დღეს, პირველ ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წელს და 2019 წლის ხუთ თვეში გაწეული საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.

დეპუტატებს ანგარიში ამ სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა წარუდგინა.

საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში მშრალია და საქმიანობის შესახებ საერთო სურათს არ ქმნის. სამსახურის დებულებაში მოცემული 32 მუხლიდან მხოლოდ 5-6 მუხლი სრულდება.

დეპუტატები ამბობენ, რომ ანგარიშში არ არის ასახული:

  • თუ რა არგუმენტებით მიიღო გადაწყვეტილებები მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთვის ხარაგაულის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში, სასმელი წყალი, მარმარილოსებრი კირქვა) მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით;
  • კონკრეტულად რა საქმიანობა გასწია სამსახურმა, როცა კონტროლის ჯგუფთან ერთად მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ააიპ-ებისსა და შპს-ს მიერ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შეამოწმა და რა შედეგი მიიღო;
  • რას აკეთებს სამსახური იმისთვის, რომ კომპანიებმა სამშენებელო ნარჩენები მშენებლობის ტერიტორიიდან გაიტანონ;
  • რატომ არ განიხილეს საჯაროდ ხარაგაულში მერიის წინ ახალი სკვერის მშენებლობის პროექტი;
  • რა გააკეთა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა ხარაგაულში უსახური შენობების იერ-სახის შესაცვლელად, ამ შენობების აღწერის შემდგომ;
  • რატომ არ არის განთავსებული ბანერები მშენებარე ობიექტებთან და თხოვს თუ არა ეს სამსახური კომპანიებს ბანერების განთავსებას;
  • რა კეთდება ხარაგაულში მიწათმოწყობისა და განაშენიანების გენერალური გეგმების შესადგენად;
  • მიმართეს თუ არა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გზების შესაკეთებლად მშენებლებზე დროებითი ლიცენზია გაიცეს ქვა-ღორღის ადგილზე მოსაპოვებლად.

მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სამშენებლო ნარჩენების გატანა მშენებელი კომპანიის ვალდებულებაა და მერიამ კომპანიებს ეს წერილობით აცნობა. თუ კომპანია ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, ის ე. წ. „შავ სიაში“ მოხვდება.

წერილობით ეცნობა ასევე მშენებელ კომპანიებს, რომ ობიექტებთან ბანერები განათავსონ.

უსახური შენობები, აფრასიონ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, კერძო პირების საკუთრებაშია. ამ შემთხვევაში მერია მათ აცნობებს, რომ შენობის იერ-სახე მოაწესრიგონ. სხვა მექანიზმი ამ სამსახურს არ გააჩნია.

რაც შეეხება მიწათმოწყობისა და განაშენიანების გენერალურ გეგმებს, სამსახურს შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავს.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის შეფასებით, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა „სტამბის ფუნქცია შეითავსა,“ რადგან მისი თქმით, კომპანიებთან მიწერა-მოწერა არასაკმარისია და ქმედითი ღონისძიებები – დასაბუთებული საჯარიმო სანქციები კომპანიების მიმართ არ გატარებულა.

თემურ ფცქიალაძემ, მიხეილ ჭიპაშვილმა, ნიკოლოზ მაღრაძემ და ვახტანგ ტალახაძემ, როგორც თავად აღნიშნეს, უკეთესის მოლოდინით, მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.