სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და მათი პრევენციის შესახებ ეს წერილი მეოთხე სტატიაა სერიიდან თემაზე – „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“. ამ საკითხებზე ვებინარი ჟურნალისტებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ექსპერტებმა ჩაგვიტარეს.

უკვე გაეცანით სტატიას ოჯახის დაგეგმარების, აბორტის შესახებ, პაციენტის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„პირველ რიგში განვმარტოთ, რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, – ამბობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტი ინა ვაჩიბერიძეჟირარი, – ესაა ნებისმიერი ისეთი დაავადება, რომელიც გადადის სქესობრივი გზით – იქნება ეს სპერმის, ვაგინალური გამონადენისა თუ სისხლის საშუალებით.

ეს ცნება მოიცავს 30-მდე დაავადებას, რომლებსაც ინფექცია, ვირუსი ან პარაზიტი იწვევს. ყველაზე ხშირია ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიხომონიაზი, შიდსი, B და C ჰეპატიტები და ა. შ.

ერთადერთი საშუალება, რომელიც ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან იცავს, ესაა კონდომი, პრეზერვატივი.

ასეთი დაავადებულების მიმართ საზოგადოება ნეგატიურადაა განწყობილი. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები ექცევიან და მათ დამნაშავეებად მიიჩნევენ“.

„ამ საკითხებზე მშობლები მოზარდ შვილებთან საუბარს თავს არიდებენ, – ამბობს ოჯახის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი, – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის ახალგაზრდების სწორად ინფორმირება უმთავრესია. მოზარდებს, უფროსკლასელებს ამ თემებზე ხშირად ვესაუბრები. ვალდებულიც ვარ, როგორც ოჯახის ექიმმა, მათ ინფორმაცია მივაწოდო.

სქესობრივი გზით B და C ჰეპატიტებიც გადაეცემა. თუმცა შიდსით დაავადებულების მიმართ გაცილებით უარყოფითი დამოკიდებულებებია, ვიდრე ჰეპატიტებით ინფიცირებულთა მიმართ. ესეც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.

შიდსით ინფიცირებულთა ოჯახს ვიცნობ. ისინი ამას საგულდაგულოდ მალავენ, თუმცა გარშემომყოფთა ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. დროული და სწორი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. გასულ წელს ოჯახის ექიმებს სწრაფი ტესტები გადმოგვცეს და მოსახლეობას B და C ჰეპატიტებსა და შიდსზე ვიკვლევდით. ამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. კარგი იქნება, თუ ამ კვლევის ჩატარების საშუალება კიდევ მოგვეცემა“.

– ექიმმა რომ მითხრა, შიდსი გაქვსო, შოკში ჩავვარდი, – იხსენებს 29 წლის მარია. ვერ გავერკვიე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მკურნალობაზე მეტად გვერდში დგომა და მხარდაჭერა მჭირდება.

„სამწუხაროდ, მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მისი პრობლემა არასდროს იქნება, – ამბობს ინა ვაჩიბერიძე-ჟირარი, – საზოგადოება დაავადებას უნდა ებრძოლოს და არა – დაავადებულებს“.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ით ინფიცირების 8474 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 6326 მამაკაცია, 2148 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა.

ნინო კაპანაძე