ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძირულას ხეობის მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრამდეტრანსპორტირება უჭირს. ავტომაგისტრალზე მოძრავი შორი მარშრუტების მძღოლები მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის ტრანსპორტს არ აჩერებენ. თანაც, ამ ხეობის სოფლებიდან ხარაგაულამდე მოსასვლელად მოსახლეობას ტრანსპორტიდან ტრანსპორტში გადაჯდომა სჭირდება.
ძირულას ხეობის მოსახლეობისთვის მგზავრობის პრობლემა, რიკოთის ავტობანის ექსპულატაციაში შესვლის შემდგომ, კიდევ უფრო გამწვავდება, ვინაიდან მაგისტრალზე დღეს მოძრავი ტრანსპორტი აქ საერთოდ აღარ გაივლის.
ამიტომ ხევის, ნადაბურის, ხუნევის, ბორითის, ღორეშას, სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულების 24 სოფლის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ხარაგაულის თვითმმართველობამ დროულად იზრუნოს მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაზე ან არსებული კერძო ტრანსპორტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაზე.
ნადაბურიდან და ღორეშიდან ხარაგაულამდე მოკროავტობუსები კვირაში მხოლოდ ერთხელ მოძრაობენ. ამის გამო ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები მუნიციპალურ ცენტრში არსებული სერვისებით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ.
ხარაგაულში, მეორე წელია, ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს. ძირულას ხეობაში მცხოვრები მოქალაქეები კი ამ ცენტრში სწავლის შესაძლებლობას, უტრანსპორტობის გამო, მოკლებულნი არიან.
პრობლემები ექმნებათ ძირულას ხეობის სკოლების მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს, ხარაგაულში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისას.
ბორითის სკოლის სპორტის მასწავლებელი ლევან დონაძე მოსწავლე სპორტსმენების ხარაგაულამდე ტრანსპორტირებისთვის ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტის მძღოლს წინასწარ უთანხმდება, რომ ძირულამდე წამოჰყვეს. ძირულიდან ხარაგაულამდე კი გამვლელ ტრანსპორტს, ზოგჯერ საათობით, უნდა ელოდონ.
ლევან დონაძე ამბობს, რომ ბორითიდან ხარაგაულამდე მგზავრობას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება. იმის გამო, რომ ხარაგაულიდან ძირულას მიმართულებით 17:00 საათიდან ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, ლევან მასწავლებელი შეჯიბრის შემდეგ გვიან საღამოს, მოსწავლეებთან ერთად, მატარებლით ჯერ ხაშურამდე მგზავრობს, შემდეგ კი ხაშურიდან ბორითში გამვლელი ტრანსპორტით უნდა დაბრუნდნენ.
ნადაბური-ხევი-ხარაგაულის მიკროავტობუსის მძღოლი ფრიდონ გელაშვილი, მგზავრთა სიმცირისა და ხარჯის სიდიდის გამო, ამ მარშრუტის გაუქმებაზე ფიქრობს. თუმცა ამბობს, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება საწვავით მაინც დაეხმარება, მოსახლეობას მხოლოდ ორშაბათობით კი არა, ყოველდღიურად მოემსახურება.
ღორეშაში მცხოვრები ნანა კურტანიძე, ნინო ცინცაძე და ბეჟან კურტანიძე ამბობენ, რომ ღორეშიდან ზესტაფონში ან თბილისში მგზავრობა უფრო ადვილია, ვიდრე ხარაგაულამდე, რადგან ამ ქალაქების მიმართულებით კერძო პირები მარშრუტებს რეგულარულად, კვირაში 3-4-ჯერ ასრულებენ.
ხარაგაულის სოფლებიდან მუნიციპალურ ცენტრამდე კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოძრავი ტრანსპორტი ზესტაფონისა და ხაშურის ბაზრობებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ეს მოკროავტობუსები, ფაქტობრივად, უსარგებლოა შორს მცხოვრები სოფლის ექიმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკებისთვის.
ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გურამ კურტანიძე ამბობს, რომ მოსახლეობისთვის დიდი დახმარება იქნება ხარაგაული-სარგვეში-ღორეშა-უბისა-ძირულა-ხარაგაულის ყოველდღიური წრიული მარშრუტის დანიშვნა. ამ ტრანსპორტით არა მხოლოდ ამ სოფლების, არამედ ძირულას ხეობაში მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობაც ისარგებლებს.
ან, შესაძლოა, – ბაზალეთი-ღორეშას გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ, უფრო მეტად ეფექტური იყოს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ხევი-ბორითი-უბისა-ღორეშა-სარგვეში-ხარაგაულის მიმართულებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 30 ათასი ლარი გამოიყო. აქედან მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 10 ათასი ლარი გაიტანა ტენდერზე.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად მერიას პროექტი 2019 წელს უშედეგოდ მიაწოდა.
„ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, რომ ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. ვფიქრობ, ტრანსპორტირებას შემდეგ კერძო სექტორი უზრუნველყოფს. ახლა ხარაგაულის უმეტეს სოფლებში გზები მოსაწესრიგებელია. ამიტომ კერძო პირები მგზავრთა გადაყვანით არ ინტერესდებიან, ცუდ გზაზე ავტომობილის ხარჯიც დიდია.
მომავალი წლისთვის განისაზღვრება, თუ რომელ სოფლებს მოემსახურება თბილისის მერიისგან მიღებული „ყვითელი ავტობუსი“.
2021 წელს მუნიციპალური ტრანსპორტი ძირულას ხეობის სოფლებისთვის აუცილებლად დაინიშნება“, – გვპირდება ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი