15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე – workabroad.moh.gov.ge – 23 თებერვლის მდგომარეობით, 86 395 მოქალაქე დარეგისტრირდა.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა მოსავლის აღებას გულისხმობს.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება 3 თვითაა შესაძლებელი. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, მათ, ვისაც არ უმოგზაურია შენგენის ზონის ქვეყნებში გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში და არ აქვთ ისეთი დარღვევა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გამოიწვევს. ამასთანავე, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი.

სასურველია, რომ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველი პირი საკომუნიკაციო დონეზე  გერმანულ ან ინგლისურ ენას ფლობდეს. ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია. ენის ცოდნის მოთხოვნას თავად დამსაქმებელი განსაზღვრავს.

ჯგუფებს აყალიბებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იმ აპლიკანტებისგან, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლისგან შეირჩევიან. ჯგუფები დასაქმების მაძიებლებისგან დამოუკიდებლად დგება.

სეზონური სამუშაოს დრო დღეში, საშუალოდ, 8-10 საათს შეადგენს. სამუშაო უნდა ანაზღაურდეს სულ მცირე, გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი 5%.

კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს საცხოვრებლის ხარჯებს – მომუშავე თუ დამსაქმებელი. სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

 შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა:

1) პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში);

2) მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება;

3) ჯანმრთელობის ცნობა;

4) ტესტირება კოვიდ19-ზე;

5) გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში – საცხოვრებელი – 200-300 ევრო, თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების – დაახლოებით 300 ევრო, თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

სეზონურ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება დაიდება წერილობითი ფორმით გერმანიაში გამგზავრებამდე, რომელსაც ექნება განსაზღვრული ვადა.

ონლაინაპლიკაციის შევსება/რეგისტრაციის შემდეგ თუ გერმანიაში დასაქმების მსურველი მეორე ეტაპზე გადავიდა, მას გასაუბრება ჩაუტარდება. შერჩეულმა პირმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 და ნასამართლეობის ცნობა.

ხელშეკრულება შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება. გერმანიაში გამგზავრებამდე ისინი საორიენტაციო ტრენინგს გაივლიან.

შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, პირის ყოფნა ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ მას ხუთი წლის ვადით აეკრძალება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3 000 ევრომდე ოდენობით და მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლებაც შეეზღუდოს.

გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამას შესახებბ ხარაგაულელთა მოსაზრებებს გაეცანით ლინკზე