14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როცა თბილისში გიორგი ერისთავის სპექტაკლი „გაყრა“ დაიდგა.

ხარაგაულში თეატრის ისტორია 120 წელს ითვლის. ამ თარიღის აღნიშვნა გასულ წელს გრანდიოზულად იგეგმებოდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ამის მიუხედავად, თეატრმა უამრავი მილოცვა მიიღო. 

გამომცემლობამ „ჩემი ხარაგაული“ ამ თარიღს სტატიების ციკლი მიუძღვნა და რადგან პანდემიის პირობებში თეატრის დასის წევრთა ერთად შეკრება ვერ მოხერხდა, რამდენიმე მათგანის მოგონება ჩაწერა.

საუკუნოვანი თეატრის საქმიანობა უწყვეტად გრძელდება. დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს რეჟისორი ირინე ჩხეიძე ხელმძღვანელობს.

რას ნიშნავს 120 წლის თეატრის რეჟისორობა, რა გეგმები და მიზნები აქვს თეატრს პანდემიის დასრულების შემდეგ, – ამ საკითხებზე ირინე ჩხეიძეს ვესაუბრეთ.

-პანდემიის პირობებში უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ თეატრის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – საერთოდ, თეატრს კაცობრიობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. თეატრი ყოველთვის იყო ქართული აზრისა და სიტყვის ტრიბუნა.

კოტე მარჯანიშვილი ამბობდა, „თეატრის დანიშნულება უბრალოა, მიანიჭოს ადამიანებს სიხარული“. თუ დავუკვირდებით, „უბრალო“ ნამდვილად არ არის ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ხარაგაულის ცხოვრებაში თეატრს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ფაქტობრივად, ხარაგაული და თეატრი საუკუნის წინ გვერდიგვერდ ვითარდებოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარაგაული იმთავითვე იყო კულტურისა და განათლების კერა. საერთოდ, თეატრი საზოგადოების განვითარების ნიშანია.

120 წლიანი ჯაჭვი არ გაწყვეტილა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ხარაგაულში თეატრი აქტიურად მუშაობდა და 1949 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.

ბევრი გეგმა და იდეა მაქვს სამომავლოდ. პირველ რიგში, როგორც კი უფლება მოგვეცემა, პრემიერისთვის მზადებას განვაახლებთ. ვმუშაობთ სპექტაკლზე „იმერული რექვიემი“.

შევიძინეთ თოჯინები და წელს აუცილებლად გვინდა თოჯინების თეატრში ახალი სპექტაკლის დადგა.

ვერ შევძელით 120 წლის იუბილეს აღნიშვნა, მაგრამ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და თეატრის იუბილეს შესახებ ინტერნეტით გაცილებით მეტმა ადამიანმა შეიტყო. ამაში ძალიან დაგვეხმარა გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“.

ხარაგაულის თეატრის ცხოვრებაში ბევრი სიახლე იქნება. 2016 წლიდან სპექტაკლებს ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის კომპოზიციებით ვაფორმებთ. ამით სპეციალისტების დიდი მოწონება დავიმსახურეთ.

კიდევ ბევრი სიახლე გვჭირდება. ახლებური ხედვა, ახალგაზრდების ჩართულობა.  თანამედროვეობისკენ უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ძველ დროში არ ჩავრჩეთ. ეს კი მე არ მინდა. ხარაგაულის სახალხო თეატრი 120 წლისაა და ფეხი 21-ე საუკუნის გამოწვევებს უნდა ავუწყოთ.

ვულოცავ ჩემი დასის წევრებს ქართული თეატრის დღეს. მიყვარხართ ყველა და ძალიან მენატრებით. ახლა კიდევ უფრო დავაფასე ურთიერთობებით გამოწვეული სიხარული. ჩვენ ხომ ერთმანეთთან ბევრი წარმატება, კურიოზი, ბედნიერი დღეები გვაკავშირებს.

ვულოცავ ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრს და მის ხელმმძღვანელს იზა ვეფხვაძეს; ყველას, ვისაც თეატრი უყვარს, ვისაც ერთხელ მაინც ფეხი დაუდგამს ხარაგაულის თეატრის სცენაზე. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ თეატრში გაწეული საქმიანობისათვის.

ჩემო ძვირფასო დასის წევრებო, წინ მაყურებელთან შეხვედრის სიხარულები გველოდება.

ნინო კაპანაძე