17 ივნისს იმერეთის თეატრალური ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი“ იწყება.
ღელავენ რეჟისორები, მსახიობები და ფესტივალის ორგანიზატორები. მათი სურვილია, მაყურებლის წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ და პროფესიონალების მოწონება დაიმსახურონ.
ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრალური დასი მონაწილეობს; მათგან ქუთაისის, ჭიათურისა და ზესტაფონის სახელმწიფო თეატრები – სტუმრის სტატუსით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჟიურისგან დაწესებულ საკონკურსო ნომინაციებში არ ერთვებიან, რადგან „თეატრალური იმერეთი“ სახალხო თეატრების ფესტივალია.
ფესტივალის სტუმარია ასევე თბილისის თავისუფალი თეატრი და ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი.
რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს იმერეთის თეატრალურ ფესტივალს სახალხო თეატრებისთვის, როგორ საქმიანობენ წლიდან წლამდე მუნიციპალური თეატრები, – ამის გასარკვევად თეატრების რეჟისორებს ვესაუბრეთ.
იმერეთში მოქმედი სახალხო თეატრების რეჟისორები დაფინანსების გაზრდასა და ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ. მათი თქმით, რომ არა „თეატრალური იმერეთი“, ბევრ მუნიციპალიტეტში თეატრი საერთოდ აღარ იარსებებდა.
„ეს ფესტივალი უდიდეს პოზიტიურ როლს თამაშობს არა მხოლოდ იმერეთის, არამედ ქართული თეატრის ცხოვრებაში, – ამბობს თერჯოლის თეატრში მიწვეული რეჟისორი მამუკა ცერცვაძე, – სამწუხაროდ, ბევრ მუნიციპალურ თეატრში ფესტივალიდან ფესტივალამდე არაფერი ხდება. მიხარია, რომ საჩხერის, ვანის, ხარაგაულის სახალხო თეატრები საუკეთესო სპექტაკლებს გვაჩვენებენ.
მინდა ვუთხრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ფინანსები სახალხო თეატრებს მხოლოდ ამ ფესტივალისთვის არ სჭირდებათ. თუ გვინდა, რომ თეატრი ცოცხლობდეს, მას წლის განმავლობაში მუდმივი რეპერტუარი უნდა ჰქონდეს და ცალკე ფინანსდებოდეს.
თერჯოლის თეატრში, სპექტაკლის მოსამზადებლად შესაბამისი პირობები არ აქვთ. კარგი იქნება, სახალხო თეატრებს პროფესიონალი მსახიობების მიწვევის ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეთ“.
თერჯოლის სახალხო თეატრი ფესტივალზე სლავომირ მროჯეკის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ემიგრანტები“ წარსდგება. რეჟისორი მამუკა ცერცვაძე ამბობს, რომ ეს სპექტაკლი მონობასა და თავისუფლებაზეა.
რეჟისორის მუდმივად აყვანისთვის ფინანსები არ აქვს ტყიბულის სახალხო თეატრს. ამიტომ სპეციალურად „თეატრალური იმერეთისთვის“ ყოველ წელს სხვადასხვა რეჟისორს იწვევენ.
ჯონ პრისტლის „დედის დღე“ დადგა ამ ფესტივალისთვის რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ. სპექტაკლი მოგვითხრობს ქალზე, რომელმაც პირადი ცხოვრება ოჯახისა და შვილებისთვის დათმო.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე თამაში, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – კომპეტენტური ჟიურის დამსახურებაა ის, რომ ფესტივალი ჩვენს თვალწინ იზრდება და ვითარდება როგორც შინაარსით, ისე ხარისხით. პროფესიონალთა ჯანსაღი კრიტიკა თეატრის განვითარებას ხელს უწყობს.
„იმერული რექვიემი“ რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით დავდგი. მოქმედება თერჯოლის ფსიქიატრიული დაწესებულების, „წინწკილას“ გაუქმების გარშემო ვითარდება. „წინწკილას“ მობინადრენი ქუჩაში აღმოჩნდნენ. ისინი, შურა ექთანთან ერთად, თავშესაფრის დაბრუნებას ცდილობენ“.
„მუნიციპალიტეტებში სახალხო თეატრები, ფაქტობრივად, „თეატრალურმა იმერეთმა“ შექმნა, – მიაჩნია საჩხერის სახალხო თეატრის რეჟისორ გიორგი მეტონიძეს, – 2002 წლიდან, რაც ამ ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა, სახალხო თეატრები ყოველწლიურად განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ბევრი თეატრი მხოლოდ ამ ფესტივალზე წარსადგენი ერთი სპექტაკლის მოსამზადებლად ფინანსდება.
წელს თომას ელიოტის ლექსის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ ვითამაშებთ. ეს სპექტაკლი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შევქმენით ადამიანებმა დედამიწაზე ჯოჯოხეთი, როგორ დავივიწყეთ სიყვარული, სიკეთე და თანადგომა“.
სამტრედიის თეატრის რეჟისორი ლორეტა ჯორჯიკია სახალხო თეატრებისთვის იმერეთის თეატრალურ ფესტივალს „მთავარ სასიცოცხლო არტერიას“ უწოდებს. ის ამბობს, რომ სახალხო თეატრებისთვის მესხიშვილის თეატრის სცენაზე თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის კი ვალდებულება, რომ ადგილებზე თეატრები აარსებონ.
წლევანდელი ფესტივალისთვის სამტრედიის თეატრმა ივ ჟამიაკის „ყველაფრისთვის გადახდილია“ შეარჩია. სპექტაკლი ყოფით პრობლემებს ეხება.
„მაყურებლის სულიერი და ესთეტიური განვითარებისთვის მუნიციპალიტეტებში თეატრების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – ამბობს ბაღდათის თეატრის რეჟისორი ავთანდილ სახამბერიძე, – „თეატრალური იმერეთი“ სახალხო თეატრებს შემოქმედების დახვეწაში ეხმარება. მაყურებლის წინაშე ოთარ ბაღთურიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მეფე ლირი თავშესაფარში“ წარვსდგებით. ეს ტრაგიკომედია მოგვითხრობს შვილებისგან მიტოვებულ თავშესაფრის ბინადრებზე, რომელთაც ისევ აქტიურ ცხოვრებაში ყოფნა სურთ“.
„სახალხო თეატრები ფესტივალიდან ფესტივალამდე საშემსრულებლო დონეს ხვეწენ, – ამბობს ხონის სახალხო თეატრის რეჟისორი დავით ბახტაძე, – მარია ლადოს „ერთი უბრალო ამბავი“ დავდგით. ამ ტრაგიკომედიაში ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ხშირ შემთხვევაში, ცხოველები უფრო ადამიანურად იქცევიან და ზნეობის მაგალითს გვაძლევენ“.
„სახალხო თეატრების საქმიანობა სისტემატური უნდა იყოს, – მიაჩნია წყალტუბოს თეატრის რეჟისორს თორნიკე მარჯანიშვილს, – წელს წყალტუბოს თეატრში ნოდარ დუმბაძის „ბადიში“ დავდგით. ეს არის შვილიშვილის ურთიერთობა ბებია-ბაბუასთან. ჩავრთეთ თოჯინური ელემენტებიც. ვფიქრობთ, მაყურებელი დაინტერესდება“.
„თეატრალური იმერეთი“ გადამწყვეტ როლს თამაშობს, რომ სახალხო თეატრები არ მოკვდნენ და არსებობა გააგრძელონ, – ამბობს ვანის თეატრის რეჟისორი ლაშა ლომჯარია, – ამ ფესტივალისთვის წელს სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლიდინში“ დავდგით. ეს სპექტაკლი ეხება იმას, თუ როგორ დავივიწყეთ ღმერთი“.
თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ „თეატრალური იმერეთი“ ერთადერთი ფესტივალია, რომელიც სახალხო თეატრების პოპულარიზაციას, მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
„იმერეთი გამორჩეულია იმით, რომ თეატრი ყველა მუნიციპალიტეტშია. სახალხო თეატრების სპექტაკლები, როცა მაყურებლის სამსჯავროზე გამოდის, ხან აღფრთოვანებას, ხან კრიტიკას, ხან გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ თეატრები ცდილობენ პიესა სწორად აარჩიონ, პროფესიული დონე აიმაღლონ, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი, – წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს და ფესტივალის დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
„თეატრალური იმერეთი 2021“ წელს მეთორმეტედ გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის „იმერული რექვიემის“ რეპეტიციაზე
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.