საქართველოში პირველად პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა კურორტ „ნუნისში“ ამოქმედდა. პირველი ივნისიდან აქ რეაბილიტაციის კურსს კოვიდგადატანილი ოთხი ხარაგაულელი ბავშვი გადის. მათი რეაბილიტაცია ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ივნისში ამ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულიდან კოვიდგადატანილი ბავშვების დასვენება კიდევ ორ ნაკადად იგეგმება. სარეაბილიტაციო პროგრამა 7 ან 14-დღიანი ხანგრძლივობის იქნება. შვიდდღიანი სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი კურსის ღირებულება ერთ პირზე 820 ლარია. ამ თანხაში, სარეაბილიტაციო კურსის ღირებულებასთან ერთად, სასტუმროში განთავსება და სამჯერადი კვება შედის.
ბალნეოლოგიური კურორტი „ნუნისი“ დამსვენებლებს 2020 წლის ივნისიდან უწყვეტად იღებს. მანამდე ეს კურორტი სეზონური იყო და დამსვენებლებს მხოლოდ ზაფხულობით იღებდა. კურორტ „ნუნისის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ ზამთრობით ნუნისში ბალნეოლოგიური პროცედურებით სარგებლობა შეუძლებელი იყო.
„გასული წლის ივნისიდან მუშაობა არ გაგვიჩერებია, – ამბობს ნინო პავლიაშვილი, – პანდემიის გამო დამსვენებელთა რიცხვი, სხვა წლებთან შედარებით, შემცირდა. რიგ შემთხვევებში ჩვენ თავად ვუთხარით უარი დამსვენებლებს, რომ რეგულაციები ზედმიწევნით დაგვეცვა.
ერთ-ერთი შეზღუდვაა, რომ სასადილოში დისტანცია უნდა დავიცვათ. ამიტომ თუ წინა წლებში სასადილო ერთჯერადად 80-მდე სტუმარს ემსახურებოდა, პანდემიის პერიოდში ეს რაოდენობა 40-მდე შევამცირეთ.
დამსვენებლებს მხოლოდ იმ კოტეჯებში ვიღებთ, სადაც ოთახებს ინდივიდუალური სველი წერტილები აქვს.
კურორტ „ნუნისის“ კოტეჯში დასვენება ერთ ადამიანს დღე-ღამეში 50 ლარი დაუჯდება.
ამ თანხაში შედის კოტეჯში განთავსება და სამჯერადი კვება. სასტუმროში იგივე მომსახურება 80 ლარიდან იწყება.
პანდემიაზე მეტად ხელს უგზოობა გვიშლის. ჩვენ ყველაზე მკაცრი ლოქდაუნის დროსაც კი შეგვეძლო სტუმრების მიღება, რადგან რეგულაციების დაცვა არ გვიჭირს. თუმცა უგზოობამ საკმაოდ შეგვაფერხა. კურორტზე მოსვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი. ასეთი მანქანა კი ყველას არ ჰყავს.
დამსვენებელთა დიდი ნაწილი მატარებლით სადგურ მოლითამდე ჩამოდიოდა. მოგეხსენებათ, სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა, პანდემიის გამო, გასული წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე შეიზღუდა. ბევრმა ამის გამო ზამთარში ჯავშანი გააუქმა. უგზოობა ნამდვილად ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. ჩუმათელეთიდან გზა უმძიმეს მდგომაროებაშია. ახლახან სოფელ ნუნისში შიდა გზა მობეტონდა.
კურორტს ამჟამად არ ჰყავს საკუთარი ტრანსპორტი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მძღოლებთან ვთანამშრომლობთ. მათ ჩვენი სტუმრები მოლითის რკინიგზის სადგურიდან მოჰყავთ. ამ შემთხვევაში მოლითიდან ნუნისამდე მგზავრობის თანხას ან ჩვენ ვუხდით, ან თავად სტუმარი. ამაზე დამსვენებელთან წინასწარ ვთანხმდებით.
მაისიდან „ნუნისში“ ბალნეოლოგიური სეზონი დაიწყო. ერთი აბაზანის მიღება 15 ლარი ღირს. დერმატოლოგის კონსულტაცია უფასოა.
დამსვენებელთა 50% კუროტზე განტვირთვისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად მოდის. აქ არის სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და საუკეთესო კლიმატი.
ნუნისი ძალიან პოპულარული გახდა. სოციალური ქსელების ხანაში ვცხოვრობთ და თუნდაც ერთი გაზიარებული ემოცია სწრაფად ვრცელდება.
ივლისში კურორტ „ნუნისში“ რამდენიმე კონფერენცია, კორპორატიული შეკრება, პროექტების პრეზენტაცია იგეგმება. ახლახან კულტურისა და კრეატიული ინდუსტრიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ.
კორორტი სახელგანთქმული მაინც უნიკალური სამკურნალო წყლითაა. ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.
კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია“.
ნინო კაპანაძე
კურორტ ნუნისში დასვენების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 599 22 55 80
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი