მშვიდი და ჰარმონიული ოჯახის შესანარჩუნებლად, სტაბილური და ჯანმრთელი ცხოვრების გასახანგრძლივებლად ოჯახის დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა წყვილმა თავიდანვე განსაზღვროს, რამდენი შვილი იყოლიოს და როდის. ამისთვის კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ.

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა, ამისთვის აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც ოჯახის დაგეგმვის მეთოდებს ინდივიდუალურად შეგვირჩევს.

– საქართველოში ქალების 64%-ს ოჯახის დაგეგმვის სერვისები ესაჭიროება, – ამბობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტი ინა ვაჩიბერიძე-ჟირარი, – ამ 64%-დან 27%-ს ოჯახის დაგეგმვა ორსულობებს შორის ინტერვალის დაცვის მიმართულებით სურს, ხოლო 36%-ს შვილის ყოლა საერთოდ აღარ უნდა.

ექიმთან კონსულტაცია და გამოკვლევა აუცილებელია იმისთვის, რომ კონტრაცეპციის მეთოდები სწორად შეირჩეს. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობისთვის კონტრაცეპცია ხელმისწავდომი არ არის. ექიმთან კონსულტაცია, გამოკვლევა, შემდეგ ქიმიური ან ჰორმონალური პრეპარატების შეძენა საკმაოდ ძვირია.

კონტრაცეპციის სახეებია:

  • ბიოლოგიური : კალენდარული მეთოდი, ტემპერატურული მეთოდი, აქტის შეწყვეტა;
  • ბარიერული: პრეზერვატივი, დიაფრაგმა;
  • ქიმიური: ღრუბელი, კრემები, სანთლები სპერმიციდის შემცველობით;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (მონოფაზიანი, ორფაზიანი, სამფაზიანი), საინექციო პრეპარატები, გადაუდებელი კონტრაცეპცია;
  • საშვილოსნოსშიდა: საშვილოსნოსშიდა სპირალი;
  • ქირურგიული: სტერილიზაცია ქალისა და კაცისათვის (მუდმივი მეთოდი).

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ნანა 40 წლისაა. 15 წლის იყო, როცა დაოჯახდა. ამბობს, რომ სიტყვა „ოჯახის დაგეგმარება“ მისთვის ახლაც უცხოა და მითუმეტეს – 25 წლის წინ. არასდროს სმენია კონტრაცეპტივების შესახებ. ამიტომ არასასურველი ორსულობა რამდენჯერმე ხელოვნურად შეწყვიტა.

– სოფლის სამედიცინო ამბულატორიებისთვის ორგანიზაცია „ჯიესაი“ ქალთა ჯანმრთელობის პროგრამას 2007-2013 წლებში ახორციელებდა, – ამბობს წიფის ამბულატორიის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი, – ეს იყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროგრამა რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის. პროგრამის ფარგლებში უფასოდ ვარიგებდით კონდომებს, პრეზერვატივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ხოლო ქალთა კონსულატაციებს სპირალები ეძლეოდათ.

ტრენინგები გვიტარდებოდა და ჰორმონალური წამლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდებოდა, რასაც ჩვენ შემდეგ ქალებს ვაცნობდით.

მე, როგორც ოჯახის ექიმს, სოფელში ძალიან მენდობიან და ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე ხშირად მესაუბრებიან. სამწუხროდ, მამაკაცები ოჯახის დაგეგმვის პროცესში ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. უმეტესად, ამ საკითხის მოგვარებაზე მხოლოდ ქალები ზრუნავენ.

ხარისხიანი კონტრაცეპტივების შეძენა ძვირია. სპირალის ჩადგმა 80 ლარი მაინც ჯდება. ხშირად სოფლად მცხოვრებ ქალებს პრეზერვატივის შეძენის შესაძლებლობაც არ აქვთ.

ამიტომ ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა აუცილებლად უნდა მოქმედებდეს და ის რეპროდუქციული ასაკის მქონე ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე ახლაც მაკითხავენ პაციენტები, მაგრამ მე გინეკოლოგი არ ვარ და ამიტომ მათ სპეციალისტთან მისვლას ვურჩევ. თუ არ ვიცი პაციენტის მდგომარეობა, ისე კონტრაცეპტივს ვერ დავუნიშნავ.

ამ კუთხით ადამიანების განათლება და ინფორმირებულობა უმნიშვნელოვნესია.

ოჯახის დაგეგმვისას ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, თუ წლის რომელი პერიოდია დაფეხმძიმებისთვის საუკეთესო. ზაფხულსა და შემოდგომაზე ორგანიზმი ბევრ ვიტამინს, მინერალს, მზის სხივს იღებს. ვირუსი ნაკლებია და ეს პერიოდი ჩასახვისთვის ძალიან კარგია.

რელიგიური მოტივით წყვილები ოჯახის დაგეგმვისგან თავს იკავებენ, მაგრამ ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. თავად ადამიანმა უნდა აირჩიოს, კონტრაცეპციის რომელ ხერხს მიმართოს. ექიმები მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში უნდა მივეხმაროთ, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:
რატომ მიმართავენ ქალები აბორტს
უნდა ვებრძოლოთ დაავადებას და არა – დაავადებულებს
პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია