სახლში, ონკანში წამოსულ წყალს 21-ე საუკუნეში საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ფუფუნებად მიიჩნევს, რადგან წყლის მოტანა, ოჯახური საჭიროებებისთვის, წყაროებიდან ან ჭებიდან უხდებათ.

ზემო იმერეთის სამი მუნიციპალიტეტიდან  – საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი – შედარებით უკეთესი მდგომარეობა საჩხერეშია.

ქალაქ საჩხერეში 2007 წელს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 24 საათიანი წყალმომარაგება მოეწყო. წყლის სისტემასთან ერთად მოწესრიგდა კანალიზაციის ქსელიც.

„წყლის სისტემების მოწესრიგება ბოლო წლებში საჩხერის ადმინისტრაციულ ერთეულებში დავიწყეთ, – ამბობს საჩხერის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე ჭიხორია, – ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მშენებლობა უკვე დასრულდა, ამჟამად მოსახლეობას გაუფილტრავი, ტექნიკური წყალი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ვფიქრობთ, ოქტომბრის ბოლოდან მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდებას შევძლებთ.

ასეთივე მდგომარეობაა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. წყალმომარაგების პრობლემა ამჟამად კორბოულისა და ჯალაურთას ადმინისტრაციულ ერთეულებს აწუხებთ, აქ წყლის სისტემისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. იმედია, 2022 წელს სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც შევძლებთ“.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში მცხოვრები ეკა ომიაძე ამბობს, რომ მის სოფელში წყალი არასოდეს ყოფილა.

„ეზოებში ჭები გვაქვს და მას ვიყენებდით. ზაფხულში თუ გვალვები დაიწყებოდა, ჭაში წყალი შრებოდა და ქალაქ საჩხერიდან გვიხდებოდა წყლის ამოტანა 3 კილომეტრზე. მანქანებით ჩავდიოდით და ბალონებით ამოგვქონდა.

ახლა „წყალი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა და სოფელში წყლის სისტემა მოეწყო. წყალი კი მოდის, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ტექნიკური წყალია და ვიდრე შემკრებ ავზს არ დაქლორავენ, დასალევად არ გამოვიყენოთ,“ – ამბობს ეკა ომიაძე.

საჩხერის მსგავსად, ქალაქ ჭიათურას 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. თუმცა წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, ქალაქ ჭიათურას წყალი საჩხერის ტერიტორიაზე გათავსებული ჭაბურღილებიდან მიეწოდება.

ქალაქისგან განსხვავებით მძიმე მდგომარეობაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ჭიათურაში მცხოვრები ვალერი კაპანაძე ამბობს, რომ  წყლის პრობლემა მწვავედ იმ სოფლებში დგას, სადაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ კარიერულად ან მაღაროს წესით მიწები დაამუშავა.

„ითხვისი, პერევისა, შუქრუთი, კალაური, მერევი, ზოდი, ჭირხვალი, რგანი – ეს ის სოფლებია, სადაც წყაროები მიწების დამუშავების შემდეგ დაიკარგა. ეს წყალი ახლა მიწის ქვეშ გაედინება და ღელეებში იკარგება. სამუშაოები ჩასატარებელია, რომ ამ წყლების სათავეები მოვიძიოთ და კვლავ მოსახლეობამდე გავიყვანოთ“, – ამბობს ვალერი კაპანაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მცხოვრები ნიკოლოზ კაპანაძე ამბობს, რომ  მის სოფელში წყლის სისტემა მთლიანად ამორტიზებულია.

„სოფელში ჯერ კიდევ საბჭოთა დროის ავზები და წყლის მილებია შემორჩენილი, რომლებიც ძალიან დაზიანებულია. მთავარი პრობლემა, რაც არა მხოლოდ ითხვისს, არამედ მთელ ჭიათურას აწუხებს, წყლის დეფიციტია.

თუ 80-იანი წლების ტოპოგრაფიულ რუკებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში სოფელ ითხვისში 14 წყარო არსებობდა, ახლა რეალურად ორი თუ ფუნქციონირებს. კაპანაძეების უბანში წყალი „ჯორჯიან მანგანეზს“ დიდი ცისტერნით ყოველდღიურად მოაქვს და მოსახლეობას ამარაგებს. ეს ტექნიკური წყალია და მას სამელად ვერ ვიყენებთ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, ფინანსებია საჭირო, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ფონდებიდან უნდა მოიძიოს. მთავარია, დაკარგული წყლის სათავე  მივაკვლიოთ. ჩემი აზრით, აქ წყლის დებეტი იმდენია, რომ სოფელ ითხვისს ეყოფა. თუმცა მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ითხვისში, არამედ ბევრ სოფელში დგას და მას უფრო სისტემური მიდგომა სჭირდება“, – ამბობს ნიკოლოზ კაპანაძე.

2019 წლის თებერვლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტმა მის მმართველობაში მყოფი შპს „ჭიათურის წყალი“ ჩამოაყალიბა, რომელიც ჭიათურის სოფლების წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი.

„ბოლო წლებში სოფლებში წყლის მოხმარება იზრდება. ამიტომ აუცილებელი გახდა სოფლების წყალმომარაგებაზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უფრო მეტად ეზრუნა, – ამბობს შპს „ჭიათურის წყალის“ ხელმძღვანელი როინ კუსიანი, – ჭიათურაში 15 ადმინისტრაციული ერთეული, 60 სოფელი და 3400-მდე უბანია. თითოეულ უბანს ყურადღება სჭირდება. ეტაპობრივად დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე ადგილას სატუმბი სადგურები ავამოქმედეთ.

კაცხის, ქვაციხის, ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს წყლით ვამარაგებთ. მთლაიანად მოვიცავით სოფელი სვერი და უსახელო. ჯამში 950-მდე აბობენტი გვყავს. ამას გარდა, მოსახლეობას საჭირო მილებითა და ავზებით ვამარაგებთ. იქ, სადაც ზედაპირული წყაროებია, ვცდილობთ, ისეთი წყალგაყვანილობა გავაკეთოთ, რომ წყალი არ დაიკარგოს.  ამ ეტაპზე  ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვაფინანსებს.

ჩვენს აბონენტებს წყალი, ჯერჯერობით, უფასოდ მიეწოდება. იმისათვის, რომ წყალზე აბონენტებს გადასახადი დაუწესო, სამი სახის ლიცენზირებაა საჭირო – ლიცენზირება წყლის მოპოვებაზე, წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლზე და გაყიდვის უფლებაზე სემეკთან შეთანხმებით. ეტაპობრივად მივდივართ იმისკენ, რომ მრიცხველები დაიდგას. წყალზე მრიცხველების დაყენება აუცილებელია, რადგან სასმელ წყალს სოფლებში სარწყავად იყენებენ.

ამ ეტაპზე ჭიათურაში წყალთან დაკავშირებით ორი დიდი გამოწვევა გვაქვს – წყლის დებეტის შემცირება და მოძველებული, დაზიანებული სისტემები.

ზოგ სოფელში საუკუნოვანი წყაროები შრება, ზედაპირული წყლები იმ რაოდებობით როგორც წლების წინ გვქონდა, აღარ გვაქვს. ამიტომ საჭირო გახდა ჭაბურღილების გაკეთება. ჩამოყვანილი გვყავდა გეოლოგები, დავადგინეთ რა სიღრმეზეა მიწის ქვეშ წყალი, როგორია მიწის ფენების  შემადგენლობა. სპეციალისტებისგან ეს დასკვენი აუცილებელია, რომ ჭაბურღილების მოწყობა დავიწყოთ. ეს სამუშაოები, ფაქტობრივად, ყველა სოფელში ჩასატარებელია და არა მხოლოდ ჭიათურაში,“ – ამბობს როინ კუსიანი.

წყალმომარაგება პრობლემაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. აქ წყლის პრობლემა არა მხოლოდ სოფლების, არამედ ქალაქის მაცხოვრებლებსაც აწუხებს.

ქალაქ ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ნინო მარაქველიძე ამბობს, რომ  წყალს იმდენად დაბალი წნევა აქვს, რომ მრავალბინიანი სახლების მაღალ სართულებამდე ვერ აღწევს.

„მერვე სართულზე ვცხოვრობ. დღის არც ერთ მონაკვეთში წყალი ნორმალურად არ მოდის, ზოგჯერ ონკანიდან მხოლოდ ჰაერი გამოდის. მუდმივად ყურადღებით ვარ და თუ წყალი მოვიდა, ოჯახისთვის ვიმარაგებ,“ – ამბობს ქალბატონი ნინო.

სოფელ დილიკაურში მაცხოვრებლები არტეზიული ჭის მოწყობას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

ამ სოფლის მკვიდრი შალვა პერანიძე ამბობს, რომ ქოჩიაშვილების უბანში მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებათ და ოჯახისთვის წყალი ავტომობილებით მოაქვთ.

წყლის დებეტის ნაკლებობა აწუხებთ ზედა საქარის, პირველი სვირის, ზოვრეთის, საზანოს, როდინაულის მაცხოვრებლებსაც.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ინფრასტრუქტირის საკითხებში დავით მაღრაძე ამბობს, რომ წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელს მეტ-ნაკლებად აწუხებს.

2014-2016 წლებში საყავრიისა და კირკის უბნების წყალმომარაგების სამუშაოები ჩატარდა. ახლა ამ უბნებს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვთ. წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 25 მილიონი ლარი გამოყო ქალაქ ზესტაფონის წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად. საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.

მთავარი  პრობლემა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები წყლის დებეტის ნაკლებობაა. წყაროებსა და ჭებში წყლის რაოდენობამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საგრძნობლად მოიკლო. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ბევრი ჭა და წყარო საერთოდ შრება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის თანხა იმ რაოდენობით არ არის გამოყოფილი, რომ სოფელში მთლიანი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის საკმარისი იყოს. სოფლები ამ თანხით ავზებისა და მილების შეძენას ითხოვენ. წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა ამ მიმართულებით ზესტაფონში დაახლოებით 20-მა სოფელმა გახარჯა,“ – ამბობს დავით მაღრაძე.

წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 880 ათასი ლარი სოფლებში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოიყო. თანხა, ძირითადად, ჭაბურღილებისა და არტეზიული ჭების მოწყობას მოხმარდება.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე

„ზაფხულში უწყლობით ვიტანჯებით“ – დაუძლეველი პრობლემა ხარაგაულში (ვიდეო)