ვაგრძელებთ წერილების სერიას თემაზე „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“. ამ საკითხებზე ვებინარი ჟურნალისტებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ექსპერტებმა ჩაგვიტარეს.

უკვე გაეცანით სტატიას ოჯახის დაგეგმარების შესახებ. მომავალში შემოგთავაზებთ ინფორმაციას გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციულ ღონისძიებების შესახებ; გაგაცნობთ სექსუალური და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს.

აბორტი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაა ქირურგიული ჩარევის, ან მედიკამენტური გზით. ხელოვნური აბორტის პროცედურა 12 კვირის ვადამდე შეიძლება განხორციელდეს ქალის ნებაყოფლობითი სურვილით, ხოლო 12 კვირიდან 22 კვირის ვადაზე აბორტის პროცედურის ჩატარება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების არსებობისას.

თუკი ორსულობის შეწყვეტა თავისთავად ხდება, მას სპონტანური აბორტი ან მუცლის მოშლა ეწოდება.

– ყოველ წელს 40-დან 50 მილიონამდე ქალი იღებს აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას, – ამბობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტი ინა ვაჩიბერიძე -ჟირარი, – ყოველ საათში დაახლოებით რვა ქალი კვდება, ხოლო ორასი მათგანი უნაყოფო ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ არაა ხელმისაწვდომი უსაფრთხო აბორტის სერვისები ან მათთვის აბორტი არაა ნებადართული.

რატომ მიმართავენ ქალები აბორტს:

  • მათ არ  აქვთ საშუალება, რომ აღზარდონ ბავშვი, მიუხედავად იმისა, პირველია ეს ბავშვი, თუ მეორე;
  • დაუგეგმავი, არასასურველი ორსულობის შემთხვევაში არ სურთ გახდნენ მშობლები;
  • მათ სურთ განათლების დასრულება, რაშიც ორსულობა და ბავშვის ყოლა ხელს შეუშლით;
  • მათი ურთიერთობა მშობლებთან მწვავდება ან მათ არ აქვთ სტაბილური ურთიერთობა და არ სურთ ბავშვის მარტო აღზრდა;
  • ორსულობა საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას;
  • დაორსულდნენ ძალადობრივი სექსის შედეგად;
  • თუ წყვილს არ მოსწონს ნაყოფის სქესი (სქესის სელექცია).

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია სელექციური აბორტები, როცა შვილის სქესი ოჯახისთვის ან წყვილისთვის მიუღებელია.

– გილოცავთ, თქვენ გოგონა გეყოლებათ, – ამ სიტყვების გაგონებას მაკას სიკვდილი ერჩია. ექოსკოპისტის კაბინეტიდან გამოსულმა, ქმარს ძლივს უთხრა, რომ მეოთხე შვილი ისევ გოგონა იყო. „ჩვენ გვარის გამგრძელებელი გვინდა“, – ქმრისა და დედამთილის ამ მოთხოვნის გამო იძულებული გახდა, აბორტი გაეკეთებინა. აბორტს სერიოზული გართულებები მოჰყვა. გონებადაკარგული წაიყვანეს რაიონული საავადმყოფოდან დედაქალაქში. შვილის ყოლის უნარი სამუდამოდ დაკარგა.

უფროსი ქალიშვილი სკოლას ამთავრებდა, მაიამ მეოთხე ორსულობის შესახებ რომ შეიტყო. ექოსკოპიის პასუხით მას ბიჭი უნდა ჰყოლოდა. ერთი ბიჭი ხომ გვყავს, სად გვაქვს იმის შესაძლებლობა, ორ ბიჭს ცხოვრება მოვუწყოთ, – ოჯახის წევრების ამ სიტყვების გამო მაიამ აბორტი გაიკეთა. ნაყოფის დაკარგვით მიღებულ სულიერ ტრავმას მოძღვრის სასჯელი დაემატა – ერთი წლის განმავლობაში ვერ ეზიარებოდა.

„აღარ მსურს იმის გახსენება, რაც გადავიტანე, – ამბობს მაია, – შვილის სქესს რა მნიშვნელობა აქვს?! მოვუწოდებ ყველას, სქესის გამო შვილზე უარი არ თქვან. იმ დროს ისეთი დაუცველი ვიყავი… დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა, რატომ დავრჩი ორსულად“.

„არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება კონტრაცეპციაა, – ამბობს ოჯახის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი, – პირადად მე აბორტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს სქესის გამო. ადამიანებს ოჯახის ექიმის ძალიან სჯერათ. ახალგაზრდა ქალებისთვის ამიხსნია, თუ რა გართულებები მოჰყვება აბორტს. მიხარია, რომ ჩემი სიტყვა დაიჯერეს და შვილები გააჩინეს.

პატრიარქი რომ მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს, ამან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა.

ვფიქრობ, იმ ბავშვების უმრავლესობა აბორტისთვის იყოს განწირული. თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბორტი არ უნდა გაკეთდეს“.

„კანონმდებლობის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულობის ვადა 12 კვირას არ აღემატება და მისი ჩატარება დასაშვებია მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, – ამბობს ინა ვაჩიბერიძე-ჟირარი, – ჯანდაცვის მინისტრის №01-74/ნ ბრძანებით, რომელიც 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოიცა, აბორტის წინ ორსულს კონსულტირება უნდა ჩაუტარდეს და გასაუბრებიდან პროცედურამდე ხუთი დღის მოსაფიქრებელი ვადა სავალდებულოა.

კვალიფიციური პერსონალის მიერ შესაბამის პირობებში ჩატარებული აბორტი ქალის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი არ არის.

სოფლად მცხოვრებ ქალებში აბორტის სიხშირე 50%-ით მაღალია; ყველაზე დაბალი აჭარაშია, მაღალი – ქვემო ქართლში.

აბორტი, ძირითადად, ტარდება საავადმყოფოებში (სოფლად – 82%, ქალაქში – 70%) და უფრო ნაკლებად ქალთა საკონსულტაციო ცენტრებში (სოფლად – 11%, ქალაქში – 22%);

25-29 წლის ქალების ასაკობრივ ჯგუფში უფრო ხშირია საავადმყოფოში მომსახურების მიღების შემთხვევები (აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში 82%), ვიდრე 40-44 წლის ქალების ასაკობრივ ჯგუფში (66%).

ქალაქებში მცხოვრები ქალების 25,7%-მა განაცხადა იმის თაობაზე, რომ მათ გადატანილი ჰქონდათ აბორტის შემდგომი გართულებები, ხოლო სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში იგივე განაცხადა 41,5%-მა.

გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილება აბორტის გაკეთება-არ გაკეთებასთან დაკავშირებით მხოლოდ ქალის უფლებაა!

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში კონტრაცეფციის შესახებ კონსულტირებაზე და თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ აბორტის სიხშირე მნიშვნელოვნად შეამცირა“.

ნინო კაპანაძე