ხარაგაულის კლინიკის თანამშრომლებმა 2021 წლის თებერვალში 2020 წლის ოქტომბრის ხელფასი აიღეს.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ საავადმყოფოებში სახელფასო დავალიანებები, წლებია, პრობლემაა.

ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლები რომ თვეობით ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, ამის შეხებ „ჩემი ხარაგაული“ არაერთხელ წერდა.

ხარაგაულის კოვიდკლინიკის თანამშრომლებს ახლა ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის ხელფასები აქვთ მისაღები.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ შემავალი კლინიკების ფინანსური მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ამ ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ის სატელეფონო ინტერვიუზე უარს მას შემდეგ აცხადებს, რაც ხარაგაულის კლინიკის შესახებ მისი აუდიო ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ.

ამიტომ შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნეთ.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან“ გვიპასუხეს, რომ „კლინიკის ყოველწლიური ზარალი 450 000 ლარია. კლინიკის შენახვის ხარჯები ორჯერ აღემატება შემოსავალს, ხოლო  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება საერთო შემოსავლის 135%-ს შეადგენს“.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“ 2020 წლის მაისში ჯანდაცვის სამინისტროს ხარაგაულის საავადმყოფოს გლობალურ დაფინანსებზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ამის შესახებ სამინისტრომ, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან“ გვიპასუხეს: „ამჟამად სამინისტრო მუშაობს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კლინიკების ოპტიმიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებში დაფინანსების საკითხებიც განიხილება. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება“.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 18 კლინიკას აერთიანებს. მათ შორის ერთ-ერთი – ლანჩხუთის საავადმყოფო, შესაძლოა, დაიხუროს.

„ლანჩხუთის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა საერთოდ აღარ შეესაბამება სამედიცინო საქმიანობის განხორციელების სანებართვო პირობებს, ხოლო მის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციასა და რემონტზე სახელმწიფო სახრების დახარჯვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან კლინიკის უძრავი ქონება დაყადაღებულია.

ლანჩხუთის კლინიკა რენტაბელური ვერ იქნება, ანუ მასში განხორციელებული ინვესტიცია უკუგებას არ მოიტანს. ამასთანავე, ლანჩხუთში უკვე არსებობს კერძო სექტორის საკუთრებაში მყოფი სამედიცინო კლინიკა, რომელსაც სავსებით შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება“, – გვიპასუხეს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი დავალიანება არ მცირდება
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი „ჩემი ხარაგაულის“ სტატიას ეხმიანება
როდის დაიფარება ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება
ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანებაა
ნუგზარ ბოლქვაძე – ხარაგაულის საავადმყოფოში სახელფასო დავალიანებას უახლოეს დღეებში დავფარავთ
კოვიდცენტრის მედპერსონალს უხელფასოდ ამუშავებენ (აუდიო)
მედპერსონალმა, საკუთარი უფლებების დასაცავად, ხმა უნდა ამოიღოს
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ათი კლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება