ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა 1942 წელს დაამთავრა. მეათე კლასში სწავლის დროს, თანაკლასელ ვაჟებთან ერთად, სანგრებს თხრიდა.

17 წლისა რომ შესრულდა, ჯარში გაიწვიეს. ბათუმში, საარტილერიო დივიზიაში, მსახურობდა. იქედან ჯერ ნოვოროსიისკის ფრონტზე გაიწვიეს, შემდეგ კი ბათუმში საზღვრის დასაცავად დააბრუნეს. ხარაგაულში დემობილიზაციით 1950 წელს დაბრუნდა.

1954 წელს თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. თაობების აღზრდას ფარცხნალის, ხიდრისა და ხარაგაულის #1 საშუალო სკოლებში ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურა.

1955 წელს თავისსავე ჯგუფელ ლამარა დრობიშევაზე დაქორწინდა. ორი ვაჟი შეეძინათ, – მალხაზი და ზურაბი. დღეს ბატონი იური სამი შვილიშვილისა და ექვსი წლის შვილთაშვილის ბაბუაა.

გამორჩეულ პიროვნებას, ღვაწლმოსილ მასწავლებელს იური ბუაჩიძეს შევხვდით და ვესაუბრეთ.

– ბატონო იური, მასწავლებლობა როგორ გადაწყვიტეთ?

– პარტიული დავბრუნდი ჯარიდან და პარტიის რაიკომს მივაკითხე სამსახურისთვის. …მანამდე, სკოლაში კომკავშირში არ მიიღეს, მავნებლის შვილი ხარო…

– ბატონო იური, სანამ საუბარს გააგრძელებდეთ – რატომ თვლიდნენ ასე და კომკავშირში რომ არ მიგიღეს, განიცადეთ?

– ასაკი რომ შეგვისრულდა, ჩემი ამხანაგები მიიღეს, მე არ დამიძახეს. ვკითხე ჩემს დამრიგებელს, – მარგალიტა კაციტაძეს, – რატომ არ მიმიღეს, პატივცემულო მასწავლებელო-მეთქი. ძალიან ცუდი დროა არისო, – მითხრა, – შენ მავნებლის ოჯახში ხარ გაზრდილი და ამიტომ არ მიგიღეს კომკავშირშიო.

ძალიან განვიცადე იმიტომ, რომ ჩემი ყველა ამხანაგი მიიღეს. კარგი თანაკლასელები მყავდა – ნინიკო სახვაძე, ელგუჯა დეკანოსიძე, თენგიზ მაჭავარიანი, ნოდარი კაკულია (ჩემი სიძის, იური კაკულიას, ძმა), მერი რევაზიშვილი, გრიშა ლაბაძე, ლევან ბუაჩიძე, მირიან კიკნაძე… ძალიან მეგობრული კლასი გვყავდა…

მამაჩემი – სიმონ ბუაჩიძე ჟორდანიას პარტიის წევრი, ფედერაციული მოწყობის მომხრე იყო. ხარაგაულის ორწლიანი სასწავლებელი რომ დაამთავრა, ჭიათურის რკინიგზაში დაიწყო მუშაობა. 1921 წელს რომ ბოლშევიკებმა თბილისი აიღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, მამა მათ ბათუმში გაჰყვა. სანამ გემი დაიძვრებოდა, რადიოთი გამოაცხადეს, რომ ვისაც დარჩენა სურდა, წარსულზე პასუხს არ აგებინებდნენ და სამსახურს მისცემდნენ. მაშინ მამა ჯერ დაოჯახებული არ იყო, მოხუცი მშობლები და ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა. გემიდან ჩამოსვლა და შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მუშაობა ჭიათურაში გააგრძელა.

შემდეგ, 1924 წელს, ჭიათურაში ანტისაბჭოთა გამოსვლების დროს დააპატიმრეს. დასახვრეტი ხალხი, მათ შორის მამაჩემიც, ვაგონით ჩამოიყვანეს ძირულაში. სიკვდილმისჯილები გაჭედილები ყოფილან ვაგონში.

დედაჩემი ლეღვნელი შარიქაძის ქალი იყო. მაშინ ხარაგაულში რევკომის თავმჯდომარედ იაკობ (იაკო) შარიქაძე მუშაობდა. ბებიაჩემი გაიქცა იაკოსთან, – გვიშველე, ასეა საქმეო. გვიშველა, წავიდა ეს კაცი და მამაჩემი დასახვრეტთა ვაგონიდან გამოიყვანა. ერთი გადარჩა კიდევ, დანარჩენები დახვრიტეს. თურმე ძირულაში მდინარე სისხლით იყო შეღებილი…

მამა ჭიათურიდან ჯერ ხარაგაულში გადმოვიდა სამუშაოდ, შემდეგ – წიფასა და ხაშურში. ჩვენც დავყვებოდით. მამა ხაშურის სალიანდაგო დისტანციის მთავარ ოსტატად მუშაობდა – გორიდან სამტრედიამდე, ასევე ბორჯომისა და სურამის სარკინიგზო ხაზები ებარა.

1938 წლის იანვარი იყო, ახალი წელი. მამა სოფელში სანოვაგესთვის წამოვიდა. ხაშურში მატარებელი გვიან ჩამოდიოდა. ჩვენ ხაშურის რკინიგზის სადგურის ბინებში ვცხოვრობდით. ბავშვები სანამ დავიძინებდით, – სიმონ მალანჩიევიჩი სახლშია, – ხშირად რეკავდნენ.

– არ არის სახლში, – პასუხობდა დედა.

ბავშვებმა დავიძინეთ… მამა რომ მოსულა, კიდევ დაურეკიათ და – სახლში იყავი, მოვდივართო. სამი კაცი, – ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი მოსულა. ჩხრეკა დაიწყეს. ჩვენც გაგვაღვიძეს. სამხედრო რუსულად ლაპარაკობდა, დანარჩენები – ქართულად. ჩემს დას, ლენას, ბალიშქვეშ მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“ უნახეს. მაშინ აკრძალული იყო „არსენა მარაბდელი“. ღამით, მამის უჩუმრად, ჩვენ რომ ვიძინებდით, მაშინ კითხულობდა. „ვოტ, ტროცკისტ!“ – თქვეს, სხვა ვერაფერი იპოვეს.

მამა წაიყვანეს… პირველი იანვარია… დედამ უთხრა, სიმონ, თბილი ტანსაცმელი და ლოგინი წაიღეო. არ მინდა, მალე დავბრუნდები, გამომიშვებენ, ძველზე თუ არ დამიჭირეს, ახალი არაფერი დამიშავებიაო. წავიდა და წავიდა, გაქრა მას შემდეგ… კითხულობენ ჩვენები, სად არის. გვეუბნებიან, რომ გადაასახლეს, არც სასამართლო, არც არაფერი… ათი წელი აქვს მისჯილი და გადასახლებულია.

სინამდვილეში, – მე ჯარიდან გავგზავნე სამინისტროში განცხადება და მიპასუხეს, რომ 1938 წლის 17 იანვარს გარდაცვლილა. ჯანმრთელი კაცი იყო, ასე უცბად როგორ მოკვდებოდა. ვფიქრობ, რომ დახვრიტეს… 42 წლის იყო მამა. ხუთი შვილი დავრჩით, – მე, ლენა, ნადია, გივი და თამაზი…

მოკლედ, რაიკომში რომ მივედი, სასადილოს გამგის ადგილი იყო ვაკანტური და ის შემომთავაზეს. ვაჭრობა არ მინდოდა და უარი ვუთხარი. მაშინ მილიციაში საპასპორტო მაგიდის გამგედ მუშაობა მირჩიეს. ავტობიოგრაფიაში ხომ დავწერე, რომ მამა დაპატიმრებულია. წითელი ბარათი მომივიდა უარით – არ მიმიღეს, მავნებლის შვილი ხარო.

ჩემი სოფლელი, ფარცხნალელი კირილე ბუაჩიძე მუშაობდა ხარაგაულის სახანძროს უფროსად. მან დამაწყებინა მეხანძრედ მუშაობა. თან უმაღლესში შესასვლელად ვემზადებოდი. ექიმობა მინდოდა, მაგრამ ქიმია უნდა ჩამებარებინა. მე კი უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა. თანაც სამედიცინო ექვსწლიანი იყო, პედაგოგიური ინსტიტუტი კი – ოთხწლიანი.

რუსული ენის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა სკოლაში – ელენე გურგენიძე, ჯარშიც კარგად შევისწავლე და რუსულზე ჩაბარება გადავწყვიტე. უკონკურსოდ ჩამრიცხეს, როგორც სამამულო ომის მონაწილე. ბინაც მომცეს სტუდქალაქში და სტიპენდიას მაძლევდნენ.

– თქვენი პედაგოგიური ნათლობა როგორ შედგა?

– ხარაგაულში რომ დავბრუნდი, ლაშის სკოლაში გამანაწილეს. განათლების განყოფილებაში ვითხოვე და ჩემს სოფელში, ფარცხნალის სკოლაში გამომაგზავნეს. ჩემი ყოფილი მასწავლებელი კალისტრატე ხარაძე მაღალ კლასებში, მე კი დაწყებითებში ვასწავლიდით რუსულს.

ჩემი შეყვარებული, მომავალი მეუღლე, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში გაანაწილეს. ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით და ვინაიდან ფარცხნალის სკოლაში ორის ადგილი აღარ იყო, ჩემი საათები ლამარას დავუთმე და მე ხიდრის სკოლაში გამაგზავნეს სამუშაოდ.

18 წელი ვიმუშავე ხიდარში ჯერ მასწავლებლად, მერე – დირექტორად. 1972 წელს ხარაგაულში საღამოს სკოლის დირექტორად, 1974 წელს კი განათლების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარედ გადმომიყვანეს. 1975 წელს ფარცხნალის რვაწლიანი სკოლის მაშინდელი დირექტორი უშანგი ვეფხვაძე პენსიაში გავიდა და მის მაგივრად მე დამნიშნეს.

-ბატონო იური, რამდენი მოსწავლე სწავლობდა იმ დროს ფარცხნალის სკოლაში?

-120 მოსწავლე გვყავდა. 1978 წელს ფარცხნალში უკრაინის ქალაქ კოროსტენის დელეგაციას ვუმასპინძლეთ. საზეიმო შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა ორ ენაზე – ქართულად და რუსულად – წარმოვთქვი. ორი კვირის შემდეგ რაიკომის პირველმა მდივანმა შოთა დევდარიანმა დამიბარა და მითხრა, მინდა, ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის დირექტორად გადმოხვიდეო. ზაური შარიქაძე, ამ სკოლის დირექტორი, მასწავლებლად გადავიდა რკინიგზის სკოლაში.
-მოვიფიქრებ-მეთქი.
-კარგია, ასე რომ მითხარი, ზოგი უცებ დამთანხმდებოდაო.
-ვიფიქრებ. ფარცხნალში ოჯახი მყავს, უნდა ვიწვალო, ფეხით ვიარო ხარაგაულში და იქ ახლოს ვარ-მეთქი.
-მანქანას მოგყიდით, ბინას მოგცემთ, მეტი რა გინდაო.

– ბატონო იური, ხარაგაულშიც გაქვთ ბინა?

– არა, არა, მომატუეს. არც მანქანა მოუციათ (იცინის).

აღმასკომის თავმჯდომარე ელისო ბერიძის სახელზე დავწერე განცხადება. მანქანის მიღების რიგში ჩამაყენეს. მართვის მოწმობა და ფული მომთხოვეს… არც ფული მაქვს, არც მოწმობა.

მართვის მოწმობა ავიღე, ბანკიდან ფულის ცნობაც გავაკეთე, მაგრამ არაფერი…

ოთხი წლის შემდეგ ფარცხნალის სკოლაში ისევ გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობა, ნუგზარ ლომსაძე იყო იმ წლებში დირექტორი.

მივედი შოთა დევდარიანთან და ვუთხარი – თქვენ არც ბინა მომეცით და არც მანქანა. ჩემს სოფელში ადგილი გათავისუფლდა და უნდა დამაბრუნოთ-მეთქი. ბევრი იცინა – რას ამბობ, იურა, საშუალო სკოლაში არ გირჩევნიაო. ჩემს სახლთან ახლოს უფრო მირჩევნია-მეთქი.

1994 წლამდე ვიმუშავე ფარცხნალის სკოლაში ჯერ დირექტორად, შემდეგ მასწავლებლად.

– ბატონო იური, ვინ დატოვა თქვენს ცხოვრებაში ღრმა კვალი?

– მე რომ რუსულის ფაკულტეტზე შევედი, ჩემი მასწავლებლის, ელენე გურგენიძის, დიდი გავლენით. ძალიან განათლებული ქალი იყო. მან შემაყვარა ენა და ლიტერატურა.

ჩემთვის მისაბაძი იყო პავლე მიკრიუკოვი, რუსულისა და ფიზკულტურის მასწავლებელი ფარცხნალში; ხარაგაულში – მასწავლებლები მიშა მანჯავიძე, ნოესპი ბუაჩიძე, ქართულის მასწავლებელი მარგალიტა კაციტაძე. მათემატიკის მასწავლებელი ნოესპი ბუაჩიძე თავისებური კაცი იყო, მაგრამ ძალიან მცოდნე და მომთხოვნი. საკუთარი სამელნე უნდა გქონოდა, კალამს სხვისაში არ ჩაგაწებინებდა. სახლში გაგიშვებდა, მოიტანეო.

დასახულ მიზანს ყოველთვის ადვილად აღწევდით?

– ვერა, ვერ ვაღწევდი ადვილად. ხიდარში მუშაობისას, 1970 წელს, დავისახე მიზნად, რომ იქ საშულო სკოლა გამეხსნა. შოთა ჩხიკვაძე იყო განათლების განყოფილების გამგე. კლასის გასახსნელად საკმარისი კონტინგენტი იყო – 18 მოსწავლე ხიდრიდან კიცხის საშუალო სკოლაში უნდა წასულიყო სასწავლებლად. მშობლები ხიდარში საშუალო სკოლის გახსნას ითხოვდნენ, მე კი უარი მივიღე, – ბიუჯეტი არ არისო.

შოთა ჯოგლიძე იყო მაშინ პირველი მდივანი. მშობლების განცხადებები თუ გაქვსო და მინისტრთან გამიშვა ჯოგლიძემ. რეკომენდაციაც მჭირდებოდა და ჩემს ბიძაშვილ თენგიზ ბუაჩიძეს მივაკითხე, მაშინ ცენტრალურ კომიტეტში საორგანიზაციო განყოფილების გამგედ მუშაობდა.

1970 წელს გავხსენით ხიდარში საშუალო სკოლა. ხიდრის სკოლის დღევანდელი დირექტორი ეთერი პაპავა ჩემი მოწაფე იყო. ის დღეს ამავე სკოლის კარგი დირექტორია.

– ბატონო იური, ყველაზე წარმატებულად როდის იგრძენით თავი?

– ჩემი მოწაფეები რომ უმაღლესში კარგ ნიშნებს მიიღებდნენ და ჩააბარებდნენ, ძალიან მიხაროდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება.

– გასული საუკუნის 70-80-იანი წლების განათლების სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები რა იყო, თქვენი აზრით?

– ძლიერი მხარე ის იყო, რომ სწავლების პროცესი კონტროლდებოდა. განათლების სამინისტროსა და განათლების განყოფილების ინსპექტორები გაკვეთილებს ესწრებოდნენ და არჩევდნენ.

თუმცა, სწავლა სავალდებულო იყო და ეს არ მოგვწონდა. ზოგიერთი მოსწავლე ვერ სწავლობდა, მაინც ვუწერდით ნიშანს. არ შეიძლებოდა, რომ კლასში დარჩენილიყო.

სასკოლო ფორმები ძალიან მომწონდა. საერთოდ, დღეს ბავშვები უფრო ლამაზები არიან.

– დღევანდელ ბავშვებსა და თქვენს ბავშვობას შორის რომ პარალელი გაავლოთ, რა მსგავსება და რა განსხვავებაა?

– ჩვენ სათამაშო არ გვქონდა. მამაჩემი რომ დაიჭირეს, ძალიან გაგვიჭირდა. ჩვრებს ვკრავდით და იმით ვბურთაობდით. რიკტაფელას ვთამაშობდით. ახლა ბევრი სათამაშო და თამაშია. წიგნი გვიყვარდა. ჩვენ რომ ვკითხულობდით, ჩვენს შვილებსაც ძალიან უყვარდათ. სკოლაშიდაც ბიბლიოთეკა იყო. ახლაც არის ბიბლიოთეკა, მაგრამ ახალგაზრდები არ დადიან და წიგნს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ დიდი განსხვავებაა. შეიძლება წიგნი კომპიუტერმა და ტექნიკამ ჩაანაცვლა, მაგრამ, ასე მგონია, წიგნს მაინც ვერაფერი შეცვლის.

– ბატონო იური, ფარცხნალის სკოლაში, თქვენი დირექტორობის დროს 120 მოსწავლე სწავლობდა.

შარშან ერთი, წელს ორი მოსწავლეა ფარცხნალის სკოლაში. არადა, ეს სოფელი ცნობილია აქ დაბადებული აკადემიკოსებისა და პროფესორების სიმრავლით.

რამდენად რეალურად გესახებათ ახალგაზრდა ოჯახების სოფლებში დაბრუნების შესაძლებლობა?

– ზოგადად, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მაგის იმედი არ მაქვს. რატომ არ მაქვს, თუ იცით? კარგი, დაბრუნდა ახალგაზრდა აქ. ჩვენი მიწა არაფერს იძლევა, მაინცდამაინც, ზარალია. რა უნდა აკეთოს, ცოლ-შვილი რითი არჩინოს? ამიტომ მიდის. ადრეც ამბობდნენ, – ხარაგაულელები იმიტომ სწავლობენ, რომ ხარაგაულის მიწა ძალიან ღარიბიაო.

ახალგაზრდა რომ დაბრუნდეს, სადღაც ხომ უნდა იმუშაოს? სოფელში, რაიონში ერთი წვენების ქარხანაც რომ იყოს, – ბევრი ხილია და ოჯახები ჩააბარებდნენ, მაგრამ არავინ აკეთებს. არ არის, ალბათ, მომგებიანი… ფარცხნალში აბანო გაკეთდა, ამდენი თანხა დაიხარჯა, არავინ მოჰკიდა ხელი და არის ასე უმოქმედოდ.

კომუნისტებს ზოგიერთი ისეთი კანონი ჰქონდათ, ჩვენ არ მოგვწონდა. თუმცა კარგი იყო რეგიონისთვის. სოფლიდან კაცი ვერ წავიდოდა. ქალაქში თუ ვერ ჩაეწერებოდა, სამსახურს ვერ იშოვნიდა. ძალაუნებურად სოფელში რჩებოდა. ასეთი კანონი არ არის მისაღები, მაგრამ სოფლისთვის კარგი იყო, ახალგაზრდებით იყო სავსე აქაურობა. რახან გასაქანი მიეცათ…

– ბატონო იური, ცხოვრებაში რა არის უმთავრესი?

– ჩემი შეხედულებით, მთავარია იყო პატიოსანი ადამიანი; სხვისი არ შეგშურდეს; შენსაც, რაც გაქვს, გაუფრთხილდი. გიყვარდეს შენი მოყვასი. მე, როგორც პედაგოგს, ბავშვები ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. სხვისი შური და რამის წართმევა დასვენების საშუალებას არ მოგცემს, ღამე არ დაგაძინებს. ბევრი ფულიც არ არის კარგი. არც ეს მოგასვენებს. ნორმალური ცხოვრებით იცხოვრე. მე რეჟიმით ვცხოვრობ. ბევრ საკვებს არ ვიღებ.

რას უსურვებთ დღევანდელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს?

– მასწავლებლებს ვუსურვებ, რომ საკუთარი პროფესია უყვარდეთ და მუდმივად განვითარდნენ. მოსწავლეებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ იმიტომ, რომ მოსწავლემ თუ შეგიძულა, შენი საგანიც შეძულდება მას. მოსწავლეებს ჯანრთელობასა და სწავლას ვუსურვებ.

ახლა რომ ვუყურებ და ვუსმენ, ერთმანეთს დანებს ურტყამენ, აღარ უყვართ ერთმანეთი. რაღაც უჭირს სკოლას, მაგრამ რა უჭირს, არ ვიცი. კარგად არ ვარ ჩახედული. დისციპლინაა საჭირო.

ბატონი იური წუხს, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ადრე უფრო დიდი პატივისცემა და შეღავათები ჰქონდათ:

– ხარაგაულში სულ რვა ადამიანი დავრჩით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. კი არ ვწუწუნებ, კი არ მშია და მწყურია, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება გვეკუთვნის. ჩვენ ბევრი დრო აღარ დაგვრჩენია. მე მწამს და ოპტიმისტი ვარ, რომ მომავალში კარგი ცხოვრება იქნება საქართველოში, თუმცა ჩვენ ვერ მოვესწრებით. სანამ ვართ, ცოტა მეტად მოგვხედონ. ძალიან ძვირია წამლები. რამდენიმე ქრონიკული დაავადება მაქვს. წამლებს ზოგს ვყიდულობ, ზოგს ვერა. ადრე კარგი შეღავათები გვქონდა. დღევანდელ ახალგაზრდებს არ ახსოვთ ის ომი, არ იციან და აღარ გაქცევენ ყურადღებას.

ღვაწლმოსილი პედაგოგი იური ბუაჩიძე პირველ ნოემბერს 93 წლისა შესრულდება. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მას.

ლაურა გოგოლაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ღვაწლმოსილი პედაგოგი ფარცხნალიდან 

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს ხარაგაულში ხუთი ვეტერანი აღნიშნავს