ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.

მანამდე ასევე უარყოფითად შეფასდა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების მუშაობაც.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებას „პოლიტიკურს“ უწოდებს და სიტუაციას ცნობილ გამოთქმას – „ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“ – ადარებს.

„ბატონი ვლადიმერი ამბობს, რომ ის ვერ საზღვრავს მერიაში მთავარ საფინანსო პოლიტიკას. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური იმას ასრულებს, მერი რასაც ავალებს და ამას გვერდს ვერ აუვლის, გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებს, – აღნიშნა 7 ოქტომბერს სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს „ხმალამოღებული“ ბრძოლისკენ და პოზიციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, რადგან მისი თქმით, „ძირითადად, ჯოხი ყოველთვის ამ სამსახურზე ტყდება“.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობის განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე არ ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ მერს წერილობითი მიწვევა რამდენჯერმე გაუგზავნეს.

დეპუტატები ვლადიმერ გელაშვილს, ძირითადად, პასუხს თხოვენ იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ორგანიზაციებზე, 2018 და 2019 წლებში, ავანსის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა უსარგებლოდ გადაირიცხა. აქედან მილიონ 127 ათასი ლარი მშენებელმა კომპანიებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკან დაუბრუნეს, ვინაიდან სამუშაოები არ შესრულდა.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იაფი სესხის გამცემ ორგანოდ გადაიქცა, ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები ავანსად უშედეგოდ გაიცა. მოსახლეობას პოზიტივი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ თანხით განხორციელებული პროექტების სახით უნდა მიეღო, ნეგატივად ექცა. ავანსები ერთიდაიგივე კომპანიებზე ისეა გაცემული, რომ წინა პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებული არ არის“.

„ერთი და იგივე მშენებელ ორგანიზაციას ათი ობიექტი რომ აქვს ტენდერით მოგებული, რვაგან ავანსი მივეცით და ვერ გააკეთა, დანარჩენი ორი პროექტისთვის მაინც აღარ უნდა გადაურიცხო თანხა წინასწარ. 2017 წლის ოქტომბერში სტიქიისგან დაზიანებულ, ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე, ჯერ ბარი არ დადებულა, ორმო არ ამოღებულა. რა ვუპასუხო მოსახლეობას?!“ – წუხს საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე.

საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესით. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან დღემდე თექვსმეტი შეხვედრა უნდა გამართულიყო და სამუშაო ჯგუფი ჯერაც არ შეკრებილა 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად. ამ ჯგუფის შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1 მარტის #49/384  ბრძანებითაა განსაზღვრული. შეხვედრები კი პრიორიტეტების დოკუმენტში მოქალაქეთა წინადადებების გასათვალისწინებლად, არსებული რესურსებისა და მიმდინარე პროექტების ეფექტურობის გასაანალიზებლად უნდა გამართულიყო.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა საკრებულოს სხდომაზე მყოფი 28 დეპუტატიდან 26-მა უარყოფითად შეაფასა. ქეთევან ზუმბაძემ, საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, შეფასებისგან თავი იმ მოსაზრებით შეიკავა, რომ „ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. დადებითად შეფასდება თუ უარყოფითად, მუშაობა მაინც ძველებურად გაგრძელდება, თუ ცვლილებისთვის „ზემოდან“ კეთილი ნება არ იქნა“.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ფინანსური კუთხით დაგროვებულ პრობლემებს არ უარყოფს, ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დადებითად შეფასებას დაუჭირა მხარი. მან კოლეგებისგან იმის განმარტება მოითხოვა, თუ „რა მნიშვნელობა აქვს მერიის სამსახურების უარყოფითად შეფასებას და აქედან საკრებულო რა შედეგის მიღებას ელის“.

„მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშაობა რომ უარყოფითად შევაფასეთ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ და საკითხები უფრო ღრმად შეისწავლეს, – ამბობს ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე, – ის, რომ უპასუხისმგებლო მშენებლებს ხელშეკრულებები აღარ უგრძელდებათ და უსარგებლოდ გაცემული ავანსების დაბრუნების პროცესი დაიწყო, სწორედ იმის გამოა, რომ საკრებულო თავის სიმაღლეზე დგას“.

სხდომაზე აღინიშნა, რომ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში კარგი ადამიანები მუშაობენ და შეფასება მხოლოდ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს ეხება.

„განვლილ პერიოდს ვაფასებთ, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – დარწმუნებული ვარ, შინაგანად აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ ავანსები ასე „უპრაგონოდ“ აღარ გაიცეს. თუმცა, რაც უკვე მოხდა, ამას ვერანაირად ვერ მივესალმებით და ტაშს ვერ დავუკრავთ.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ თვეებში უკეთესი შედეგები იქნება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობას დიდი სიამოვნებით შევაფასებდი დადებითად, რომ არა ის ხარვეზები, რაც კომისიამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა“.

ლაურა გოგოლაძე

ამავე თემაზე: „დროშებით სიჩქარის დარეგულირებამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოსავლები დააგდო