ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან ექვსი სკოლა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
დისტანციური სწავლების გამოცდილება გასულ სასწავლო წელს სკოლებმა უკვე მიიღეს. შესაბამისად ეს პროცესი მათთვის უცხო აღარ არის, თუმცა პრობლემები მაინც რჩება.
დავინტერესდით, თუ რა გამოწვეების წინაშე აღმოჩნდნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლებისას.
ხარაგაულში მცხოვრები მაია ბერაძის ოთხი შვილი სკოლის მოსწავლეა. ერთ-ერთი აბიტურიენტია, ერთიც – პირველკლასელი. მაია თვლის, რომ დისტანციური სწავლების დროს მშობლის ყურადღება და ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.
„დისტანციური სწავლებისას ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დენი ხშირად ითიშება, – ამბობს მაია ბერაძე, – სხვა მხრივ პრობლემები არ გვაქვს. კარგად ჩავერთეთ Teems-ის პროგრამაში. პირველკლასელი თამარი #2 სკოლაში სწავლობს. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლა სექტემბრიდან მობილიზებული იყო დისტანციური სწავლებისთვის.
ვინც Teems-ის პროგრამაში ვერ ერთვება, დღის მეორე ნახევარში მესენჯერით უკავშირდებიან. პირველკლასელისთვის ცოტა რთულია სწავლების ასეთი პროცესი, თუმცა მშობლების დახმარებით ეს სირთულეც დაიძლევა“.
„დისტანციური სწავლება მომწონს. ამ პროცესს ჩემმა სკოლამ ფეხი ძალიან კარგად აუწყო. ვიყენებთ teems-ს პლატფორმას, – ამბობს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე, – მოსწავლეები ერთმანეთს ვეხმარებით. გაკვეთილები დილიდან გვეწყება და შესაბამისად რეჟიმში ვართ. ცუდი არის ის, რომ გაკვეთილების რაოდენობა შემცირდა. მაგალითად, ხუთსაათიანი საგნები კვირაში ორჯერ გვიტარდება, ორსაათიანი კი – ერთხელ. ვფიქრობ, ამ პირობებში ძალიან კარგად ვუმკლავდებით გამოწვევებს“.
ნინო ბუხნიკაშვილი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. გარდა ამისა იგი ისტ-ის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებები) პედაგოგია ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში. ნინო აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების დროს მასწავლებლებზე ორმაგი დატვირთვა მოდის.
„ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო დისტანციური სწავლების პროცესზე გადასვლა. არაერთი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. გარდა ამისა, გვქონდა გამოცდილებაც გასული სასწავლო წლიდან. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სრულფასოვანია. ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს ჩართვას. მათ ტექნიკისა და ინტერნეტის პრობლება აქვთ.
როდესაც ვხედავთ, რომ მოსწავლე არ დაგვესწრო, ინდივიდუალურად ვუკავშირდებით. შესაბამისად ერთი და იგივე მასალის გამეორება დღეში რამდენჯერმე გვიწევს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ორმაგად ვიღლებით“, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი.
ლიკა ხიჯაკაძე
დისტანციური სწავლების თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
სკოლამდელებთან დისტანციურად ურთიერთობა რთულია
დისტანციური სწავლების დროს მშობლის როლი განსაკუთრებულია
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დისტანციურ სწავლებაზე გადადის
ონლაინგაკვეთილს ისე უნდა ველოდეთ, რომ სკოლაში ზარის დარეკვას
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი