12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს. ამ დღეს საქართველოში ქრისტეს მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე აღინიშნება. ქრისტიანობის საქადაგებლად ჯავახეთისკენ მიმავალმა ანდრია მოციქულმა ხარაგაულში მდებარე მთა გადმოიარა და იქ ჯვარი აღმართა. ამის შემდეგ ეწოდება ამ მთას რკინისჯვარი.

24 წლის წინ, ხარაგაულელმა ახალგაზრდება რკინისჯვარზე პილიგრიმული ტურის ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი. 2020-2022 წლებში ეს ტური კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შედგა.

განხორციელდება თუ არა წელს ორგანიზებული პილიგრიმული მსვლელობა რკინისჯვარზე, – ამ შეკითხვით ხარაგაულის შიდა ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელს, არჩილ ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.

არჩილ ლურსმანაშვილმა გვიპასუხა, რომ ორგანიზებული ტური რკინისჯვარზე ვერც წელს შედგება, რადგან მთამდე მისასვლელი გზები დაზიანებულია და იქ ავტომანქანებით მსვლელობა უსაფრთხო არ არის.

მისივე თქმით, შიდა ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები რკინისჯვარზე წასვლას ფეხით აპირებენ. რკინისჯვარზე წასვლა დამოუკიდებლად ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რკინისჯვარის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 349 მეტრზე მდებარეობს. ამ პარკში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბილიკიცაა.

12 მაისს ანდრიაობის რკინისჯვარზე აღნიშვნის დღესასწაულში 2019 წელს ათასამდე მომლოცველი ჩაერთო. მომლოცველებთან ერთად მაშინ რკინისჯვარზე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი იმყოფებოდა.

ამავე თემაზე

ანდრიაობა რკინისჯვარზე