
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებაზე მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჯანდაცვის სამინისტრომ სამხარეო ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ჩართო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გერმანიაში დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს, დაავალა.
ჟანა ნემსაძე ამბობს, რომ გასულ კვირაში დღეში 20-25 პირი ურეკავდა და დეტალებში გარკვევას სთხოვდა. მისი ინფორმაციით, რეგისტრაციისას მოქალაქეები შეცდომას უშვებენ, რისი ჩასწორებაც აღარ შეიძლება.
– მოქალაქეებს უხარიათ, რომ ლეგალურად დასაქმდებიან და გერმანიაში სოფლის მეურნეობის კუთხით გამოცდილებას მიიღებენ. სამი თვით ოჯახთან განშორებაც არ გაგვიჭირდებაო. მერე რას იზამენ, ვერ გეტყვით. ხარაგაულიდან გერმანიაში დასაქმების მსურველთა უმრავლესობა მამაკაცია, – ამბობს ჟანა ნემსაძე.
გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამას არაერთგვაროვნად აფასებენ ხარაგაულელები.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე ამ საქმეში თავმოსაწონებელს ვერაფერს ხედავს და შიშობს, რომ ისედაც დაბერებული სოფლები ახალგაზრდებისგან კიდევ უფრო მეტად დაიცლება.
ინგა მაღრაძის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება უმუშევარი პირების გარდა სურთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქ საჯარო სამსახურში მუშაობენ და შემოსავალი აქვთ. მისი შეფასებით, ეს ადამიანები ან ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ან, ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსური პრობლემები აქვთ. ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ შრომისუნარიანმა მოსახლეობამ დოვლათი აქ, ადგილზე უნდა შექმნას და ამაში სახელწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის შეფასებით, ვინაიდან უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, გერმანიაში დასაქმება მოკლევადიან პერიოდში ეფექტური და შედეგიანი იქნება. მას მეგობრებისა და თანამოქალაქეების ქვეყნიდან მასიური გადინება არ ახარებს. მისი თქმით, ყველაზე მყარი და საიმედოა ის, როცა მოქალაქეები ადგილზე დასაქმდებიან და მუდმივი შემოსავლები გაუჩნდებათ.
საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას იმ შემთხვევაში მიესალმება, თუ ისინი უკან აუცილებლად დაბრუნდებიან. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სამუშაო ადგილებს აქ უნდა ქმნიდეს და მუნიციპალურ ააიპებში ადამიანებს პარტიული ნიშნითა და ნათესაობის მიხედვით არ უნდა ნიშნავდეს.
საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ეკა შველიძე ვარაუდობს, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველთა 70%-ს არაკეთილი განზრახვა აქვს. ის ამბობს, რომ საქართველოში საუკეთესო პროგრამებია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, თუმცა, მოსახლეობამ მათში ჩართვისგან თავი შეიკავა. ეკა შველიძეს უკვირს, უცბად როგორ გაჩნდა ამდენი სოფლის მეურნეობას მოწყურებული ადამიანი, რომელთა უმრავლესობას საკუთარი მიწა, წლებია, არ დაუმუშავებია. ის თვლის, რომ გამოცდილების გაზიარების ან ახლის შესწავლის მსურველი 20-25% თუ იქნება.
ექიმი სოფო ხიჯაკაძე გერმანიაში დასაქმების პროგრამას არ ემხრობა და ამბობს, რომ სამუშაო ადგილები საქართველოში უნდა შეიქმნას.
– გერმანია ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანაა, – ამბობს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე, – გერმანიაში არ მოგატყუებენ, ყველა წესს ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცავენ. მათ იციან ცოდნის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის ფასი. გერმანელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი გამოცდილება იქნება.
ვისაც გერმანიაში არალეგალურად ცხოვრება სურს, ისედაც მიდიან. არა მგონია, ლეგალურად წასულებმა სამი თვის შემდეგ იქ დარჩენა გადაწყვიტონ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე გაეცანით
გერმანიაში დასაქმების მიზნით 80 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“