9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ ამ დღეს, ე.წ. შუმანის დეკლარაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა გამოაცხადა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნა, რომელიც საერთო უმაღლეს ორგანოს დაექვემდებარებოდა.

ამის საფუძველზე 1951 წლის 18 აპრილს პარიზში ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ბელგიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების მიერ რატიფიცირების შემდეგ, შეთანხმება ძალაში 1952 წლის 23 ივლისს შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებდა ევროპაში პირველი ზენაციონალური ორგანიზაციის — ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნას. მართალია, ამ პირველი ხელშეკრულების უშუალო მიზანი ქვანახშირისა და ფოლადის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბება იყო, თუმცა იგი ასევე ისახავდა მიზნად ისეთი ეკონომიკური გაერთიანებისთვის საფუძვლის დადებას, რომელიც ეტაპობრივად გარდაიქმნებოდა პოლიტიკურ კავშირად.

ხელშეკრულებით შეიქმნა უმაღლესი ორგანო, საერთო ასამბლეა, სპეციალური მინისტრთა საბჭო და მართლმსაჯულების სასამართლო, რომლებიც შემდგომში დღევანდელი ევროკავშირის ინსტიტუტებად — კომისიად, პარლამენტად, საბჭოდ და მართლმსაჯულების სასამართლოდ — იქცნენ.

1950 წლის 9 მაისის შუმანის დეკლარაციის სიმბოლური მნიშვნელობის გამო, ეს დღე „ევროპის დღედ“ გამოცხადდა და ფართოდ აღინიშნება როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

წყარო