ბინაზე რამდენჯერმე აკითხავს მწოლიარე პაციენტებს.
სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციის მიხედვით, სოფლის ექიმის ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. იმერეთში 12 მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის ექიმებს ტრანსპორტირების ხარჯებს მხოლოდ ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უნაზღაურებს.
ხუნევის სოფლის ექიმს ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებამ მისი ტრანსპორტირება დააფინანსოს. თამარ გველესიანის თქმით, პაციენტებს ეკონომიურად უჭირთ. უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და არ აქვს საშუალება, ექიმი მანქანით მიიყვანოს ბინაზე.
„ავადმყოფის პატრონს თუ ავტომანქანა ჰყავს, ხომ კარგია. თუ არადა, ვერც ერთი ექიმი ვერ იკადრებს, რომ უტრანსპორტობის გამო პაციენტთან არ წავიდეს. სამოქმედო უბნის ერთი სოფლიდან მეორეში რომ მიხვალ, ის დღე დამთავრებულია და სხვას ვეღარაფერს ასწრებ, – ამბობს ბორითის ამბულატორიის ექიმი გიორგი ბარბაქაძე.
24 მწოლიარე პაციენტთან ძირითადად ფეხით, ან საკუთარი ტრანსპორტით მიდის ექიმი თემურ შუბითიძე. ის ამბობს, რომ ხარჯების ანაზღაურება ან ხელფასის მომატება მედპერსონალს უფრო მოტივირებულს გახდის.
ღორეშის სოფლის ექიმ იამზე პაქსაშვილს უტრანსპორტობის გამო ძალიან უჭირს სოფელში მისვლა. ის სარგვეშის მოსახლეობასაც ემსახურება და როგორც თავად ამბობს, ორ კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებს მისვლას. „რომ მივიდე, უკან ვეღარ ვბრუნდები. ძალიან სერიოზული პრობლემაა უტრანსპორტობა,“ – ამბობს იამზე ექიმი.
ტაქსით მიდიან ამბულატორიამდე ბაზალეთისა და ფარცხნალის სოფლის ექიმები.
ხშირად ექიმებს შემოსავლის დიდი ნაწილის დახარჯვა ისევ პაციენტებზე უწევთ. ისინი ტრანსპორტირებისა და კომუნალურ ხარჯებს ხელფასიდან ფარავენ, ამბულატორიების შენობებს უვლიან, ექიმის ჩანთას პირველადი დახმარების მედიკამენტებით ავსებენ.
„სოფელში ექიმი ყოველდღე გვჭირდება“
ნადაბურის სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე იხსენებს, რომ 1999 წელს პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შემდგომში ჯანდაცვის მინისტრმა, ლადო ჭიპაშვილმა ექთნობის კანდიდატს ხელი ჩამოართვა და მოსახლეობას დაჰპირდა, ნადაბურში სამედიცინო პუნქტი უახლოეს ხანში გექნებათო. ნადაბურელები ექთანსა და სამედიცინო პუნქტს დღემდე ელოდებიან.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ექიმების მადლიერი და კმაყოფილია. მოქალაქეები აცხადებენ, რომ როცა სჭირდებათ, ექიმს უკავშირდებიან. თუმცა მოვისმინეთ განსხვავებული პოზიციებიც.
ხუნევის ამბულატორიას ეკუთვნის ნადაბური. ნადაბურელები ამბობენ, რომ მათი ექიმი თემურ შუბითიძე საუკეთესოა, მაგრამ სოფელში ფიზიკურად მისვლას ვერ ახერხებს.
ციცქიურის მცხოვრები დალი გელაშვილი ხევში ან ხუნევში ექიმთან წასვლას, თუ ტაქსი დაიქირავა, ზესტაფონში წასვლას არჩევს, რადგან იქ ექიმისგან გამოწერილს წამალსაც შეიძენს.
ნადაბურელების უპირველესი მოთხოვნაა სამედიცინო პუნქტი. ამ პრობლემის მოგვარებას მათ წინასაარჩევნოდ ყველა კანდიდატი ჰპირდება, თუმცა, ჯერჯერობით პრობლემა ვერ გადაწყდა.
„გუშინ მეუღლე გამიხდა ავად. როგორც კი დავურეკე, ზესტაფონიდან მაშინვე მოვიდა ამირან ექიმი. დაუზარელია. კმაყოფილი ვარ ყველანაირად,“ – ამბობს წყალაფორეთელი თეიმურაზ ხიჯაკაძე.
ვარძიაში მცხოვრებ ლალი ხარაზიშვილს თამარ ექიმთან საპრეტენზიო არაფერი აქვს. მე რომ დიაგნოზი დამისვა, თბილისში პროფესორმა მითხრა, რა ჭკვიანი ექიმი გყოლიათო.“
სოფლის ექიმის მომსახურებით უკმაყოფილო ნამდვილად არ არის ლეღვანელი რუსუდან გიგაშვილი, მაგრამ სოფელში კვირაში ერთ დღეს ექიმის ყოფნას არასაკმარისად მიიჩნევს. რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ სოფელში ბევრი ავადმყოფი და მოხუცია. უმრავლესობა ვერც სოფლის ამბულატორიამდე ახერხებს მისვლას და რაიონში ჩასვლაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეები სოფლის ექიმების კვლიფიციურობისა და პროფესიონალიზმის გამო მადლიერებას გამოხატავენ, პირველადი სამედიცინო მომსახურება არასაკმარისად მიაჩნიათ.
რას შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას
ჯანდაცვის სამინისტროში იციან, რომ სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლელა წოწორია ამობს, რომ სამინისტრომ აუდიტის ანგარიშის მიხედვით მოქმედების გეგმა-გრაფიკი შეიმუშავა.
სამინისტრო მაისში გეგმავს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინფრასტრუქტურისა და ექიმების ტრანსპორტირების პრობლემების მოსაგვარებლად.
ლელა წოწორიას თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს წერილი ხუნევის, კიცხის, წყალაფორეთის, ლაშის, ლეღვანისა და საღანძილის ამბულატორიების შენობების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემის თხოვნით.
ლელა წოწორიას თქმით, სოფლის ამბულატორიებს სამინისტრო უზრუნველყოფს კადრებით. ადგილობრივი ხელისუფლება კი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ექიმს მუშაობის შესაბამისი პირობები შეუქმნას, – მოუწესრიგოს ინფრასტრუქტურა, დაუფინანსოს კომუნალური და ტრანსპორტირების ხარჯები.
სამედიცინო კადრების დეფიციტის დაძლევის გზას ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი გადამზადების პროგრამაში ხედავს.
-სასურველია, რომ სოფლის ექიმი სხვაგან არ მუშაობდეს, მაგრამ ეს მოთხოვნა რომ დავიცვათ, სოფლები დაგვრჩება პირველადი სამედიცინო მომსახურების გარეშე, – ამბობს ლელა წოწორია, – სოფლის ექიმები და ექთნები, დემოგრაფიულ-გეოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით, მოსახლეობის 2015 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად გადანაწილდებიან.
სამინისტრო სოფელში ექთნის შტატის დაშვების საკითხზე იმსჯელებს, თუ მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება თხოვნით მიმართავს. ნადაბურიდან მსგავსი წერილების მიღების შესახებ ლელა წოწორიას ინფორმაცია არ აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მუშავდება „პირველადი ჯანდაცვის კონცეპტუალური დოკუმენტი.“ ლელა წოწორიას განმარტებით, დოკუმენტში გაიწერება კრიტერიუმები ექიმების განაწილების, კადრების განვითარებისა და მათი ანაზღაურების შესახებ. შემუშავდება სოფლის ექიმების გარკვეული წახალისების ინდიკატორები მათი ანაზღაურების გასაზრდელად.
2016 წლის ბოლომდე გაირკვევა, რა შეიცვლება უკეთესობისკენ „პირველადი ჯანდაცვის კონცეპტუალური დოკუმენტით,“ რომელზე მუშაობაც, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დასრულდება.
ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება, რეალურად გაუმჯობესდება თუ არა სოფლის ექიმის პროგრამა იმ პირობებში, როცა მაღალმთიანი სოფლის მასწავლებელს, 21-ე საუკუნეშიც კი, ბებიაქალის ფუნქციების შეთავსება უწევს.
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი