ხარაგაულის სახალხო თეატრის 120 წლის იუბილე, პანდემიის გამო, მასშტაბურად ვერ აღინიშნა.

ამის მიუხედავად, თეატრმა უამრავი მილოცვა მიიღო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

გურამ დოჩანაშვილი, მწერალი: –ხარაგაულს ამშვენებს სახალხო თეატრი უნიჭიერესი მსახიობებით. ძალიან მიყვარს ხარაგაული, რადგან თბილი, ტკბილი, სუფთა და სპეტაკი ხალხი ცხოვრობს. ხარაგაულელებს აქვთ გულწრფელი არტისტული სული,  რომელშიც გამოიხატება მათი სიკეთე, გული და ბუნება. გილოცავთ თეატრის 120 წლის იუბილეს. მრავალ სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ, რაც  ნამდვილად დაიმსახურეთ.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: –ხარაგაულის თეატრი 120 წლისაა. რამხელა თარიღია და რამდენი რამის მომსწრე ეს თეატრი. 120 წელი, ღმერთო ჩემო, რამხელა ციფრია და რა ბედნიერებაა, რომ ამ ისტორიას დღესაც აქტიურად და ღირსეულად აგრძელებთ, იმ ტრადიციებს ემსახურებით, რომელიც 120 წლის დაიწყო.

მიხარია, როცა ვარ ფესტივალების ჟიურიში და გამოდის ხარაგაულის თეატრი. ვიცი, რომ იქ არაფერი პროვინციული არ იქნება. იქ იქნება ღირებული, ფასეული, თეატრზე ძალიან შეყვარებული ადამიანების ხელიხელ ნაგოგმანები და გაკეთებული საქმე. გკოცნით, გეხვევით, გილოცავთ იუბილეს.

ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე: -120 წელი თეატრის ისტორიისთვის ცოტა არ არის. ვიცი, რომ ხარაგაულის თეატრი ძალიან საინტერესო, თავდადებული და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანების ერთობაა, რომელთაც ძალიან უყვართ თავისი საქმე.

ასე გააგრძელეთ, კიდევ უფრო მეტი სიახლე შეიტანეთ ქართული თეატრალური კულტურის ისტორიაში, ბევრი გზავნილი გაუშვით მომავლისკენ, რადგანაც რაც ხდება დღეს, მომავალმა თაობებმა უნდა ნახონ. გილოცავთ და ბევრ წარმატებას გისურვებთ.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე: -ხარაგაულის 120 წლის თეატრს ათი წელია ვიცნობ. ვაკვირდები, თუ როგორ ცდილობს ეს თეატრი იყოს ერთ-ერთი მოწინავე, გამორჩეული და ღირსეული ადგილი დაიკავოს ქართული თეატრის რუკაზე. ეს დასის თითოეული წევრისა და რეჟისორის, ირინე ჩხეიძის, დამსახურებაა. ხარაგაულის სახალხო თეატრი ორიენტირებულია სიახლეების ძიებასა და ტრადიციების შენარჩუნებაზე.

ყოველთვის დგამს ქართულ თანამედროვე, ან კლასიკურ პიესებს და ცდილობს, ყველას შეახსენოს ის პრობლემები, რომლებიც დასაძლევია. ამ ყველაფერს აკეთებენ პროფესიონალურად, იუმორით და სიყვარულით. გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას, კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, შევხვდებით საქართველოსა და უცხოეთში თეატრალურ ფესტივალებზე.

დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი: -ჩემთვის უსაყვარლეს 120 წლის ხარაგაულის თეატრს ვულოცავ იუბილეს. რა ბედნიერება, ქვეყანაში ჯერ გქონდეს ხარაგაული, ეს უსაყვარლესი მხარე, უდიდესი ტრადიციების მქონე, განათლების კერა და ასეთი შესანიშნავი თეატრი.

იმის მიუხედავად, რომ ხარაგაულის თეატრი 120 წლისაა, ის მარტო წარსულის ხარჯზე არ ცხოვრობს. მომსწრე ვარ ამ თეატრის არაერთი წარმატების, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. გილოცავთ, იხარეთ და იბედნიერეთ. ძალიან მიყვარხართ. ბევრი წარმატება მომელოცოს.