უახლოეს დღეებში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოში განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
ამ ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სარჩელით სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილი, ცალკე სასწავლო კურსის დანერგვას მოითხოვენ.
„ჩვენი უპირველესი მიზანია, ბავშვების დაცვა შესაძლო სექსუალური ძალადობისგან, – ამბობს ანა არგანაშვილი, – მათი უფლებების დაცვა და პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარება. სახელმწიფო ვალდებულია, მოზარდებს ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება. ამ გადაწყვეტილებამდე არაერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მივედით“.
ანა არგანაშვილი ერთ-ერთი ბავშვის შესახებ გვიამბობს, რომელიც თანატოლებს ეკითხებოდა, ეხებოდნენ თუ არა მათ ოჯახის წევრები სხეულის სხვადასხვა ადგილებზე. ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ ტიპის ძალადობისგან დაცვის პირველი გზა არის ის, რომ ბავშვმა შეძლოს მოსალოდნელი ძალადობის ამოცნობა. ასეთი ფაქტების ამოცნობა მას 6 წლის ასაკიდან უნდა ვასწავლოთ.
ჩვენი მიზანია ასევე ჯანმრთელობის დაცვა. სქესობრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის არქონა ზოგჯერ ნაადრევი ქორწინებების მიზეზი ხდება. ამ დროს არასრულწლოვნებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, როგორ მოუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
განათლების სამინისტრომ უნდა მოძებნოს, გადაამზადოს და დაადგინოს, თუ ვინ ასწავლის სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კურსს“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. დავინტერესით, რა გეგმა აქვს სამინისტროს სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლებასთან დაკავშირებით.
განათლების სამინისტროს მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოდან წერილობით გვიპასუხეს:
„ნაადრევ ქორწინებასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ბიოლოგიასა და სამოქალაქო განათლების საგნებშია გაშლილი, რაც ნიშნავს, რომ მისი სწავლა სავალდებულოა ყველა სკოლისთვის და ყველა მოსწავლისთვის.
გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხები მეშვიდე კლასში ისწავლება. მე-8 და მე-9 კლასებში კი შემოდის საკითხები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ნაადრევ აბორტზე, ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების თანმხლებ რისკებზე. ნაადრევ ქორწინებას, როგორც ადამიანის უფლების შეზღუდვის შესაძლო წინაპირობას, მოსწავლეები სამოქალაქო განათლებაში სწავლობენ.
რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, დაგეგმილია, ექიმის საათის ფარგლებში, 30-მდე სკოლაში დაიწყოს იუნესკოს სტანდარტით დამუშავებული საკითხების პილოტირება. ვმუშაობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთანაც. ჩვენი სურვილია, საბოლოო დოკუმენტი მათთან ერთად შევიმუშაოთ.
პილოტირებამდე ვგეგმავთ შეხვედრებს და მუშაობას მშობლებთან, რათა გავაცნოთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები მათი შვილებისთვის და გავიგოთ მათი მოსაზრებები საბოლოო ვერსიის ჩამოსაყალიბებლად“.
2015 წელს ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს ამავე სოფლის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ხათუნა ცხელიშვილი. ამ სკოლის მოსწავლის სიცოცხლე, მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო, ტრაგიკულად დასრულდა. სოფლის მოსახლეობამ კი ბრალდებულის სახლი გადაწვა.
„მოზარდს რომ სცოდნოდა, რა არის სექსუალური ძალადობა, მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო, – ამბობს ხათუნა ცხელიშვილი, – მოსწავლეებს ასეთი საკითხები მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ. მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ეტაპობრივად, პატარა ასაკიდანვე მივაწოდოთ. სქესობრივი მომწიფების ასაკში ამ თემებზე საუბარი დაგვიანებულიც კია, რადგან უკვე ბევრი რამ იციან არც თუ ისე საიმედო წყაროებიდან.
მივესალმები სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლებას ამ კუთხით სპეციალურად მომზადებული კადრებით“.
ხარაგაულის #3 სკოლის ექიმი ია ხარაზიშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს მოზარდობის ასაკში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. ია ექიმი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა მოსწავლე გოგონებმა მას მენსტრუაციის ციკლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს.
„უფროსკლასელებს შევთავაზე, რა საკითხზე სურდათ ექიმის მოსაზრებების მოსმენა, – გვიამბობს ია ხარაზიშვილი, – მათ თავად აირჩიეს თემა. საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. მხოლოდ ეგ არის, შეხვედრაზე ბიჭები არ დაგვესწრენ“.
„ბიოლოგიაში, მერვე კლასში, ადამიანის სისტემებს როცა ვსწავლობთ, მაშინ გავდივართ გამრავლებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ლია რამინიშვილი, – ეს თემები მეორე სემესტრიდან ისწავლება. მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებს ის მონაკვეთები უკვე ნანახი და წაკითხული აქვთ. მიმაჩნია, რომ დოზირებულად, ეტაპობრივად უნდა ვასწავლოთ ყველაფერი.
ბევრი მასწავლებელი ვიცი, ადამიანის გამრავლებასთან დაკავშირებულ თემებს მოსწავლეებს საერთოდ არ უხსნიდა და ეუბნებოდა, – თქვენ თავად სახლში წაიკითხეთო. მე პირიქით, ვსაუბრობ მოსწავლეებთან და მაინტერესებს, რა იციან სქესობრივ საკითხებზე.
მშობლები ამ თემებზე შვილებთან საუბარს ერიდებიან იმ დრომდე, სანამ მათი სქესობრივი მომწიფების პერიოდი არ დადგება. უარესია, როცა ქუჩაში, ინტერნეტში, ყველაფერს გაუკუღმართებულად იგებენ. ამიტომ სკოლაში ცალკე კურსის შემოღებას მივესალმები“.
სქესობრივი განათლების სკოლაში სწავლების მოწინააღმდეგეებს რადიკალურ რელიგიურ ჯგუფებში ხედავს მშობელი მაია ბერაძე. „იტყვიან, „აი, როგორ გვრყვნის ევროპა“, „ჩვენ თუ სკოლაში ეგ საკითხები არ ვისწავლეთ, რა ოჯახები ვერ შევქმენით“, „ქართველობას გვართმევენ“ და სხვ., – ამბობს მაია ბერაძე, – ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს თავისი უფლებები, რომ თავი დაიცვას მოძალადისგან, არ შექმნას ოჯახი ნაადრევ ასაკში, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. ინფორმირებულობა ყველაზე დიდი იარაღია.
ამ საკითხებზე ნაცნობ-მეგობრებთან, ჩემი შვილების თანაკლასელთა მშობლებთან მისაუბრია.
ზოგი ფიქრობს, რომ გარკვეული ინფორმაცია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოზარდებმა სკოლის საწყის საფეხურზე უნდა მიიღონ, ზოგი თვლის, რომ – 14-15 წლის ასაკში, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამ თემებზე ბიჭებსა და გოგონებს გაკვეთილები ცალ-ცალკე უნდა ჩაუტარდეთ“.
ბორითის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რაგული კალანდაძე ამბობს, რომ სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სასწავლო კურსის სკოლაში შემოღებას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. ის მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მასწავლებლების დარწმუნება მოუწევთ, რომ ეს საკითხები ნამდვილად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდისთვის.
რაგული კალანდაძე ამბობს, რომ სქესობრივი განათლება ნაადრევი ქორწინების, არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების, ძალადობრივი კავშირების პრევენციისთვის ერთ-ერთი გზაა.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
ვის ანდობს ხარაგაულის თვითმმართველობა ოჯახისა და ბავშვის ბედს
ნეტავ, კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები?
ერთ მოზარდს იმის გააზრება გაუჭირდა, რომ მასზე სუსტის დაჩაგვრა დანაშაულია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი