„ფიზიკა „მძიმე არტილერიაა“ – ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვცდილობ, მოსწავლეებმა ონლაინ გაკვეთილებიდან მაქსიმალური ცოდნა მიიღონ, – ამბობს პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასული ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი მზია კვინიკაძე, – გასულ სასწავლო წელს დიდი გამოცდილება მივიღე – ვიდეო გაკვეთილებს ვწერდი და თითოეული კლასის მიხედვით შექმნილ ჯგუფში ვტვირთავდი, რომ მოსწავლეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში მისი მოსმენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
ახლა განათლების სამინისტრო ოფიციალურად გვთხოვს, რომ გაკვეთილი „თიმსის“ პროგრამით ჩავატაროთ. სწავლის პროცესში სასკოლო გარემოს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევით. არც თუ ისე ბევრი მოსწავლეა, რომელსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. თუ მოსწავლე ონლაინ გაკვეთილში ჩართვას ვერ მოახერხებს, მას ტელეფონით დავუკავშირდებით. ასე რომ, უყურდღებოდ არავის დავტოვებთ“.
მზია კვინიკაძე 31-ე წელია, რაც ხარაგაულში ფიზიკას ასწავლის. პედაგოგიური საქმიანობა დიდვაკის სკოლაში 1989 წელს დაიწყო. შემდეგ მუშაობა ხარაგაულის #3 სკოლაში გააგრძელა. ორი წელია, ფიზიკას ასევე ასწავლის ხარაგაულის #2 სკოლაში.
„ჩემი უფროსი კოლეგაა მაღალი დონის პროფესიონალი და მისაბაძი პედაგოგი მაყვალა ფერაძე, – ამბობს მზია კვინიკაძე, – ქალბატონ მაყვალასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა მაკავშირებს. მისგან გაზიარებული გამოცდილება გაკვეთილზე ხშირად გამომიყენებია. მიხარია, რომ საქმიანობას იმ სკოლაში ვაგრძელებ, სადაც მაყვალა მასწავლებელი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.
მხოლოდ თეორიული მასალის მიწოდება მოსწავლეს არაფერს აძლევს. ამიტომ გაკვეთილზე უმეტესად ამოცანებს ვხსნით, ლაბორატორიულ მუშაობაში ვერთვებით. მოსწავლეებს მოსწონთ და მომყვებიან. პანდემიის გამო სწავლების ხარისხი არ უნდა გაუარესდეს.
მიმაჩნია, რომ დამამთავრებელ კლასებში გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო. ყველაზე სუსტი მოსწავლეც კი ცდილობდა ისე ესწავლა, რომ ბარიერი გადაელახა. ახლა თითქოს სწავლისადმი ინტერესი დაკარგეს. მოსწავლეს სწავლისადმი სიყვარული, პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს, მაგრამ გამოცდის ჩასაბარებლად მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ.
მასწავლებლის პროფესია თანდათან ფასდება. სიახლეები უნდა გავიზიაროთ. წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის გამოცდას აუცილებლად ჩავაბარებ. ჩვენზეა დამოკიდებული, ნიჭიერი მომავალი თაობა როგორ განვითარდება.
ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები – ქუჩასა და საზოგადოებაში ფიზიკის კანონებს არავინ შეგეკითხებათ. თქვენი ზრდილობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა და სიყვარული კი – ჩანს. სამწუხაროდ, დღეს ამის დეფიციტია. თუ ადამიანებმა ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივი არ სცეს, რაგინდ გენიოსები იყვნენ, კაპიკია მათი ფასი. უფლებები, მოვალეობა და პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გავიაზროთ.
უმთავრესია სამშობლოს სიყვარული. მე ფრონეს ხეობაში, ქარელის რაიონის სოფელ აბისში – ოსების გარემოცვაში გავიზარდე. ქართველებისა და ოსების გაყოფა თუ შეიძლებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენ შორის რუსეთი ჩადგა და ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები გადაგვიკეტა, თუმცა, დროებით…
ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ეს წლები უკან არ დაბრუნდება. ამიტომ დრო მაქსიმალურად სწორად გამოიყენეთ, ისწავლეთ. ყველა ონლაინ გაკვეთილის დაწყებას ისე უნდა ელოდეთ, როგორც საკლასო ოთახში ზარის დარეკვას. თუ ახლა პროცესებს ჩამოვრჩით, გაცდენილის აღდგენა გაგვიჭირდება. მშობლები იჭირვებენ, რომ ინტერნეტპაკეტი შეიძინონ. ამიტომ ოჯახსა და სკოლას იმედები უნდა გაუმართლოთ“.
ნინო კაპანაძე
დისტანციურად სწავლების თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
სკოლამდელებთან დისტანციურად ურთიერთობა რთულია
დისტანციური სწავლების გამოწვევები ხარაგაულის სკოლებში
დისტანციური სწავლების დროს მშობლის როლი განსაკუთრებულია
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დისტანციურ სწავლებაზე გადადის
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი