გერმანიაში მუშაობის მსურველები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდებიან და სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებაზე იმუშავებენ.

გერმანიაში ლეგალური დასაქმება შეუძლიათ საქართველოს 18-დან 60 წლამდე ასაკის არანასამართლევ, ფიზიკურად ჯანმრთელ იმ მოქალაქეებს, ვისაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია და არ აქვს ისეთი დარღვევა, რაც ამ ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გამოიწვევს.

სასურველია, თუ ექნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება და ინგლისური/გერმანული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის რეგისტრაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გერმანიის მხარე ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით ითანამშრომლებს და გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო შეთავაზებები შემოვა.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით გასამგზავრებლად, გერმანული მხარის ჩართულობით, შეიქმნება 15-20 კაციანი ჯგუფები, საიდანაც 2-3 მოქალაქეს კარგად ეცოდინება ინგლისური ან გერმანული ენა. შერჩეულ პირებს ბილეთის შეძენასა და კოვიდტესტის აღებაში დაეხმარებიან.

მოქალაქეს მინიმუმ ერთი თვით ადრე ეცოდინება, აქვს თუ არა დასაქმების შანსი. შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მსურველს რეგისტრაციიდან 1-2 კვირაში დაუკავშირდნენ, ხოლო ზოგის დასაქმება წელს საერთოდ ვერ მოხერხდეს.

გერმანიაში სეზონური დასაქმება 90 კალენდარულ დღემდე შეიძლება რომ გაგრძელდეს. დასაქმების კონკრეტული ვადა სამუშაო ნებართვასა და შრომით ხელშეკრულებაში მიეთითება. სეზონური სამუშაოს მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 საათისა კვირაში.

ზოგადად, სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი დაახლოებით 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში აისახება. სამუშაო ანაზღაურდება გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში. ამას გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი – 5%.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა გერმანიის მიერ განსაზღვრულ კვოტას – თავდაპირველად სამუშაოს საქართველოს 500 მოქალაქეს სთავაზობდნენ.

31 მარტს კი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „2021 წლის მოსავლის სეზონისთვის საქართველოდან 5 000 სეზონური მუშაკი შეძლებს ჩამოვიდეს გერმანიაში. საქართველოდან პირველი სეზონურ მუშაკები, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისის დასაწყისში ჩამოვლენ“.

გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა დაფარონ შემდეგი ხარჯები:
გამგზავრებამდე: პასპორტის აღებისა და თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება, ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად და COVID-19-ზე ტესტირებისთვის საჭირო თანხა;

Covid-19-ზე ტესტის წარდგენა საჭიროა გამგზავრების წინ რამდენი დღით ადრე. ამას განსაზღვრავს გერმანული მხარე, იმ დროს არსებული ვითარების შესაბამისად.

გერმანიაში ცხოვრების ხარჯები ყოველთვიურად: ბინის ქირა (200-300 ევრო) და კვება (დაახლოებით 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა საქართველოში არსებულ დასაქმების პრობლემას დიდად ვერ გამოასწორებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე აღნიშნავს, რომ შრომისუნარიანი ადამიანები ხელისუფლებამ ადგილზე უნდა დაასაქმოს; ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ საკუთარი შესაძლებლობების საქართველოში რეალიზება მოახდინონ.

„ზოგადად, ამ პროგრამის მიმართ მოლოდინებითა და პოზიტივით არ ვარ განმსჭვალული. გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა მხოლოდ იმ კუთხითაა კარგი, რომ ადამიანები თანამედროვე ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მძიმეა, როცა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლის საჭიროება და სურვილი უჩნდებათ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ხელისუფლება იმას კი არ უნდა ცდილობდეს, პროდუქტიული და შრომისუნარიანი ადამიანები სხვა ქვეყანაში გაუშვას, არამედ საქართველოში დაასაქმოს.

ცხრა წლის წინ დიდი იმედი მქონდა, რომ რაიმეს უკეთესობისკენ შევცვლიდით, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფო პოლიტიკა შესაცვლელია. მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს. ადამიანებს ამ დარგში ახალი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება და სწორედ ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

ჩვენ გვაქვს წარმატებული ქვეყნების მაგალითი, რომელთაც არც ჩვენნაირი კლიმატი აქვთ, არც რესურსი და მიწა, მაგრამ სოფლის მეურნეობის კუთხით კარგ შედეგებს მიაღწიეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს ადგილობრივ ბიზნესს.

ჩემი აზრით, გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამა რაიმე მკვეთრ სარგებელს არ მოიტანს. მაინტერესებს, ამ კუთხით როგორ განვითარდება მოვლენები და პროცესს ყურადღებით ვაკვირდები“.

ხარაგაულელები ამბობენ, რომ გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამაში ჩართვა დამატებითი შემოსავლის მისაღებად სურთ.

ვახტანგ ჭიპაშვილი: „ოჯახს ფინანსური თვალსაზრისით ბევრი რამ სჭირდება და შესაბამისად, შემოსავალი რაც მეტი იქნება, უკეთესია. იქ გამომუშავებული თანხა აქაურ ხელფასებს მაინც სჯობს. იმ კუთხითაც არის კარგი, რომ ახალ ცოდნას შევიძენ, რადგან გერმანიაში ჩვენზე მეტი გამოცდილებაც აქვთ და უფრო მეტიც იციან სოფლის მეურნეობის კუთხით. ინგლისური სასაუბრო დონეზე ვიცი, ხოლო სოფლის მეურნეობის კუთხით გამოცდილება მაქვს“.

ირაკლი ჭიპაშვილი: „ზედმეტი შემოსავალი არავის აწყენს. გაანგარიშებული მაქვს, რა ფინანსური მოგებაც მექნება. ერთი თვეა, დავრეგისტრირდი, მაგრამ ჯერ არავის დაურეკავს“.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს დასაქმების ხელშეწყობისა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოები. დამსაქმებლები გერმანიაში მცხოვრები ფერმერები არიან.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე 

„სამუშაო ადგილები საქართველოში უნდა შეიქმნას“

გერმანიაში დასაქმების მიზნით 80 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება