ღვაწლმოსილი პედაგოგი და გამორჩეული პიროვნება იური ბუაჩიძე 95 წლის გახდა. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემსახურა იგი ახალგაზრდების აღზრდას ფარცხნალის, ხიდრისა და ხარაგაულის #1 საჯარო სკოლებში.

ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანა ბავშვობაა. ბატონი იურის შემთხვევაში ეს ასე არ აღმოჩნდა.

მამა – სიმონ ბუაჩიძე, ჟორდანიას პარტიის წევრი, ფედერაციული მოწყობის მომხრე იყო. 1921 წელს იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაქცეულ მთავრობას გაჰყვა ბათუმში, თუმცა ბოლო წუთს გემიდან ჩამოვიდა და შინ დაბრუნდა. 1924 წელს, ჭიათურაში, ანტისაბჭოთა გამოსვლების დროს დააპატიმტრეს. დახვრეტა ელოდა, თუმცა ნაცნობის დახმარებით გადარჩა. ამის შემდგომ სიმონ ბიაჩიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ხაშურში გადავიდა. იქ რკინიგზაში  მუშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ბატონი იური პატარა იყო, ძალიან კარგად ახსოვს მამაც და ეს პერიოდიც.

„მამაჩემი რკინიგზელი იყო და ხაშურში ვცხოვრობდით. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით. 1938 წლის პირველი იანვარი იყო. ჩვენთან დარეკეს და იკითხეს, სიმიონ ბუაჩიძე სახლშიაო. მამა სოფელში იყო წასული, საახალწლოდ ნობათი უნდა ჩამოეტანა.

მამას ჩამოსვლა რომ გაიგეს, მოვიდნენ. სამნი იყვნენ. ერთი სამხედრო რუსულად ლაპარაკობდა. ორი ქართველი იყო. სახლი გაჩხრიკეს და ვერაფერი ნახეს. მხოლოდ ჩემს უფროს დას, ლენას, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, ბალიშქვეშ მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“ უპოვეს. ეს წიგნი მაშინ აკრძალული იყო. ლენა თურმე ღამე ჩუმად კითხულობდა.

რუსმა სამხედრომ მაგიდაზე დაარტყა ხელი და დაიძახა – „ტროცკისტ!“ მამა წაიყვანეს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ 16 იანვარს, ორ კვირაში, გარდაცვლილა. ჯანმრთელი კაცი იყო. სავარაუდოდ, დახვრიტეს. მოსწავლეობის დროს „მავნებლის შვილებად“ მოგვიხსენიებდნენ, მასწავლებლები ყურადღებას არ გვაქცევდნენ. ვერც ვერავინ გვეხმარებოდა. სოფელში ჩამოვედით. კოლექტივში ვმუშაობდით და თავი ასე გაგვქონდა. სულ შრომასა და წვალებაში ვიყავი“.

იური ბუაჩიძე 1942 წელს, ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის დასრულებისთანავე ჯარში გაიწვიეს. ბათუმში, საარტილერიო დივიზიაში, მსახურობდა. იქედან ჯერ ნოვოროსიისკის ფრონტზე წავიდა, შემდეგ კი ბათუმში საზღვრის დასაცავად ჩამოიყვანეს. ხარაგაულში დემობილიზაციით 1950 წელს დაბრუნდა.

1954 წელს თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. აქ გაიცნო თავის მომავალი მეუღლე ლამარა დრობიშევა. ორი ვაჟი შეეძინათ – მალხაზი და ზურაბი.

უმაღლესი პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ იური ბუაჩიძე ხარაგაულში დაბრუნდა. ლაშის სკოლაში გაანაწილეს. განათლების განყოფილებას მიმართა, რომ მშობლიურ სოფელ ფარცხნალში გადმოეყვანათ. აქ ის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

ამის შემდგომ ხიდარში დაიწყო მუშაობა ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი დირექტორად. ხიდრის საშუალო სკოლაში 18 წელი გაატარა. სწორედ მისი დირექტორობის დროს მიენიჭა ხიდრის სკოლას საშუალო სკოლის სტატუსი. 1972 წელს ხარაგაულში საღამოს სკოლის დირექტორად გადმოიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მშობლიური სოფლის სკოლას დაუბრუნდა.

ყველაზე მეტად დაცლილი სოფლები სტკენს გულს. მისი დირექტორობის დროს სოფელ ფარცხნალის სკოლაში 120 ბავშვი სწავლობდა, მაშინ როდესაც დღეს მხოლოდ ორი ბავშვი შემორჩა ამ სკოლას.

„ახალგაზრდობა სოფლიდან არ უნდა წავიდეს. სახელმწიფომ ისინი სოფლებში უნდა მოიზიდოს. საწარმოები და ქარხნები უნდა გაიხსნას სოფელში. მაგალითად, ადრე ხილისა და წვენების საწარმო იყო, სადაც ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული. ავტობუსი დღეში სამჯერ  დადიოდა. მგზავრებით გაჭედილი იყო.

ადამიანი თუ არ დასაქმდა, როგორ იცხოვრებს?! მიწა არის, მაგრამ არაფერი მოდის. მთავრობა ადამიანებს სოფლებში ძალით ვერ დაიჭერს. საწარმოები და ქარხნები თუ არ შეიქმნა, ისე არაფერი გამოვა. ზოგადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არა“.

რა არის ცხოვრებაში მთავარი? – ადამიანმა კარგი სახელი უნდა დატოვოს, რომ ჩვენ შვილებს ჩვენი ხსენების არ შერცხვეთ. ჩვენს შვილებს არ უნდა წამოაძახონ, ცუდი წინაპარი გყავდაო. სხვისი არ უნდა შეგშურდეს. იშრომე და რასაც შენი შრომით მოიწევ, იმას დაჯერდი. სხვისი ცუდი არ უნდა გაგეხარდეს. თუ კარგი ადამიანი არ ხარ, ბუნება დაგჩაგრავს“.

აკადემიკოსებისა და პროფესორების სიმრავლით გამორჩეულ სოფელში მცხოვრები  დამსახურებული პედაგოგის სურვილია, ახალგაზრდობა აქტიურად დაუბრუნდეს წიგნს. მას გულს სტკენს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებისგან შესაბამის ყურადღებას ვერ გრძნობს.

„26 წელია, პენსიაში ვარ. გული მწყდება, რომ ხარაგაულის გამგეობიდან არავის მოვუკითხივარ. წარსული თუ დაივიწყე, კარგი მომავლის იმედი როგორ უნდა გქონდეს?!“

ლიკა ხიჯაკაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
იური ბუაჩიძე – ზოგადად, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ახალგაზრდების სოფელში დაბრუნების იმედი არ მაქვს

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს ხარაგაულში ხუთი ვეტერანი აღნიშნავს