ინტერნეტის, სამედიცინო მომსახურებისა და შვილებისთვის სათანადო განათლების მიცემაზე ხელმიუწვდომლობა, საჭირო საოჯახო ტექნიკის უქონლობა, – ეს ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახების პრობლემებია. უმთავრესი კი მაინც უმუშევრობაა.
თამარ და ლევან ჩერქეზიშვილების ოჯახი მრავალშვილიანია.
„ახალგაზრდას მუშაობის უნარი შეგწევს, გაქვს მიზნები და პერსპექტივები. სახელმწიფომ შენი მიზნების განხორციელებაში ხელი უნდა შეგიწყოს, – ამბობს თამარ ჩერქეზიშვილი, – უმუშევრობა ფინანსურ სიდუხჭირეს იწვევს. ეს კი ცხოვრების გაგრძელების სურვილს გიკარგავს. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ახალგაზრდა ადამიანების შესაძლებლობები.
ხარაგაულში ბევრ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ შვილი მასწავლებელთან დამატებით ამეცადინოს. ამაზე არც კი ვოცნებობთ. ყველა მშობლისთვის უმთავრესი შვილის განათლებაა, გარემოებები ამის ხელშეწყობისთვის ხელს ვერ გვიწყობს.
ხარაგაულში არსებული საავადმყოფო მრავალპროფილიანი არ არის. აქ მისული პაციენტი სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს. სწორედ ამიტომ ხარაგაულელებს სხვა მუნიციპალიტეტებში წასვლა გვიწევს, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რამდენჯერმე ხარაგაულის საავადმყოფოში მივედით და შესაბამისი სპეციალისტი არ აღმოჩნდა. ზესტაფონში ვერ ვისარგებლე იმ შეღავათებით, რაც ხარაგაულის საავადმყოფოში მეკუთვნოდა“.
უმუშევრობა სოციალური პრობლემის სათავეა. მოწესრიგებული სველი წერტილები სახლში, თბილი გარემო ბავშვებისთვის, საკვები, – ეს ყველაფერი 21-ე საუკუნისათვის ელემენტარული ჩანს, თუმცა ჩერქეზიშვილების ოჯახისთვის ფუფუნებაა. ამ მდგომარეობაში სხვა ახალგაზრდა ოჯახებიც არიან.
„ბავშვებს დღეში ერთხელ ვაჭმევ მაშინ, როდესაც ადამიანი მინიმუმ სამჯერ უნდა იკვებებოდეს, – ამბობს თამარ ჩერქეზიშვილი, – ეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. საოჯახო ტექნიკა, რაც გვაქვს, ჩვენი სახსრებით არ არის შეძენილი – კეთილი ადამიანები დაგვეხმარნენ.
ხელისუფლებას ვთხოვ, ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს, იზრუნონ მათზე, ცხოვრების პერსპექტივა დაანახონ. ტყუილ დაპირებებს ნუ გვაძლევენ, დავიღალეთ. მომცენ იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახი ჩემი შრომით შევინახო. მეტს არაფერს ვთხოვ მათ, არაფერს…“
ლიკა ხიჯაკაძე
შესაძლოა, დაგაინტერესოთ:
საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი