„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ხარაგაულის“ თანამშრომლები ხუთთვიანი სახელფასო დავალიანებით მუშაობენ.

ერთ-ერთი ექთანი, რომელიც, სამსახურის დაკარგვის შიშით, საჯაროდ ვინაობას ვერ ასახელებს, ვარაუდობს, რომ ამ კოვიდკლინიკის 16 თანამშრომელი იანვრის თვეში ისედაც დაბალ ხელფასს ვერ მიიღებს.

„2020 წლის 17 ნოემბერს ივლისის ხელფასი ავიღეთ, 30 დეკემბერს – აგვისტოში ნამუშევარის ანაზღაურება, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, – ამის გათვალისწინებით, ვშიშობთ, რომ იანვარში სექტემბრის ხელფასს ვერ ავიღებთ, რაც სახელფასო დავალიანებას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენს მდგომარეობაზე სიმწრით მეცინება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, ჩვენ იანვარში 2020 წლის ნოემბრის ხელფასს უნდა ვიღებდეთ“.

ხარაგაულის კოვიდკლინიკის ექთანი გვიყვება, რომ ხელშეკრულებაში ხელფასის ჩარიცხვის ზუსტი თარიღის ნაცვლად უწერიათ, რომ ანაზღაურების დაგვიანების შემთხვევაში თმენის ვალდებულება ეკისრებათ.

100%-იანი სახელმწიფო წილის მფლობელი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 18 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს – ხარაგაულის, ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, ბორითის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, გუდაურის, თეთრიწყაროს, წალკის, ბაკურიანის, თიანეთის, დუისის, დმანისის, სტეფანწმინდის, ლენტეხის, ქუთაისის ო. ჩხობაძის სამედიცინო დაწესებულებებსა და ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრს.

როგორი მდგომარეობაა, სახელფასო ანაზღაურების კუთხით, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ დაქვემდებარებულ კლინიკებში, – ამის გასარკვევად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს დავუკავშირდით.

ცაგერის კლინიკის დირექტორი მირანდა ბაბლუანი ამბობს, რომ ეს კლინიკა, რადგან მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, განსხვავებულად ფინანსდება. „დეკემბერში ჩვენ ოქტომბრის ხელფასი ავიღეთ ისე, როგორც ეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის გათვალისწინებული, – ამბობს მირანდა ბაბლუანი, – ფიქსირებულ ანაზღაურებასაც ვიღებთ და გამომუშავებითაც, – პაციენტთა რაოდენობის მიხედვით. მაღალმთიანი რეგიონის კლინიკები გლობალური დაფინანსების პროგრამაში ვართ ჩართულები. საავადმყოფო იმდენ დაფინანსებას იღებს, რამდენიც ხარჯების დასაფარად არის საჭირო და საკუთარ შემოსავლებზე არაა დამოკიდებული. თუმცა, ვთვლი, რომ მედპერსონალი ხელფასს ყველგან დროულად უნდა იღებდეს“.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შემავალი ყველა კლინიკა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში არ არის, ხელფასებს ხუთთვიანი დავალიანებით იღებს.

„დეკემბერში აგვისტოს ხელფასი ავიღეთ, – ამბობს თინათინ გოგუაძე, – ამ მდგომარეობით კმაყოფილი ვერავინ იქნება. სახელფასო დავალიანების მიზეზი რა არის, ჩვენთვის უცნობია. ჩვენგან შესრულებული სამუშაოს გადასამოწმებლად დადგენილი 90-დღიანი ვადა დარღვეულია. ახლა ოქტომბრის ანაზღაურება აღებული უნდა გვქონდეს“.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადა, რომელიც საავადმყოფოსგან წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებას სჭირდება, კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს არ უნდა აზარალებდეს.

– ყველაფერი დამსაქმებელზეა დამოკიდებული, – ამბობს ირაკლი ამირანაშვილი, – თუ ის კეთილსინდისიერია, თავად მოიძიებს თანხას, სანამ სახელმწიფო ჩაურიცხავს და თანამშრომლებს კუთვნილ ხელფასს მისცემს. თუ არადა, 90-დღიან ვადას გამოიყენებს.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ამ 90-დღიან ვადასაც უხეშად არღვევს.

თუ ხარაგაულის მედპერსონალის სურვილი იქნება, მათი შრომითი უფლებების დასაცავად პროფკავშირის პირველად ორგანიზაციას ჩამოვაყალიბებთ. ამით მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი უფლებამოსილი გახდება, რომ მათი სახელით მოვითხოვოთ ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით. საკუთარი უფლებების დასაცავად მედპერსონალმა ხმა უნდა ამოიღოს. გარანტიას გაძლევთ, სამსახურიდან ვერავის გაათავისუფლებენ.

თბილისში, ვაზისუბნის #4 პოლიკლინიკაში 2015 წლის სახელფასო დავალიანება იყო გასასტუმრებელი. თანამშრომლები მედიცინის მუშაკთა პროფკავშირში გაწევრიანდნენ. პოლიკლინიკის ადმინისტრაციას დავალიანება ვაღიარებინეთ, ხელფასის გაცემის თარიღი დავადგენინეთ და დავალიანების დაფარვის გრაფიკი გავაწერინეთ.

მთავარია, დასაქმებულებმა საკუთარი მდგომარეობის შეცვლა მოინდომონ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი მათ გვერდით იქნება“.

შემცირდება თუ არა შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულთა ხუთთვიანი სახელფასო დავალიანება და რა გეგმა აქვს ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს, ამის გასარკვევად მასთან დაკავშირებას რამდენიმე დღე ვცდილობდით. მან მოგვიანებით გვიპასუხა, რომ 21 იანვარს ხარაგაულის კოვიდკლინიკის თანამშრომლებს შეხვდებოდა და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მაშინ გვიპასუხებდა. თუმცა, ცენტრის დირექტორი ხარაგაულში კლინიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი დავალიანება არ მცირდება
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი „ჩემი ხარაგაულის“ სტატიას ეხმიანება
როდის დაიფარება ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება
ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანებაა
ნუგზარ ბოლქვაძე – ხარაგაულის საავადმყოფოში სახელფასო დავალიანებას უახლოეს დღეებში დავფარავთ