ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, ბიუჯეტის შემოსულობების გასაზრდელად და გადასახადებში ეკონომიების მიზნით შემუშავებული წინადადებები მოთხოვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილს ბიუროს სხდომაზე, ამ სამსახურის მუშაობის ანგარიშის განხილვისას.
საკრებულოს დეპუტატები ასევე მოითხოვენ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზს და ინტერესდებიან, მერიაში თუ მსჯელობენ პროექტების დაუსრულებლობის მიზეზებზე.
რამდენად გაამართლა და რა შედეგი მოჰყვა მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ების შეერთებას; სად არის ააიპ-ების რეორგანიზაციით მერიისგან დაპირებული დანაზოგი?!
რატომ „გამოეკიდა ჰაერში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 1 მარტის #49/384 ბრძანება, რომლითაც 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და 1 მარტიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, 15 სამუშაო შეხვედრა უნდა გამართულიყო პრიორიტეტების დოკუმენტში მოქალაქეთა წინადადებების გასათვალისწინებლად, არსებული რესურსებისა და მიმდინარე პროექტების ეფექტურობის გასაანალიზებლად.
ბრძანება „გამოეკიდა ჰაერში“, რადგან დღემდე თურმე არც ერთი შეხვედრა არ გამართულა, – როგორც ამას პრიორიტეტების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრი დეპუტატები ამბობენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფულადი სოციალური დახმარების მიღების მსურველ მოქალაქეთა მოთხოვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული თანხა ვერ სწვდება. მერიისგან საკრებულოსთვის მიცემული პირობა, რომ სოციალური ხარჯების გაზრდის საკითხი ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის შედეგების განხილვის შემდგომ განიხილებოდა, ასევე ჰაერშია გამოკიდებული.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი კი აცხადებს, რომ „ბიუჯეტის შესრულება ალბათობით შემოსავალზე – ჯარიმებზეა დამოკიდებული“ და თუ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები არ შევიდა, სოციალურ ხარჯებს როგორ გაზრდის?!
„ადგილობრივი ჯარიმებიდან შემოსავლებმა ძალიან იკლო, – წუხს ვლადიმერ გელაშვილი, – დღეში 8-9 ათასი ლარი შემოდიოდა; 1 600 – 1 500 ლარზე დავიდა დღეში. ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ მაქათუბნის ვიდეოთვალი გაუქმდა, აღარ არის! ავტობანის მშენებლობის გამო, 30-40 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვები დაწესდა. მშენებლები დროშებით არეგულირებენ ავტომობილების მოძრაობას და იქ ვინღა დამირღვევს წესრიგს?!“
ძირულას ხეობის მოსახლეობა, მეხუთე თვეა, ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „მოსახლეობისგან ხელმოწერილ ამ მოთხოვნას მერიამ პასუხი მაისიდან დღემდე არ აღირსა“.
2018-2019 წლებში რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტებზე, ერთი და იგივე კომპანიებზე, 2 მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით ისე გაიცა, რომ ამ კომპანიებს წინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაწყებულიც კი არ ჰქონდათ.
საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ „ავანსები მშენებელი ორგანიზაციებისთვის „იაფ სესხად“ იქცა. მუნიციპალიტეტს კი, შესრულებული პროექტების ნაცვლად, მხოლოდ ფურცლომანია რჩება“.
ავანსად გაცემული თანხებიდან 1 127 000 ლარი მშენებელმა კომპანიებმა მუნიციპალიტეტს უკან დაუბრუნეს.
„გამოდის, რომ ავანსების დაახლოებით 60% პრაქტიკულად მშენებელი ორგანიზაციებისთვის ტყუილად გადარიცხული ფულია. კომპანიამ მიზნობრივად ვერ გამოიყენა და უკან დააბრუნა, – ამბობს საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე, – ერთი და იგივე მშენებელ ორგანიზაციას ათი ობიექტი რომ აქვს აღებული, რვაგან ავანსი მივეცით და ვერ გააკეთა, დანარჩენი ორი პროექტისთვის მაინც აღარ უნდა გადაურიცხო თანხა წინასწარ.
2017 წლის ოქტომბერში სტიქიისგან დაზიანებულ, ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე, ჯერ ბარი არ დადებულა, ორმო არ ამოღებულა.
რა ვუპასუხო მოსახლეობას?!“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ავანსების გაცემასთან დაკავშირებით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის ხედვით ინტერესდება:
-ბატონო ვლადიმერ, ავანსების გაცემასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა გვაინტერესებს.
ვლადიმერ გელაშვილი: – რა ხედვაც თქვენ გაქვთ, მეც იგივე მაქვს. მშენებელი უნდა აიძულო და გააკეთოს. არ გააკეთებს? ორი წელი კი არ უნდა უყურო, ორი კვირის შემდეგ უნდა გაუშვა.
ინგა მაღრაძე, დეპუტატი: – რაღაც ახალი მექანიზმი რომ დავაწესოთ?
ვლადიმერ გელაშვილი – გვაქვს, ქალბატონო ინგა. ხელშეკრულების დადებისას შესრულების გრაფიკს ვუდგენთ. ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, ოთხი კვირა, ხუთი კვირა, – კვირეების მიხედვითაა გაწერილი, რა უნდა გააკეთოს, სამუშაოს რა მოცულობა უნდა შეასრულოს. ერთი კვირა არ შეასრულა, მეორე კვირა არ შეასრულა, მესამე, მეოთხე, მეხუთე, – კაი, რააა…
ჩვენი ქვეყანა ასეა, – ყველას ჰყავს პატრონი. ბევრიც რომ გინდოდეს, ვერ შეცვლი.
ვარლამ ჭიპაშვილი: – თანხები უშედეგოდ გაიცა. მიზანშეწონილობაც ხომ არსებობს, 22-ჯერ აძლევ ავანსს კომპანიას, რომელიც ობიეტს არ მიკარებია. ხალხს პოზიტივი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან თანხის სახით მოდის, ნეგატივად ექცა.
საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის მერისგან კონკრეტულ საკითხებზე დასაბუთებულ პასუხებს მოითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ბიუროს წევრებს დაჰპირდა, რომ მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძეს საკრებულოს 7 ოქტომბრის სხდომაზე წერილობით (უკვე მესამედ!) მოიწვევს.
მრავალ საკითხთაგან კი დეპუტატებს და საზოგადოებას აინტერესებთ:
1. 8 მაისიდან დღემდე რატომ არავინ დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე იმ ვითარებაში, როცა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით პრობლემებია; მერის პირველი მოადგილე კი სწორედ ინფრასტრუქტურის სფეროს კურირებს.
2. თავად მერი ნიკოლოზ თოფურიძე ხომ არ მფარველობს იმ კომპანიებს, რომლებზეც ავანსები, ფაქტობრივად, „იაფი სესხის“ სახით იცემა.
ნიკოლოზ თოფურიძე: –ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ხარაგაულში, ბოლო წლებში, გასცდა დიდ მასშტაბებს და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც. მხოლოდ იმიტომ, რომ მერის პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტური არ იყოს, ვერ მივიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. საუკეთესოს შევარჩევთ, საქმის მცოდნეს! ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე მეყოლება პირველი მოადგილე.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ვარაუდებზე კომენტარებს არ ვაკეთებ.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი