
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, „შრომის კოდექსში“ ქალთა უფლებების დასაცავად სერიოზული ცვლილებები 2020 წელს შევიდა.
კანონმდებლობით კონკრეტულად რა და როგორ გაუმჯობესდა ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად; რა უნდა იცოდეს დასაქმებულმა, მისი შრომითი უფლებები რომ არ დაირღვეს, – ამ საკითხებზე სამართლის დოქტორს, ჟან მონეს პროფესორს, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარეს, ეკატერინე ქარდავას ვესაუბრეთ.
ეკატერინე ქარდავა განმარტავს, რომ 2020 წელს „შრომის კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმების ადგილზე ქალსა და კაცს განსხვავებულად არ უნდა მოეპყროს; მაგალითად, თანაბარი სამუშაოსთვის, ქალმაც და კაცმაც თანაბარი ანაზღაურება უნდა მიიღონ.
კანონით ასევე გაძლიერდა ორსული ქალის დაცვის სტანდარტი – სამუშაო თუ ნაყოფისთვის საფრთხის შემცველია, დამსაქმებელმა და დასაქმებულმა შრომითი ვალდებულებების შეჩერებაზე უნდა მოილაპარაკონ. „შრომის კოდექსში“ შესული ცვლილების შედეგად, ფეხმძიმე ქალს სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისთვის გაცდენილი სამუშაო დროის გამო ხელფასი აღარ ექვითება.
ამ და „შრომის კოდექსში“ შესული სხვა სასიკეთო ცვლილებების გარდა, ეკატერინე ქარდავა წლებია საუბრობს, რომ ქალის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების და სხვა ასპექტები არ უმჯობესდება. ის მიიჩნევს, რომ დეკრეტული შვებულების სავალდებულო პერიოდი უნდა იყოს დადგენილი, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია და როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ ივალდებულა.
ქალი რომ იმშობიარებს, ის გარკვეული პერიოდი არ უნდა მოწყდეს თავის ჩვილს, სრულყოფილად უნდა გაიაროს მეძუძურობის პერიოდი და ანაზღაურების გამო სამსახურში არ უნდა გარბოდეს.
ევროკავშირის ქვეყნებში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების კუთხითაც ქალი მეტად დაცულია. თუმცა, ამის მიუხედავად, ახალნამშობიარებ ქალს, დეკრეტული შვებულების სავალდებულო პერიოდში სამსახურში გასვლა და ჩვილის დატოვება ეკრძალება. დამსაქმებელს შეუძლია ამაზე მიუთითოს. საქართველოში ქალი იძულებულია, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გასვლისთანავე სამსახურში გაიქცეს, რომ ხელფასი მიიღოს.
მეორე საკითხი, ეკატერინე ქარდავას თქმით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების რაოდენობას უკავშირდება. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქართველოში ამ მიმართულებით ნაწილობრივ შესრულდა.
კერძოდ, დეკრეტული შვებულების პერიოდში (183 დღე) საჯარო სექტორში დასაქმებული ქალი იღებს იმდენივე ოდენობის თანხას, რასაც მუშაობის დროს აიღებდა. ეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით სავალდებულოა.
ხოლო, კერძო სექტორში დასაქმებულ ქალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება დეკრეტული შვებულების თანხა, არა უმეტეს 2 ათასი ლარისა. კერძო სექტორში დასაქმებული ქალი იჩაგრება, რადგან მას, შესაძლოა, თვეში 2 ათას ლარზე მეტი ანაზღაურება აქვს.
ასეთ პირობებში, ქალი კარგავს მთელ მის შემოსავალს და 183 დღისთვის (126+57) იღებს სულ 2000 ლარამდე თანხას. გამოდის, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ქალი დეკრეტში ვერც საკუთარ და ვერც შვილის საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ იძულებულია, სამსახურში მალევე გავიდეს.
ევროკავშირის რეკომენდაციის თანახმად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება საჯარო და კერძო სექტორში ერთნაირი უნდა იყოს. საქართველოში ორივე შემთხვევაში თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა, თუმცა, არათანაბრად.
„ძალიან ხშირად, როდესაც დეზინფორმაციის ტალღა ძლიერდება, რომ თითქოს ევროკავშირი ოჯახის ცნებას გვიცვლის, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში ოჯახი, დედისა და ბავშვის უფლებები უმაღლესი სტანდარტითაა დაცული“, – ამბობს ეკატერინე ქარდავა.
დასაქმების ადგილზე შრომის უფლებების დარღვევისას ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციასთან კომუნიკაცია – უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 75. შესაძლებელია ინფორმაციის ანონიმურად მიწოდებაც. შრომის ინსპექტორები კონკრეტული შრომითი უფლებების დარღვევის შესამოწმებლად დასაქმების ადგილს გეგმიურად და არაგეგმიურად აუცილებლად შეამოწმებენ.
მეორე დამცავი მექანიზმია სახალხო დაცველის ინსტიტუტი (ცხელი ხაზი – 14 81). სახალხო დამცველს ქალთა შრომითი უფლებების დარღვევის არაერთი საქმე განუხილავს და დასაქმებულის სასარგებლოდ მოუგვარებია.
დასაქმებულისთვის მესამე დამცავი მექანიზმია სასამართლო, თუმცა ეს გარკვეულ ხარჯებსა და დროსთანაა დაკავშირებული.
ეკატერინე ქარდავა მიიჩნევს, რომ საინფორმაციო კამპანიების მიუხედავად, შრომითი უფლებების კუთხით დასაქმებულებში მაინც ცოდნის დეფიციტია. დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ:
„ევროკავშირში ინტეგრაციით სუვერენიტეტს ან ეროვნულობას კი არ დავკარგავთ, არამედ ღირსეულად ვიცხოვრებთ, – ამბობს ეკატერინე ქარდავა, – ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ჩამოყალიბდა შრომის ინსპექციაც.
ასოცირების ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ დასაქმება და კეთილდღეობა ეროვნული წარმოების გაძლიერების გარეშე ვერ გაუმჯობესდება.
ევროკავშირის კოპენჰაგენის ეკონომიკური კრიტერიუმის თანახმად, საქართველოს უნდა ჰქონდეს კონკურენტუნარიანი და წარმოებაუნარიანი ბაზარი, ე.ი. საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ მომსახურებასა და მოხმარებაზე მყოფი, არამედ აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული წარმოება და ინდუსტრია, რომ დასაქმების სტაბილური ადგილები შექმნას.
ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია არის უაღრესად ქართული და ეროვნული. შრომითი უფლებები გაუმჯობესდება, თუ ევროკავშირის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“.
ნინო კაპანაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, „შრომის კოდექსში“ ქალთა უფლებების დასაცავად სერიოზული ცვლილებები 2020 წელს შევიდა. კანონმდებლობით კონკრეტულად […]
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან