საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია, ბავშვის უფლებათა  კოდექსია.

ასე აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდი კოდექსს, რომლის შექმნა ამ ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ბავშვის უფლებათა კოდექსით ადგილობრივ თვითმმართველობებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების შექმნა დაევალა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, ისევე როგორც საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება იქმნება.

ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, დახურული კონკურსი უახლოეს დღეებში განყოფილების უფროსისა და სოცმუშაკის თანამდებობების დასაკავებად გამოცხადდება, ინსპექტორის თანამდებობაზე ერთი პირი ასევე დახურული კონკურსით უკვე შეარჩიეს.

კახა გოლუბიანი არ გამორიცხავს, რომ სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, მეორე ინსპექტორიც აიყვანონ, სავარაუდოდ, ხელშეკრულებით.

დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოქმედ საჯარო მოხელეებს აქვთ.

განყოფილებაში ერთი ფსიქოლოგისა და ერთი იურიტის დასაქმება იგეგმება. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ მათ ხელშეკრულებით აიყვანენ, რაც მისი თქმით, კონკურსის ჩატარებას არ საჭიროებს.

ხარაგაულის მერიაში ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში ინსპექტორად მამუკა ფერაძე დაინიშნა. მამუკა ფერაძე სხვადასხვა წლებში ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად, ხარაგაულის სატყეოში რეინჯერად, ხარაგაულის მერიის მიწის აღიარების კომისიაში მუშაობდა. ბოლო ერთი წელია, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში სკოლის ტრანსპორტის სვლა-გეზების შემოწმება ევალებოდა.

 

სოცმუშაკის კვალიფიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

მუნიციპალიტეტებში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დაკომპლექტების წესით სოციალურ მუშაკთა პროფკავშირი შეშფოთებულია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი ყურადღებას პრევენციაზე ამახვილებს.

„სხვადასხვა სამართლებრივი აქტები დამდგარი ნეგატიური შედეგის აღმოფხვრაზეა მიმართული, – ამბობს ქეთი ხუციშვილი, – ეს კოდექსი კი იმაზეა ორიენტირებული, თუ რა უნდა გაკეთდეს მანამდე, სანამ ბავშვს მოშივდება, ან სარისკო ქცევას ჩაიდენს, ან მის მიმართ ძალადობა განხორციელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მუნიციპალიტეტებში შექმნილ განყოფილელებში სოციალურ მუშაკებს ეკისრებათ. სწორედ მათ უნდა იმუშაონ პრევენციის მიმართულებით – დაიცვან ბავშვები მავნე შედეგების დადგომამდე“.

ქეთი ხუციშვილი დიდ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ სოცმუშაკის თანამდებობაზე დხურული კონკურსი გამოაცხადა. ამით აკადემიური განათლების მქონე სოცმუშაკებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.

„ეს კითხვებს ბადებს, – ამბობს ქეთი ხუციშვილი, – ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც საქმდებიან – არიან სპეციალობით სოციალური მუშაკები? აქვთ სოციალური მუშაობის გამოცდილება? სოციალურ მუშაკს საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია სჭირდება. სოციალური მუშაობის შესახებ კანონით, 2021 წლიდან სოცმუშაკად  ვერ დასაქმდება პირი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დიპლომი, ან სერტიფიკატი.

ერთ-ერთი პრობლემური საკითხი სოცმუშაკების ტრანსპორტირებაა. სოცმუშაკებს არც მანქანა ჰყავთ და არც გადაადგილების ხარჯები უნაზღაურდებათ. ამიტომ ოფისიდან ვერც პრევენციას მოახდენენ და ვერც ბავშვს დაიცავენ ძალადობისგან. ოჯახსა და სასწავლო დაწესებულებაში სოცმუშაკის მისვლა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

სოცმუშაკს სოციალური მუშაობის შესახებ კანონი და ეთიკის კოდექსი ავალდებულებს, რომ კონფიდენციალურად, ერთი ერთზე გაესაუბროს ბენეფიციარს. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სოცმუშაკები მუშაობს უკვე შეუდგნენ, არ აქვთ ცალკე ოთახი და პერსონალური კომპიუტერები.

სოცმუშაკის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვი, შესაძლოა, იყოს უკიდურესი ძალადობის მსხვერპლი და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდეს, მაგალითად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამ დროს სოცმუშაკმა სხვადასხვა მეთოდები უნდა გამოიყენოს ასეთი ძალადობების ამოსაცნობად. ამ მეთოდების ერთ თვეში შესწავლა შეუძლებელია, თუ არ აქვს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

ამიტომ ძალიან საფრთხილოა სოცმუშაკების შერჩევა, რომ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ. კონკურსანტს აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ან უნივერსიტეტის დიპლომი, ან სოცმუშაკად მუშაობის დამადასტურებელი საბუთი.

 

ფსიქოლოგი და იურისტი ღია კონკურსით უნდა შეირჩეს

ბავშვთა უფლებების დაცვაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

„ხშირად ხდება, რომ იქმნება სერვისები, სამუშაო ადგილები, რომელიც არაქმედითია, – ამბობს მაია ცირამუა, – ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კონცეფცია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს. არ არის გააზრებული, კონკრეტულმა უწყებამ როგორ იმუშაოს, ვისთან ითანამშრომლოს.

ბავშვვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში ფსიქოლოგისა და იურისტის დასანიშნად აუცილებლად ღია კონკურსი უნდა გამოცხადდეს. იურისტი და ფსიქოლოგი აქ უმთავრესი როლის შემსრულებლები იქნებიან. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. არ ვსაუბრობთ მხოლოდ იურიდიულ განათლებაზე. იურისტი, რომელიც ამ განყოფილებაში დასაქმდება, უნდა იყოს გადამზადებული და უნდა ჰქონდეს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

გადამზადებული უნდა იყოს ფსიქოლოგიც. საუნივერსიტეტო პროგრამებში სპეციფიკური მიმართულებები არ ისწავლება. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებია და აქ დასაქმებულები ღიად და გამჭვირვალედ უნდა შეირჩენ“.

 

რატომ ცხადდება დახურული კონკურსი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ღია კონკურსს მას შემდეგ გამოაცხადებენ, თუ სასურველი კანდიდატურები დახურული კონკურსით ვერ შეირჩენ.

„დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ყველა საჯარო მოხელეს აქვს. წინასწარ ხომ არ ვიცით, იქნება მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“?!

კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ახალი განყოფილება მერიაში მეორე სართულზე იმ ოთახებში განთავსდება, რომელიც ადმინისტრაციულ შეობაში ახლა ეწყობა. განყოფილების თანამშრომლებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას შეუძენენ. თუ საჭირო გახდა, ცალკე შენობასაც გამოუყოფენ.

 

როგორ უპასუხებს თვითმმართველობა ახალ გამოწვევას

გაეროს ბავშთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე მიიჩნევს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი დაამკვიდრებს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების კონვენციაშია მოცემული; ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის ყველა უფლების რეალიზაციას.

-სხვადასხვა სფეროში ამ კოდექსს ინოვაციური პრინციპები და მიდგომები შემოაქვს, – ამბობს ქეთევან მელიქაძე, – ერთ-ერთი ბავშვის ფიზიკური დასჯის უპირობო აკრძალვაა.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა დაცვის სისტემაში მოსამართლის ჩართვა. ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საკითხს თუ აქამდე ერთპიროვნულად სოცმუშაკი წყვეტდა, ახლა ამ საკითხში ჩაერთვება მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მხარეს მოუსმენს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება გადაწყვეტილებებს მიიღებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვითა და იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის ბავშვის ცხოვრებაზე.

ბავშვთა დაცვის საკითხებში თვითმმართველობების როლი და მნიშვნელობა იზრდება. ამ დრომდე ბავშვთა დაცვა სრულად ცენტრალიზებული იყო. თვითმმართველობა ბავშვთა უფლებების დაცვაში პრინციპული მოთამაშე ხდება სწორედ იმიტომ, რომ ის ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან. მან პირველმა უნდა დაინახოს, თუ ოჯახში ბავშვზე ძალადობაა; გამოავლინოს პირველი სიმპტომები, რა უჭირს ოჯახს და მიზანმიმართული ქმედებებით პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. ამ კოდექსით თვითმმართველობას ეძლევა საშუალება რომ თავად დაადგინოს ოჯახის სოციალური საჭიროებები და დამხმარე პროგრამები განავითაროს.

ძალთა ბალანსი თვითმმართველობის სასარგებლოდ იცვლება. ახლა გადამწყვეტია, რომ ამ ახალ შესაძლებლობას კარგად უპასუხონ – დაასაქმონ კვალიფიციური ადამიანები. სოცმუშაკს ბავშვისა და ოჯახის ბედი აბარია. მას უნდა ჰქონდეს უნარი, ამოიცნოს პრობლემები და იზრუნოს ოჯახის გაძლიერებაზე. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. ეს საქმე უნდა აკეთოს ადამიანმა, რომელსაც პროფესიული და აკადემიური უნარები გააჩნია. ამდენად, ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება აუცილებელია.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

ევროკავშირი და იუნისეფი ერთიანდებიან საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გასაუმჯობესებლად