ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით „ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანება არ მცირდება“.
ამასთან დაკავშირებით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორ ნუგზარ ბოლქვაძის წერილი მიიღო. მასში აღნიშნულია:
„ვებგვერდზე chemikharagauli.com 13 მაისს გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრება და ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით ხორციელდება როგორც ჩემი, ასევე ცენტრის სათავო ოფისის თანამშრომლების ვიზიტები სხვადასხვა მიმდინარე თუ სტრატეგიული საკითხის განსახილველად.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის კლინიკაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას ახორციელებს 2013 წლის სექტემბრიდან, როდესაც კლინიკის ინფრასტრუქტურული თუ ფინანსური მდგომარეობა ვერანაირ დადგენილ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა და პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება სრულად ამორტიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდებოდა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს ძალისხმევითა და ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით განხორციელდა არა მხოლოდ თანამშრომელთა ერთწლიანი სახელფასო დავალიანების სრული დაფარვა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა კლინიკის სახელფასო ფონდი. იმავდროულად, განხორციელდა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების პროექტირება, მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში გაშვება.
ჩვენი ცენტრის მიერ მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ემსახურება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის დროული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების მიწოდებას.
ხარაგაულის კლინიკაში ჩემი ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო საქართველოში ახალიკორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შეფასებისა და სტრატეგიული მიზნების დაგეგმვისთვის, რაც ემსახურება როგორც კლინიკის პერსონალის, ასევე პაციენტების უსაფრთხოებას.
რაც შეეხება კლინიკის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემის წესს, ეს დამოკიდებულია როგორც კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე, ასევე განმახორციელებლის მიერ მის ანაზღაურებაზე, რაც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ხორციელდება 90 დღის განმავლობაში. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“აღნიშნული ანაზღაურების მიღებიდან, დაუყოვნებლივ ახდენს სახელფასო დავალიანების დაფარვას.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ხარაგაულის კლინიკის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა განხორციელდა 29 იანვარს, 6 მარტს, 6 აპრილსა და 11 მაისს, ხოლო თებერვლის თვეში გასაცემი ხელფასები, საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების გამო, დაგვიანდა ერთი კვირით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კლინიკის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვიურად დაახლოებით 35 000 ლარის ოდენობით გვიწევს დამატებითი ასიგნაციების მოძიება და მაქსიმალურად ვცდილობთ, აღნიშნულმა გარემოებამ არ ჰპოვოს ასახვა ჩვენს უმთავრეს მიზანზე, მივაწოდოთ რეგიონს უწყვეტი სამედიცინო მომსახურება და უზრუნველვყოთ დამატებითი სამუშაო ადგილების შენარჩუნება“, – აღნიშნულია „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორ ნუგზარ ბოლქვაძისგან „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისთვის გამოგზავნილ წერილში.
P.S. ხარაგაულის საავადმყოფოს თხუთმეტამდე თანამშრომელს ანაზღაურება გასული წლის ნოემბრის ჩათვლით აქვს მიღებული. საავადმყოფოს მედპერსონალი ამ კვირაში ერთი თვის ხელფასის მიღებას ელოდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი