შმაგი ავალიშვილი ახალგაზრდა მეღვინე-მევენახეა სოფელ კიცხიდან. ის მამის, რამაზ ავალიშვილისგან 50 წლის წინ დაწყებულ მამაპაპისეულ საქმეს აგრძელებს. მალე ავალიშვილების ღვინის დაყენების ოჯახურ ბიზნესს პატარა ილიაც შეუერთდება.
შმაგი მეღვინეობით სამი წლის წინ დაინტერესდა და პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 5 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა. მიღებული თანხით ავზები, ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი და ბოთლზე საბეჭდი დანადგარი შეიძინა. ასე ჩაეყარა საფუძველი „ავალიშვილების მარანს“.
ბოთლებში ჩამოსხმული ავალიშვილების ღვინო თბილისში, ღვინის ხუთ მაღაზიაშია წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეძენა.
ავალიშვილების ოჯახი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მიიღო USAID-ის მხარდაჭერა, რომელიც მიზნად საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ისახავს.
შმაგის მთავარი მიზანი ბავშვობის სურვილის ახდენაა – კიცხს, ხალხმრავლობით, მეტი ხალისი შესძინოს.
– შმაგი, მეღვინეობით როდის და რატომ დაინტერესდით?
– ჩემი ოჯახი, დიდი ხანია, სახლში ღვინოს ამზადებს სტუმრებისა და საკუთარი მოხმარებისთვის. ამ სფეროთი განსაკუთრებით 2018 წლიდან დავინტერესდი. ტურიზმის სფეროში ვარ. საკუთარი ტრანსპორტით ტურისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადამყავს და ჩვენს კულტურას ვაცნობ.
სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა. ვენახიც მაქვს, პატარა მარანიც და რატომ არ შეიძლება, რომ ტურისტს თავად შევთავაზო ღვინო და სოფლის ნატურალური პროდუქტები.
ღვინის ტურიზმი ძალზედ პოპულარული ხდება და ამიტომ მარნის განახლება გადავწყვიტეთ. მე და მამაჩემმა ვერანდა საკუთარი ხელით ავაშენეთ. პროფესიით მეღვინე არ ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროეკოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.
ჩემს თავს მეღვინეს ვერ ვუწოდებ. თუმცა, ბუნებასთან სიახლოვე და ჩემი სოფლის გამოცოცხლება ჩემი ოცნება იყო. ჩემი წამოწყება ოჯახს, უბანს, სოფელს ჟრიამულს, ხალხმრავლობას, სიხალისეს შეძენს, სტუმრებს გაუმრავლებს.
– რა არის თქვენი ღვინის ძირითადი ღირსება და რა ტექნოლოგიით ამზადებთ მას?
– ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. ცოტას ვაწარმოებთ, მაგრამ მომხმარებელს ბიოყურძენსა და ნატურალურ ღვინოს ვთავაზობთ. ნატურალური მეღვინეობა ღვინის ქვევრში დავარგებას გულისხმობს. ხელოვნურ საფუარებს არ ვიყენებთ. ქვერში როგორიც დგება, ისაა ბუნებრივი ღვინო. ჩვენ მას არ ვფილტრავთ.
ჩვენი ღვინო არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს და ეს არის მისი მთავარი ღირსება. ვენახსაც ბიოპრეპარატებით ვწამლავთ. სისტემურ პრეპარატებს არ ვიყენებთ. მართალია დიდი ოდენობით მოსავალს ვერ ვიღებთ, მაგრამ მთავარია ჩვენი ნიშა – ხარისხი შევინარჩუნოთ.
– რა ჯიშის ვაზი გაქვთ?
– ჩვენ გვქონდა ციცქა და ცოლიკაური. ცოლიკაური, რომელიც ბაბუამ 70 წლის წინ გააშენა, ხმებოდა და მოსავალს აღარ გვაძლევდა. ამიტომ 2018 წელს გავჩეხეთ და მის მაგივრად კრახუნა გავაშენეთ. ეს იმერული უნიკალური ჯიშის ვაზია. მისგან მაღალი ხარისხის ღვინო დგება. წელს პირველ მოსავალს მივიღებთ. მცირე ოდენობით ასევე გვაქვს ოცხანურის საფერე და ციცქა.
მომავალ წელს სამი ტიპის ღვინო გვექნება. სამომავლოდ კიდევ ორი ჯიშის დამატებას ვგეგმავთ, მათ შორისაა მთის რკო. ეს არის იმერული ჯიში, რომელიც შავ ყურძენს ისხამს. ჩვენი პირობებისთვის მეტად მოსავლიანია. ჭაჭის არაყის გამოხდაც გვინდა.
იმერეთში ძველად 70 უნიკალური ჯიშის ვაზი იყო. კომუნისტებმა გაჩეხეს. მხოლოდ ისეთი უხვმოსავლიანი ჯიშები დატოვეს, როგორიცაა ციცქა და ცოლიკაური. საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია ისიც, რომ დღესაც ხშირად ღვინოს კი არ ვაყენებთ, არამედ ვაკეთებთ. ეს ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია.
– მეღვინე-მევენახეები სხვადასხვა ტიპის შხამქიმიკატს იყენებენ და ტრადიციულ მეთოდებზე უარს ამბობენ. თქვენ როგორ უვლით ვაზს?
– ჩვენ ბიომიმართულება ავირჩიეთ. ვიყენებთ ბორდოსა და გოგირდს, ასეე სხვადასხვა ნახარშებს; მაგალითად, ჭინჭრის ნახარში ძალიან კარგია. მისი გამოყენების შემთხვევაში ვენახი გამძლეა და ჯანსაღად გამოიყურება. ის ერთ-ერთი კარგი სტიმულატორია და ვაზს კვებავს.
ქორფა ჭინჭარი ადრე გაზაფხულზე უნდა დაკრიფო, დამდუღრო და პროპორციების გათვალისწინებით მიაწოდო ვენახს როგორც ფოთლიდან, ასევე ფესვებიდან. სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ ვიყენებთ კონტაქტურ ბიოპრეპარატებს, რომელიც მხოლოდ გარედან ეფინება ფოთოლს და სისტემაში არ შედის. ეს კარგია.
– USAID-ის პროგრამაში როგორ ჩაერთეთ და ეს მხარდაჭერა რას გულისხმობს?
– 2018 წლიდან ვმონაწილეობთ „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღვინის ფესტივალში. სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მირჩიეს, დავინტერესებულიყავი USAID-ის პროგრამით, რომელიც იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცირე მარნების მოძიებას და ფართო წრეებში მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ერთწლიანი ტრენინგები გავიარე. მართალია, ჩვენ დიდი ხანია ვამზადებთ ღვინოს, მაგრამ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია საჭირო. სიახლეები უნდა მივიღოთ და დავნერგოთ, ახლებურად შვხედოთ ღვინის დაყენებას. ეს ტრენინგები ამაში ძალიან დამეხმარა.
გასულ კვირას იყო დასკვნითი ეტაპი, რომელიც იმერეთის ათი მარნიდან ორში ინფოტურის მოწყობას მოიცავდა. ერთ-ერთი გამარჯვებული ჩვენ აღმოვჩნდით. ექსპერტები ადგილზე გაეცვნენ, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ტურისტებს. ჩვენი ღვინო დააგემოვნეს და ძალიან მოეწონათ.
3 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. „ღვინის სოფელში“ ჩვენც ვერთვებით. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩვენი ღვინო დააგემოვნოთ.
– კიცხში რა გიქმნით ყველაზე დიდ პრობლემას საქმიანობაში?
– ხელისუფლებისგან იმას ვითხოვთ, რაც მათი ვალდებულებაა – გზა გაგვიკეთონ. გზის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. დაგვპირდნენ, მალე მეორე ეტაპი დაიწყებაო, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა. ჩვენს უბანში, სადაც 10-12 ოჯახი ვცხოვრობთ, გზა არ მოდის. რთული ვითარება განსაკუთრებით ზამთარში იქმნება. გზის დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზეა საუბარი.
დიდი პრობლემაა წყალი, რომელიც ზაფხულში სულ შრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მილები მოგვცა. კუსტარულად გამოვიყვანეთ წყალი, რომელიც სუფთა არ არის. ღმერთმა უწყის, რას ვსვამთ. მის სისუფთავეს არავინ ამოწმებს. ნალექი მოჰყვება და ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ერთი დიდი რეზერვუარი უნდა გაკეთდეს, რომლიდანაც მთელი სოფელი მომარაგდება. თუ საჭიროა, მრიცხველებიც დაგვიდგან. თანხას ყველა გადაიხდის.
– ხომ არ აპირებთ ღვინის საზღვარგარეთ გატანას?
– წელიწადში მაქსიმუმ 3-4 ათასი ბოთლი ღვინო შეიძლება ვაწარმოოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ტურისტების მიღება და გამასპინძლებაა. დაინტერესებაც არის. ვფიქრობ, პანდემიის გამო, ჯერჯერობით, დიდი აქტივობა არ იქნება. თუმცა, წელს უკვე მივიღეთ ტურისტები.
მასტერკლასების ჩატარებას ვგეგმავთ, – ხაჭაპურის, თონის პურის გამოცხობას, ჩურჩხელის ამოვლებას ვასწავლით. ბაბუას დანატოვარი 13-ტონიანი ქვევრი გვაქვს. გვინდა მოვაწყოთ სივრცე, სადაც ღვინოებს შევინახავთ და ტურისტებს შეეძლებათ, დააგემოვნონ.
პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა. მანამდე საფრანგეთში გავაგზავნეთ ღვინო და მოწონებაც დაიმსახურა. ვფიქრობთ, სამომავლოდ ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ვიმუშავებთ.
ლიკა ხიჯაკაძე
ასევე დაგაინტერესებთ
პანდემიაზე მეტად ხელს უგზოობა გვიშლის – კურორტ „ნუნისის“ ადმინისტრაცია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
„ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი