ვაგრძელებთ წერილების სერიას თემაზე „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“. ამ საკითხებზე ვებინარი ჟურნალისტებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ექსპერტებმა ჩაგვიტარეს.

ჩვენს ვებგვერდზე თქვენ უკვე გაეცანით სტატიას ოჯახის დაგეგმარების შესახებ – მამაკაცები ოჯახის დაგეგმვაში ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ და აბორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე – რატომ მიმართავენ ქალები აბორტს.

ამჯერად  გაგაცნობთ პაციენტის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის შემდეგ.

„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმები პაციენტის შესახებ ინფორმაციას სხვა პირს აწვდიან, – ამბობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტი ინა ვაჩიბერიძეჟირარი, – ეს კანონით დასჯადია. ხშირად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციას მის წინააღმდეგ იყენებენ, აბულინგებენ და აშანტაჟებენ. ასეთი ფაქტები უფრო მეტად ქალებს უკავშირდება.

კანონით განსაზღვრული საჭიროების გარეშე აკრძალულია:

– სხვა ექიმისთვის პაციენტის პირადი ინფორმაციის მიწოდება;
– პაციენტის პირადი ინფორმაციის სხვა პაციენტისთვის განდობა;
– პაციენტის შესახებ პირადი ინფორმაციის განდობა სამთავრობო სტრუქტურაში მომუშავე პირთა თხოვნით;
– პაციენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, მშობლის ან პარტნიორის კონსულტაციაზე დასწრება.

ზესტაფონში მცხოვრები 30 წლის თამარი ორსულადაა მეორე ბავშვზე, რომლის გაჩენაც არ სურს. პირველი შვილი ერთი წლისაა. ექიმი, რომელსაც თამარმა აბორტის გასაკეთებლად მიმართა, დედამთილის მეგობარია. ამ ექიმისგან ოჯახმა თამარის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო. ქმარმა და დედამთილმა ორსულ ქალს სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენეს და ექიმთან მარტო წასვლა აუკრძალეს.

გახსოვდეს:

– არავის არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია შენი ჯანმრთელობის შესახებ, კანონით დაშვებული შემთხვევების გარდა;
– კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება კანონით ისჯება;
– შენ გაქვს უფლება, მიიღო ჯანმრთელობისთვის მომსახურება/კონსულტირება სრულიად ანონიმურად  და კონფიდენციალურად;
– ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

– კანონი ყოველგვარ დისკრიმინაციას კრძალავს;

– შენ გაქვს ინფორმაციის მიღების უფლება;
– შენი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და შენ კანონი გიცავს;
– ექიმს არ აქვს უფლება, უარი გითხრას სამედიცინო  მომსახურეობის გაწევაზე, თუ არ არსებობს ამის რეალური საჭიროება და აღნიშნული სამედიცინო ქმედება არ გამოიწვევს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას.

მომავალ კვირაში შემოგთავაზებთ წერილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების შესახებ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე
მამაკაცები ოჯახის დაგეგმვაში ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ
რატომ მიმართავენ ქალები აბორტს
უნდა ვებრძოლოთ დაავადებას და არა – დაავადებულებს