მთელი ქვეყნის მასშტაბით, პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში ტრადიციული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
აღმზრდელები ბავშვებთან მეცადინეობებს დისტანციურად, ინტერნეტის დახმარებით, ატარებენ.
რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ონლაინ სწავლება საბავშვო ბაღებში და როგორ უნდა გაართვან თავი ამ ახალ გამოწვევას აღმზრდელებმა, – ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს ოლგა მუსხელიშვილს ვესაუბრეთ.
„სკოლამდელებთან დისტანციურად ურთიერთობა რთულია, – ამბობს ოლგა მუსხელიშვილი, – ამ ასაკის ბავშვისთვის კონკრეტული ცონდის მიწოდებაზე გაცილებით მნიშნელოვანი სხვადასხვა უნარების განვითარებაა. ეს არის კრეატიული აზროვნების უნარი, ინიციატიურობა, სწავლისადმი სურვილი, სოციალურ-ემოციური უნარები, ემოციების კონტროლი. ეს ბავშვმა უშუალო ურთიერთობით უნდა ისწავლოს.
დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით უამრავი სირთულეა. მათ შორის უმთავრესია ის, რომ ყველა მშობელს კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით სოფლებში. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ ამას სახელმწიფო დააფინანსებს.
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კომუნიკაციის პრობლემა გამოიკვეთა. დედები, რომლებიც ბავშვებთან ერთად ერთვებიან მეცადინეობებში, ხშირ შემთხვევაში ქართულ ენას ვერ ფლობენ.
მშობლების დიდი ნაწილი სრულყოფილად ვერ ერთვება მეცადინეობებში, რადგან არ სცალიათ, მუშაობენ და ამის დრო ფიზიკურად არ აქვთ. ძალიან ხშირად მშობელს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ასაკში მიიღოს ბავშვმა განათლება. მათ ჰგონიათ, – არაუშავს, ახლა პატარაა, ითამაშოს, მივა სკოლაში და ისწავლის. ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა.
მძიმე სიტუაციაა ბავშვების ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვები სახლში, ოთახებში არიან ჩაკეტილები.
გამოიკვეთაკიდევ ერთი პრობლემა – მასწავლებლების კვალიფიკაცია, რამდენად იცის მასწავლებელმა, რა და როგორ უნდა ასწავლოს მშობელს, რომ მან ინფორმაცია სწორად მიიტანოს ბავშვამდე. ამის გამოცდილება მასწავლებელს ამ დრომდე არ ჰქონია. ისინი მეცადინეობებს ყოველთვის ბავშვებთან ატარებდნენ. ონლაინ სწავლებამ კარგად დაგვანახა, რამდენად სჭირდებათ მასწავლებლებს დახმარება და სწავლება, რა უნდა გადასცენ მშობელს.
კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა გამოიკვეთა ბავშვებისთვის ეკრანებთან ყოფნა ძალიან ცუდია.
პანდემიამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სამი წლის ბავშვები. ამ ასაკში ისინი შეხებით, სუნით, გემოთი, ურთიერთობით, უშუალო კონტაქტით ვითარდებიან და სწავლობენ. ეკრანებთან მათი ყოფნა საერთოდ არ შეიძლება.
თუ სიტუაცია თებერვლის შემდეგ ვერ დასტაბილურდა, ჩემი მოსაზრება ასეთია – გაიხსნას საბავშვო ბაღები მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღების ოთახებში ხუთ-ხუთ ბავშვიანი იზოლირებული ჯგუფები უნდა შედგეს. მათ არ ექნებათ კონტაქტი ერთმანეთთან და დაავადების გავრცელების საფრთხე ძალიან შემცირდება. მნიშვნელოვანია ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობა. დისტანციური სწავლებით აღსაზრდელებში კომუნიკაციურ, სოციალ-ემოციურ უნარებს ვერანაირად ვერ განვავითარებთ“.
დავინტერესდით, როგორ ართმევენ თავს დისტანციურ სწავლებაში არსებულ სირთულეებს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში. ამ გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ონლაინ სწავლებაში თითქმის ყველა აღსაზრდელი აქტიურად ჩაერთო.
„ბავშვებისთვის პირისპირ ურთიერთობა და ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ახლა იზოლაციაში არიან და ერთმანეთის დანახვა, თუნდაც დისტანციურად, ძალიან უხარიათ.
სირთულეა ის, რომ დასაქმებული მშობლები დილის საათებში ჩართვას ვერ ახერხებენ. ამიტომ მათთვის ცალკე ჯგუფი შედგება და მეცადინეობებს დღის მეორე ნახევარში მეორე ცვლის აღმზრდელი ჩაატარებს. ასევე დიდი სირთულეა ინტერნეტი. ეს განსაკუთრებით წყალაფორეთისა და გედსამანიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს აწუხებთ. თუმცა ამ ბაღების აღმზრდელები ბავშვებთან ურთიერთობას მაინც ახერხებენ და კვირის განმავლობაში მშობლებს დავალებებს შეტყობინებების სახით უგზავნიან“, – ამბობს თამარ ავალიშვილი.
ნადაბურის საბავშვო ბაღის აღმზრდელი მარინა კიკაძე ამბობს, რომ კვირის განმავლობაში ყველა აღსაზრდელს უკავშირდება. „25 ბავშვიანი ჯგუფი ოთხ ქვეჯგუფად გავყავი და თითოეულ ქვეჯგუფთან 20-30 წუთიან მეცადინეობებს ვატარებ. 5-6 წლის ასაკის ბავშვებს კვირაში ორჯერ ვუკავშირდები, ხოლო უმცროსებს – კვირაში ერთხელ. აღსაზრდელები დისტანციურად მიღებულ დავალებებს სახლში აკეთებენ და ფოტოებს მიგზავნიან“, – ამბობს მარინა კიკაძე.
„ხევის საბავშვო ბაღის პირველი და მეორე ცვლის აღმზრდელებმა შეთანხმებულად გაიყვეს ჯგუფი და ბავშვების ერთ ნაწილთან დისტანციურად ერთი აღმზრდელი მუშაობს, ხოლო მეორე ნაწილთან – მეორე, – გვიამბობს ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი, – მომდევნო კვირაში აღმზრდელები ქვეჯგუფებს ცვლიან და ახლა დანარჩენ აღსაზრდელებს ეკონტაქტებიან. ასე გადავწყვიტეთ, ბავშვებს რომელიმე მასწავლებელი რომ არ მოენატროთ.
პარასკევობით აღმზრდელები სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ჩვენი აღსაზრდელების მშობლებისთვის ახალ დავალებებსა და მომავალ კვირაში დაგეგმილი აქტივობების თეორიულ მასალებს წერენ. თითოეული კვირის განმავლობაში ორ თემას განიხილავენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ სწავლებას აღსაზრდელები დიდი სიხარულით შეხვდნენ. აღსაზრდელთა უმრავლესობის მშობელი პედაგოგია, მათი დაიკოები და ძამიკოებიც სკოლის მოსწავლეები არიან ანუ მათი ოჯახის წევრები, უკვე მეორე წელია, ონლან ჩართვაში მონაწილეობენ. ამას პატარები ხედავდნენ და ახლა, როცა მათაც ურეკავს აღმზრდელი და გაკვეთილს უტარებს, ძალიან უხარიათ“.
„ბავშვს როგორი მეგობრული მშობლებიც არ უნდა ჰყავდეს, თანატოლებთან და მასწავლებელებთან ურთიერთობა მათთვის მაინც შეუცვლელია. ამიტომ ის 20-30 წუთიანი ჩართვა უმნიშვნელოვანესია, – ამბობს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი მარინე ხვედელიძე, – მე ვხედავ ჩემი შვილის, დემეტრეს გაბრწყინებულ სახეს. ის არის მოტივირებული, რადგან იცის, რომ მასწავლებელი უნდა დაუკავშირდეს და აქტივობები ერთად უნდა გააკეთონ. თავად პედაგოგი ვარ. დემეტრეს უფროსი დაიკოები მოსწავლეები არიან. დღის განმავლობაში ყველას გვაქვს ონლაინ მეცადინეობები. ცალკე იზოლირებული ოთახი და ტექნიკა გვჭირდება და რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა“.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ნადაბურის საბავშვო ბაღის აღმზრდელი მარინა კიკაძე დისტანციურად მეცადინეობის დროს.
დისტანციურად სწავლების თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
დისტანციური სწავლების გამოწვევები ხარაგაულის სკოლებში
დისტანციური სწავლების დროს მშობლის როლი განსაკუთრებულია
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დისტანციურ სწავლებაზე გადადის (ვიდეო)
ონლაინგაკვეთილს ისე უნდა ველოდეთ, როგორც სკოლაში ზარის დარეკვას
სწავლის საკლასო ოთახებში განახლება – აუცილებლობა თუ საფრთხე (ვიდეო)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი